ცნობისმოყვარეობა და სამყაროს საოცრებათა აღმოჩენის სურვილი ხშირად უცხო, ეგზოტიკურ მხარეებში გვამოგზაურებს, თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, უმეტეს შემთხვევაში მაინც მშობლიურ მხარეში, საკუთარ სახლში გვაბრუნებს. ამ თვის ჟურნალ OK-ს ფოკუსში სპორტი მოხვდა. მე კი, ადამიანს, რომელსაც ამ სფეროს მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ მწირი ცოდნა და კიდევ უფრო ნაკლები სიყვარული გამაჩნია, გადავწყვიტე დამეწერა ქალზე, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა პირველმა. დღეს მე მოგიყვებით ქალზე, რომელმაც სპორტის მიღმა შთააგონა სხვა ქალები და სიძლიერის, დამოუკიდებლობისა და გამბედაობის მაგალითი შექმნა. ჩემთვის ეთო ლიპარტელიანი სწორედ ასეთი, განსაკუთრებული პერსონაა და აი რატომ…
როგორც გითხარით, ჩემმა ცნობისმოყვარეობამ ქალების ძალის ძიებაში მართლაც უამრავ უცხო მხარეში მამოგზაურა, აღმომაჩენინა ქალები, რომლებმაც მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალეს, მაგრამ ბოლოს მაინც სახლში დამაბრუნა და უდიდესი სიამაყით ამავსო. ჩვენ ხომ ის ქვეყანა ვართ, სადაც პარლამენტის წევრი ქალები ჯერ კიდევ მაშინ გვყავდა, როდესაც ევროპაში ქალები ხმის მიცემის უფლებისთვის იბრძოდნენ. ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც საუკუნეების წინ თამარ მეფე გვყავდა – დიახ, მეფე და არა დედოფალი! არასდროს დავიღლები მარო მაყაშვილის, კატო მიქელაძისა და სხვა გამაოგნებელი სიძლიერის მქონე ქალების ჩამოთვლით.
არა, ბატონო, ფემინისტი არ გახლავართ. უბრალოდ, ქალების სიძლიერის მჯერა. მჯერა თანაც ისე, რომ ხშირად ვსვამ კითხვას: როგორი იქნებოდა სამყარო, ქალებს რომ ემართათ? მე ჭკვიანი ქალების მწამს და ზუსტად ვიცი რომ „სუსტი სქესი“ ბუნებაში არ არსებობს.
არ იფიქროთ, რომ კაცების ძალის არ მჯერა – არამც და არამც… პირიქით, მე ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობების მწამს და ზუსტად ვიცი, რომ მთების გადადგმა ყველას შეუძლია – სქესის, სარწმუნოების, ასაკისა თუ ეროვნების გარეშე. თუმცა უთანასწორობა რომ არსებობს, ამაზე მოდი, ნუ ვიდავებთ. თუ პირქუშ სტატისტიკას შევხედავთ, დღესაც კი , მსოფლიოში 130 მილიონი გოგონა განათლების გარეშეა დარჩენილი. წარმოიდგინეთ, დღესაც კი, ყოველდღიურად 39 ათასი არასრულწლოვანი გოგო დგება იძულებითი ქორწინების საფრთხის წინაშე.
მაგრამ მე მაინც ჯიუტად და ნონკონფრომისტულად მჯერა, რომ ქალებს ყველაფერი შეუძლიათ. და სწორედ ამ დიდ, ისტორიულ და სოციალურ ჯაჭვში, ეთო ლიპარტელიანის ყოველი გამარჯვება არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელსაც ის სხვა ქალებისთვის დგამს.

