დერმატოლოგიური და ესთეტიკური კლინიკა იწყებს ახალ სოციალურ პროექტს – „აკნეს გარეშე“, რომლის მიზანია აკნეს შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სწორი ინფორმაციის გავრცელება და იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვისაც პროფესიონალურ მკურნალობაზე წვდომა ფინანსური მიზეზების გამო შეზღუდული აქვს.
პროექტის ავტორები და ინიციატორები არიან: ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, სალიტა მერკვილაძე და პიარის სპეციალისტი მარიამ პაკაცოშვილი.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 5 სოციალურად დაუცველ ბენეფიციარს კლინიკაში სრულიად უსასყიდლოდ უმკურნალებენ.
თითოეული მონაწილე მიიღებს სრულფასოვან დერმატოლოგიურ შეფასებას, ინდივიდუალურად შედგენილ მკურნალობის გეგმასა და მკურნალობის პროცესში პროფესიონალურ მეთვალყურეობას.

აკნე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კანის დაავადებაა, რომელიც მხოლოდ ფიზიკურ დისკომფორტს არ იწვევს. ის ხშირად გავლენას ახდენს ადამიანის თვითშეფასებაზე, ემოციურ მდგომარეობასა და სოციალურ ცხოვრებაზე. სწორედ ამიტომ პროექტის მთავარი გზავნილია, რომ აკნე არ არის პრობლემა, რომლის დამალვაც საჭიროა – ეს არის მდგომარეობა, რომელსაც სწორი დიაგნოსტიკითა და თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობებით ეფექტურად შეიძლება მართვა.
პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, საზოგადოებაში ჯერ კიდევ მრავლადაა მცდარი წარმოდგენები აკნეს შესახებ. სწორედ ამიტომ, „აკნეს გარეშე“ მხოლოდ სამკურნალო ინიციატივა არ არის – ეს არის საგანმანათლებლო და სოციალური კამპანია, რომელიც ხელს შეუწყობს სწორი ინფორმაციის გავრცელებას და ადამიანებს პროფესიონალური დახმარებისკენ მოუწოდებს.
სალიტა მერკვილაძე ამბობს, რომ პროექტი „აკნეს გარეშე“ არის ინიციატივა, რომელიც აერთიანებს პროფესიონალიზმს, სოციალურ პასუხისმგებლობასა და საზოგადოების მხარდაჭერის სურვილს. პროექტის მთავარი იდეა მარტივია – ჯანმრთელი კანი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ხოლო დროული მკურნალობა ადამიანს არა მხოლოდ კანის, არამედ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაშიც ეხმარება.
პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებრივი კამპანიაა. სალიტა მერკვილაძის პირადი ბრენდ მენეჯერი და კლინიკის PR სპეციალისტი, მარიამ პაკაცოშვილი, საზოგადოებისთვის საინტერესო ინიციატივით გამოდის და ცნობილ ადამიანებს ჩელენჯში ჩართვას სთავაზობს.
ჩელენჯის ფარგლებში სელებრითები საკუთარ გამოცდილებას გააზიარებენ – ისაუბრებენ, ჰქონიათ თუ არა აკნესთან დაკავშირებული გამოწვევები, როგორ გაუმკლავდნენ ამ პრობლემას და რას ურჩევენ იმ ადამიანებს, რომლებიც დღესაც ებრძვიან კანის ამ დაავადებას. კამპანიის მიზანია სტიგმის შემცირება, რეალური ისტორიების გაზიარება და იმის ჩვენება, რომ აკნე არავის არჩევს და დახმარების თხოვნა სირცხვილი არ არის.
okmagazine ცხოვრების სტილი