#OK! „ამივანტამაბი” – ახალი პრეპარატი, რომელმაც პაციენტებში რეზისტენტული სიმსივნეები სრულად გააქრო

1 week ago 18

მსოფლიოს 11 ქვეყანაში ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატმა „ამივანტამაბმა“ (Amivantamab) იმედისმომცემი შედეგები აჩვენა – ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში მან სიმსივნის სრული გაქრობა შეძლო.

The Guardian-ის ინფორმაციით, კვლევაში მონაწილეობდა თავისა და კისრის კიბოს მქონე 102 პაციენტი, რომელთა დაავადებაც უკვე რეზისტენტული იყო ტრადიციული მკურნალობის მეთოდების მიმართ. შედეგების მიხედვით, 43 პაციენტთან სიმსივნე ან სრულად გაქრა, ან მნიშვნელოვნად შემცირდა – მათ შორის 28 შემთხვევაში შემცირება საგრძნობი იყო, ხოლო 15 პაციენტში დაავადება მთლიანად გაქრა.

ანალოგიური დადებითი შედეგები დაფიქსირდა ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებშიც. ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტის პროფესორმა კევინ ჰარინგტონმა აღნიშნულ შედეგებს „უპრეცედენტოდ ძლიერი რეაქცია“ უწოდა იმ პაციენტებში, რომელთა დაავადებაც ქიმიოთერაპიასა და იმუნოთერაპიას აღარ ემორჩილებოდა.

მისი თქმით, ამ მკურნალობას პოტენციურად შეუძლია ყოველწლიურად ათასობით პაციენტს მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანოს.

კვლევის მონაცემებით, პაციენტებმა, რომლებმაც პრეპარატი მიიღეს, მკურნალობის დაწყებიდან საშუალოდ 12,5 თვე იცოცხლეს – მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოზი მძიმე პროგნოზს გულისხმობდა. კიბოს კვლევის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტიან ჰელინმა აღნიშნა, რომ ეს შედეგები მკაფიოდ აჩვენებს ახალი თერაპიული მიდგომების მნიშვნელობას და პერსონალიზებული მკურნალობის განვითარების პოტენციალს.

Personalized cancer vaccine shows promising long-term results

„ამივანტამაბი“ კიბოს უჯრედებზე სამმაგი მექანიზმით მოქმედებს: ის ბლოკავს EGFR და MET სასიგნალო გზებს, რომლებიც სიმსივნის ზრდასა და გადარჩენას უწყობს ხელს, და ამავდროულად აძლიერებს იმუნური სისტემის რეაქციას.

ამ ეტაპზე პრეპარატი დაახლოებით 60 კლინიკურ კვლევაშია ჩართული და ტესტირდება ფილტვის, კოლორექტული, ტვინისა და კუჭის კიბოს სხვადასხვა ფორმის წინააღმდეგ. ასევე მიმდინარეობს მისი შეფასება სხვა ონკოლოგიურ მიმართულებებშიც, რაც მომავალში მისი გამოყენების არეალის გაფართოების შესაძლებლობას აჩენს.

აღსანიშნავია, რომ პრეპარატი კანქვეშ ინიექციის სახით კეთდება, რაც მკურნალობას უფრო სწრაფსა და პაციენტისთვის კომფორტულს ხდის, ვიდრე ინტრავენური თერაპიები.

COVID-19-ის გართულებები შესაძლოა ბევრად უფრო ფართო სპექტრით გამოვლინდეს, ვიდრე ადრე გვეგონა“ - რაზე წერს გიორგი ფხაკაძე - რადიო ფორტუნა / Fortuna.ge

ახალ აღმოჩენას ქართველი ექიმი და პროფესორი გიორგი ფხაკაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატ „ამივანტამაბის“ შესახებ გავრცელებული შედეგები იმედისმომცემია, თუმცა მათი შეფასებისას ზედმეტი აჟიოტაჟი უნდა იქნას თავიდან აცილებული.

მისი თქმით, ონკოლოგიაში ტერმინი „გარღვევა“ ყოველთვის სიფრთხილით უნდა გამოიყენებოდეს, რადგან კიბოს უნივერსალური მკურნალობა ამ ეტაპზე არ არსებობს. მიუხედავად ამისა, კლინიკური კვლევების გარკვეული შედეგები მართლაც მიუთითებს მკურნალობის ახალი ეტაპის განვითარებაზე.

ფხაკაძე განმარტავს, რომ იმ პაციენტებში, რომელთაც სტანდარტულ თერაპიაზე აღარ ჰქონდათ პასუხი, ამივანტამაბმა ზოგ შემთხვევაში გამოიწვია როგორც სიმსივნის მნიშვნელოვანი შემცირება, ისე მისი სრული გაქრობაც. თუმცა ეს არ ნიშნავს დაავადების სრულ დამარცხებას და საჭიროებს ხანგრძლივ მონიტორინგს.

მისი შეფასებით, ეს შედეგები აჩვენებს, რომ თანამედროვე ონკოლოგია სულ უფრო მეტად გადადის პერსონალიზებული და მიზნობრივი მკურნალობის მიმართულებით.

მიუხედავად იმედისმომცემი შედეგებისა, მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ საბოლოო დასკვნებისთვის საჭიროა უფრო ფართომასშტაბიანი და გრძელვადიანი კვლევები, თუმცა არსებული მონაცემები უკვე განიხილება როგორც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი თანამედროვე ონკოლოგიაში.

Cost-effective cancer vaccine offers promise for prevention, treatment | ASU News

სრულად წაკითხვა