ეთო, მინდა ერთი წამით თვალები დახუჭო და ბავშვობაში დაბრუნდე… წარმოიდგინე პატარა გოგონა ლენტეხიდან, რომელმაც ჯერ კიდევ არაფერი იცის მსოფლიო ჩემპიონატებზე, ოლიმპიადებზე, დიდ ტკივილებსა თუ გამარჯვებებზე. რას ეტყოდი მას?
ვეტყოდი, რომ არ შეეშინდეს ოცნების. ვეტყოდი, რომ წინ იქნება დღეები, როცა ძალიან დაიღლება, იტირებს, იფიქრებს, ღირს თუ არა გაგრძელება, მაგრამ არ დანებდეს. ყველა ცრემლი, ყველა მარცხი და ყველა რთული დილა ერთ დღეს მის ძალად გადაიქცევა. ვეტყოდი, რომ მედლებსა და ტიტულებზე მეტად ისაა მნიშვნელოვანი, თუ როგორ ადამიანად ჩამოგაყალიბებს ეს გზა… გახდები ძლიერი, მებრძოლი და უფლის მადლიერი.
და კიდევ ერთ რამეს ვეტყოდი: „ეთო, შენ ჯერ ვერ ხვდები, მაგრამ შენი პატარა ოცნება ერთ დღეს ბევრ ადამიანს შთააგონებს. ამიტომ ირწმუნე საკუთარი თავის მაშინაც კი, როცა სხვებს ეჭვი შეეპარებათ“.
საქართველოში ძიუდო დიდი ხანის განმავლობაში ასოცირდებოდა „კაცურ“ სპორტთან. პირადად შენ თუ შეჯახებიხარ ამ სტერეოტიპს კარიერის დასაწყისში და რა არის შენი პასუხი მათთვის, ვისაც დღესაც კი ჯიუტად ჰგონია, რომ ჭიდაობა ქალის საქმე არ არის?
დიახ, კარიერის დასაწყისში სტერეოტიპებს მეც შევჯახებივარ. ბევრს ეგონა, რომ ძიუდო მხოლოდ კაცების სპორტია, მაგრამ ტატამზე სქესი არ ჭიდაობს! იქ შრომა, ხასიათი და მონდომება იმარჯვებს. ვფიქრობ, ქალსაც და კაცსაც თანაბრად შეუძლია იყოს ძლიერი, მიზანდასახული და წარმატებული.
ვინ არის ეთო ტატამზე და ვინ არის ეთო ჩვეულებრივ ცხოვრებაში?
ტატამზე ეთო არის მებრძოლი, კონცენტრირებული და შეუპოვარი. ჩვეულებრივ ცხოვრებაში კი ვარ მზრუნველი, მოსიყვარულე მეუღლე, ოჯახის ერთგული წევრი და ადამიანი, რომელსაც ახლობლებთან დროის გატარება ძალიან უყვარს. თუმცა ორივე შემთხვევაში ერთი რამ უცვლელია – ყოველთვის ვცდილობ ვიყო ნამდვილი და საკუთარი თავის ერთგული.

