მეღვინეობა „ავანდი“-ს ისტორია რამდენიმე თაობის შრომას, გამოწვევებსა და განვითარების ახალ ეტაპებს აერთიანებს. 1970 წელს აშენებული ქარხანა დღეს ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიდგომებს უთავსებს.
„ავანდი“-ს განვითარების გზაზე, შექმნის ისტორიასა და მის მთავარ მიმართულებებზე OK! Magazine-ს მეღვინეობის აღმასრულებელი დირექტორი, დანიილ ნადაშვილი ესაუბრა.

მოგვიყევით „ავანდი“-ს შექმნის ისტორიის შესახებ.
„ავანდი“-ის ისტორია კახეთში იწყება, სადაც ჩვენი ღვინის ქარხანა 1970 წელს აშენდა და თავდაპირველად „სს კარდენახის ღვინის ქარხანი“-ს სახელით იყო ცნობილი. მრავალი წლის განმავლობაში ის საბჭოთა წარმოების მოდელით მუშაობდა, სადაც მთავარი აქცენტი წარმოების მოცულობასა და სტანდარტიზაციაზე კეთდებოდა.
მეოცე საუკუნის 90-იან წლებში მეღვინეობა ნადაშვილების ოჯახმა შეიძინა და ბაზარზე უკვე „ალაზანი“-ს სახელით გამოჩნდა. მეღვინეობის ტრადიცია ჩვენს ოჯახში თაობიდან-თაობაზე გადავიდა.
თავდაპირველად მეღვინეობით იყო დაკავებული დიდი პაპა სიკო, ეს საქმე მისმა შვილმა შალვამ გააგრძელა, შემდგომში მეღვინეობას სათავეში მამაჩემი, სიმონი ჩაუდგა და ახლა მეც ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო საოჯახო საქმიანობის განვითარებაში.
2006 წელს ემბარგომ ჩვენი მთავარი ბაზარი დახურა და წარმოება მთლიანად შეჩერდა. ხოლო ის, რაც თავდაპირველად დასასრულად ჩანდა, საბოლოოდ ახალი ეტაპის დასაწყისი გახდა.
2017 წელს გადავწყვიტეთ, ღვინის ქარხნისთვის ახალი სიცოცხლე მიგვეცა. შევინარჩუნეთ ძველი კედლები, რომლებიც ათწლეულების ისტორიას ინახავდა, თუმცა მათ შიგნით თითქმის ყველაფერი თავიდან ავაშენეთ. სრულად განახლდა საწარმოო ინფრასტრუქტურა, ქარხანა აღიჭურვა Della Toffola-ს თანამედროვე იტალიური დანადგარებით.
დროთა განმავლობაში ჩვენ გავაკეთეთ მეღვინეობის რებრენდინგი და დღეს საქართველოს ბაზარზე „ავანდი“-ს სახელით ვპოზიციონირებთ, რომელიც „ავანდი“-სა და „ავანდარ“-ის ეტიკეტით არის წარმოდგენილი. ორივე ხაზი უმაღლესი სტანდარტების დაცვით იქმნება, თუმცა თითოეულ მათგანს თავისი განსხვავებული ხასიათი და სტილი აქვს.
ბაზრის დივერსიფიკაციის შედეგად კი დღესდღეობით 15 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილები.

რა განასხვავებს „ავანდი“-ს სხვა ღვინის მეღვინეობებისგან?
„ავანდი“-ს გამორჩეულობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ტრადიციასა და ტექნოლოგიას ერთმანეთის საპირისპიროდ არ განვიხილავთ. გვჯერა, რომ მათ ერთმანეთის გაძლიერება შეუძლიათ.
ერთი ჭერქვეშ გვაქვს თანამედროვე იტალიური საწარმოო ხაზი და 89 ქვევრისგან შემდგარი მარანი, რომელიც გაგრილების სისტემით არის აღჭურვილი. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, შევინარჩუნოთ ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდის ავთენტურობა და ამავდროულად, წარმოების პროცესში მაღალი სიზუსტე და კონტროლი უზრუნველვყოთ.
ქართული ენდემური ვაზის ჯიშებისგან 13 სახეობის ქვევრის და 53 სახეობის კლასიკურ ღვინოს ვაწარმოებთ. თითოეული მათგანი სრულად გამოხატავს საკუთარ ხასიათს, ისტორიასა და მიწასთან კავშირს.
ჩვენთვის ქვევრი ვიზუალური სიმბოლო ან მარკეტინგული ისტორიის ნაწილი არ არის. ის ცოცხალი პროცესია, რომელიც ცოდნას, მოთმინებასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ქვევრი გვაკავშირებს ქართველ მეღვინეთა მრავალ თაობასთან, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგია საბოლოო პროდუქტის ხარისხისა და სტაბილურობის დაცვაში გვეხმარება.
როგორ დაახასიათებდით ადამიანებსა და გუნდს, რომელიც ბრენდის უკან დგას?
„ავანდი“ ოჯახური ღვინის საწარმოა და ეს ოჯახური დამოკიდებულება ჩვენი გუნდის მუშაობაშიც მკაფიოდ იგრძნობა.
თითოეული ბოთლის უკან მრავალი ადამიანი დგას: ისინი, ვინც ვენახს უვლიან, ყურძენს კრეფენ, ღვინოს ქმნიან, ხარისხს აკონტროლებენ, გაყიდვებზე, დისტრიბუციაზე, კომუნიკაციასა და საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობაზე ზრუნავენ. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ჩვენგანს განსხვავებული ფუნქცია აქვს, ყველას ერთი საერთო მიზანი გვაერთიანებს.
ჩვენს მეღვინეობას ალექსანდრე მთივლიშვილი ხელმძღვანელობს. მისი გამოცდილება და ცოდნა ქმნის ღვინოებს, რომლებიც ქართულ ხასიათს ინარჩუნებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი, ადამიანები, რომლებთანაც ვმუშაობთ, და ის ემოცია, რომელსაც მომხმარებელი „ავანდი“-ს ბოთლის გახსნისას იღებს.

როგორ აღწერდით „ავანდი“-ს ღვინოების სტილსა და ხასიათს?
სანამ ჩვენს ბრენდს სახელს შევუცვლიდით, დიდხანს ვფიქრობდით, როგორი სახელწოდება შეძლებდა როგორც ჩვენი ბრენდის, ისე ღვინოების სტილისა და ხასიათის გადმოცემას. სიტყვა „ავანდი“ ძველ ქართულად „წესს“ ნიშნავს, რაც ხაზს უსვამს ჩვენს მთავარ პრინციპს – თითოეული ღვინო, ქვევრის ტრადიციული მეთოდით თუ კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული, იქმნება იმ წესებისა და სტანდარტების დაცვით, რომლებიც მაღალი ხარისხის ღვინის შექმნის საფუძველია.
რა გზავნილი გსურთ, რომ ადამიანებს „ავანდი“-ს შესახებ დაამახსოვრდეთ?
გვინდა, ადამიანებს ახსოვდეთ, რომ ქართული ღვინო მხოლოდ ისტორიის ნაწილი არ არის. ის ცოცხალი კულტურაა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან კვლავაც აკავშირებს.
„ავანდი“-ს თითოეული ბოთლის უკან დგას ადამიანების ისტორია, რომლებმაც გადაწყვიტეს, ღვინის საწარმო ნულიდან აღედგინათ, შეენარჩუნებინათ ყველაფერი ღირებული და შეექმნათ რაღაც ახალი ისე, რომ საკუთარ ფესვებთან კავშირი არ დაეკარგათ.

23 hours ago
11







English (US) ·
Georgian (GE) ·