სპორტში გამარჯვებას ბევრი ტაში და ოვაციები მოჰყვება ხოლმე, მაგრამ მარცხს სპორტსმენები ძირითადად მარტო უმკლავდებიან. ასეთ დროს, რა არის შენი მთავარი თერაპია?
დიახ, ხშირად ადამიანები მხოლოდ მედალს და გამარჯვებას ხედავენ, მაგრამ ვერ ხედავენ იმას, თუ რა დგას ამ ყველაფრის უკან. ვერ ხედავენ იმ დილებს, როცა დაღლილი იღვიძებ და მაინც ვარჯიშზე მიდიხარ, საკუთარ თავთან ყოველდღიურ ბრძოლას, დისციპლინას, ტკივილს და წლების განმავლობაში დაღვრილ ოფლს. მარცხიც სპორტის ნაწილია და მასთან გამკლავებაც უნდა ისწავლო. მეც მტკივა მარცხი, მაგრამ ვცდილობ, არ გავექცე ამ ემოციას. ვაანალიზებ, რა უნდა გავაუმჯობესო და ისევ ვაგრძელებ მუშაობას. ასეთ დროს ჩემი მთავარი თერაპია ოჯახი, ახლობლები და ვარჯიშია. ისინი მახსენებენ, რომ ერთი შედეგი არ განსაზღვრავს ჩემს გზას. საბოლოოდ მივხვდი, რომ ჩემპიონს მხოლოდ გამარჯვებები კი არ ქმნის, არამედ ის, თუ როგორ დგება ფეხზე მარცხის შემდეგ და აგრძელებს ბრძოლას.
გამარჯვებებისა და მედლების მიღმა არის უამრავი ვარჯიში, ტკივილი და ტრავმები. რა არის ყველაზე დიდი მსხვერპლი, რაც ამ სპორტს შესწირე?
ამ სპორტში ყველაზე დიდი მსხვერპლი ჩემთვის არის ოჯახი და მონატრება, რომელიც წლებია ჩემში ცხოვრობს. 10 წლისას მომიწია ჩემი სახლიდან, ჩემი სვანეთიდან წამოსვლამ და ოჯახის დატოვებამ. ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ გზა, რომელიც ავირჩიე, მსხვერპლს მოითხოვდა. დღემდე ეს მონატრება ისევ ჩემთან არის… ყოველი ვარჯიშისას, ყოველი შეჯიბრებისას. ხშირად ყველაზე რთული ფიზიკური ტკივილი ან უდიდესი დატვირთვა კი არ არის, არამედ ის, რომ ამ ყველაფრის გაზიარებას ოჯახთან ერთად ვერ ვახერხებ. ყველაზე დიდი მსხვერპლი, რაც ამ სპორტს შევწირე, სწორედ ოჯახის მონატრებაა. მაგრამ ეს მონატრება გახდა ჩემი ძალა იმიტომ, რომ ყოველ გამარჯვებაში მათაც ვგრძნობ ჩემ გვერდით.

როდესაც დარბაზი ფეხზე დგება და ათასობით ადამიანი შენს სახელს ყვირის, გონებაში მაინც ვისი ხმა გესმის ყველაზე მკაფიოდ? ვის ეძებ თვალებით ტრიბუნებზე გამარჯვების პირველივე წამს?
პირველ რიგში, ჩემს მეუღლეს ვეძებ თვალებით. მან ყველაზე კარგად იცის, რა გზას გავდივარ, რამდენი შრომა, რამდენი ტკივილი და რამდენი წნეხი დგას თითოეული გამარჯვების უკან. ის ჩემთან ერთად გადის ამ ყველაფერს. ვიცი, რომ ყოველი ჩემი წარმატება მისთვისაც ძალიან დიდი ბედნიერებაა. და იმ მომენტში, როცა ვიმარჯვებ, ყველაზე მეტად მინდა დავინახო მისი სახე, მისი ღიმილი, ან თუნდაც სიხარულისგან ცრემლიანი თვალები… იმიტომ, რომ იმწამს ვხვდები, რომ ეს გამარჯვება მხოლოდ ჩემი კი არა, ჩვენი საერთო ისტორიაა!..
სპორტული ჟურნალისტიკის თვის ფარგლებში მინდა როლები გავცვალოთ: ერთი წამით ჟურნალისტად წარმოიდგინე თავი. რას ჰკითხავდი ეთო ლიპარტელიანს ისეთს, რაც ჯერ არავის უკითხავს?
ჩემს თავს ვკითხავდი: „თუ შენს კარიერას ერთი ბრძოლა განსაზღვრავდა, რომელ შეხვედრას აირჩევდი და რატომ?“
პასუხი კი ასეთი იქნებოდა: ალბათ ავირჩევდი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს, რომელიც მოვიგე და ოლიმპიურ ბრძოლებს, რომლებიც წავაგე. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ჩემთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ემოციური გამოცდილება. მაგრამ ოლიმპიური ბრძოლები, რომლებიც წავაგე… ეს არის ის ნაწილი, რომელმაც ყველაზე მეტი რამ მასწავლა. მარცხი არის ის სარკე, სადაც საკუთარ თავს უფრო მკაფიოდ ხედავ. ის გეუბნება, რა უნდა შეცვალო, სად უნდა გაიზარდო და რამდენად ძლიერი უნდა გახდე შემდეგისთვის. დღეს ვუყურებ იმ ბრძოლებს არა როგორც წაგებას, არამედ როგორც აუცილებელ გზას. იმიტომ, რომ სწორედ იმ გამოცდილებამ ჩამომაყალიბა იმ სპორტსმენად, ვინც დღეს ვარ.

ტატამი შენთვის ყოველთვის იყო ბრძოლისა და ფიზიკური ტკივილის სიმბოლო. თუმცა, დადგა დღე, როცა ეს სივრცე შენს ცხოვრებაში ყველაზე თბილ და რომანტიკულ ადგილად იქცა, როდესაც ტატამზე თემურ ნოზაძემ ხელი გთხოვა. დღეს, როცა ტატამზე გადიხარ საბრძოლველად, გახსენდება თუ არა ის წამი?
კი… ეს ყველაფერი ისევ მკაფიოდ მახსოვს. ტატამი ჩემთვის ყოველთვის ნამდვილად იყო ბრძოლის, ტკივილისა და გამოწვევების ადგილი… მაგრამ ერთ დღეს იქ მოხდა ის, რამაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა, გამარჯვების შემდეგ თემურმა ხელი მთხოვა. იმ წამიდან ეს სივრცე გახდა ადგილი, სადაც ჩემი ცხოვრება სხვა მიმართულებით შეიკრა – სიყვარულით, რწმენითა და ერთიანობით. და სწორედ იმავე დარბაზში, ორი წლის შემდეგ, მე გავხდი პირველი ქალი ევროპის ჩემპიონი. ეს არ იყო უბრალოდ გამარჯვება… ეს იყო გზა, რომელიც სიყვარულით გავიარე. მჯერა, რომ სიყვარული და რწმენა მაძლიერებს. ჩვენი 12-წლიანი ისტორია იქ, ტატამზე, ერთ მთლიანობად გადაიქცა ბრძოლად, მხარდაჭერად და მიზნად.
რას ნიშნავს ორი ძიუდოისტის ოჯახი? სახლშიც სულ სპორტზეა საუბარი?
ორი ძიუდოისტის ოჯახი ნიშნავს, რომ შენ გვერდით გყავს ადამიანი, ვინც შენს ბრძოლას არა მხოლოდ უყურებს, არამედ გრძნობს და ცხოვრობს მასთან ერთად. სწორედ ეს არის უდიდესი მხარდაჭერა და გვერდში დგომა.
ძიუდოისტი რომ არ ყოფილიყავი, ვინ იქნებოდა ეთო ლიპარტელიანი დღეს?
ალბათ ძიუდოისტი რომ არ ვყოფილიყავი, მაინც ისეთ გზას ავირჩევდი, სადაც საკუთარ თავს მუდმივად გამოვცდიდი. მე არ ვარ ადამიანი, ვინც მშვიდ და მარტივ ცხოვრებას ირჩევს. ყოველთვის მჭირდება მიზანი, გამოწვევა და ბრძოლა. შეიძლება ეს იყოს სპორტის მიღმა სფერო, მაგრამ აუცილებლად იქ, სადაც შრომა შედეგს ქმნის და სადაც საკუთარ თავზე გამარჯვება ყოველდღიური პროცესია. ჩემთვის მთავარი არ არის ფორმა… მთავარი არის ის, რომ არასდროს გავჩერდე.

ფოტო: ზურაბ კაკუტაშვილი
პროექტი: თამთა დალაქიშვილი
ტექსტი: თაკო დარახველიძე
მაკიაჟი: სოფია საენკო
სტუდია: Vangal Studio

12 hours ago
11







English (US) ·
Georgian (GE) ·