ფილმის Couture თრეილერმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჰოლივუდის ვარსკვლავი, ოსკაროსანი ანჯელინა ჯოლი, ეკრანზე ახალი დრამატული ფილმით, Couture ბრუნდება, რომლის ოფიციალური თრეილერიც ახლახან გამოვიდა და უკვე ფართო განხილვის საგნად იქცა. მსახიობის დაბრუნება განსაკუთრებით ხმაურიანად შეფასდა, რადგან მას ბოლო წლებში შედარებით იშვიათად ჰქონდა მთავარი როლები. სწორედ ამიტომ, Couture ბევრისთვის აღიქმება, როგორც მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრუნება, რომელიც არა მხოლოდ კარიერულ, არამედ ემოციურ კონტექსტშიც გამოირჩევა.
ფილმის რეჟისორია ფრანგი კინემატოგრაფისტი Alice Winocour, რომელიც ცნობილია ქალებზე ფოკუსირებული ემოციური დრამებით. ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს: Couture მოქმედება ვითარდება პარიზის მაღალი მოდის – მოდის ჩვენების ფონზე და გვიყვება ისტორიას ადამიანებზე, რომელთა ცხოვრება ბრწყინვალე სამყაროს მიღმა მძიმე რეალობებით ივსება. ჯოლი ფილმში ასრულებს მაქსინის როლს – ამერიკელი რეჟისორის, რომელიც პარიზში მოდის კვირეულზე სამუშაო პროექტით ჩადის, თუმცა მალევე მის ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებები იწყება. სიუჟეტის მიხედვით, პერსონაჟი იღებს მძიმე დიაგნოზს, რაც მის პირად და პროფესიულ ცხოვრებას სრულიად ცვლის.
Couture – ში ერთ-ერთ მთავარ როლს ფრანგი მსახიობი Louis Garrel ასრულებს, რომელიც ჯოლის პერსონაჟის ახლო თანამშრომლისა და ემოციური პარტნიორის როლში გვევლინება. ერთ-ერთ სცენაში ის ჯოლის პერსონაჟს ეუბნება, რომ “ყველაფერი ვერ იქნება იდეალური, მაგრამ ცხოვრება მაინც უნდა გაგრძელდეს” – ფრაზა ფილმის ერთ-ერთ მთავარ ემოციურ ხაზად შეფასდა. გარელი თანამედროვე ფრანგული კინოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახედ ითვლება და მაყურებელი მას ფილმებიდან The Dreamers და Little Women იცნობს.
ფილმი პარალელურად რამდენიმე ქალის ისტორიას აერთიანებს – მათ შორის ახალგაზრდა მოდელისა და მაკიაჟის არტისტის, რომლებიც მოდის ინდუსტრიის კულისებში საკუთარ გზას და ბრძოლას გადიან. ის თითქოს უხილავი პერსონაჟია, თუმცა სწორედ მისი პერსპექტივიდან ჩანს ინდუსტრიის ყველაზე რეალური მხარე. სიუჟეტი ეხება იდენტობას, ქალების გამოცდილებებსა და მაღალი მოდის სამყაროს ფარულ წნეხს. ფილმში ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟია ახალგაზრდა აფრიკელი მოდელი, რომელიც პარიზის მოდის სამყაროში ადგილის დამკვიდრებას ცდილობს. მისი ხაზი ეხება ინდუსტრიაში ძალაუფლებას, გარეგნობაზე ზეწოლასა და იდენტობის დაკარგვის შიშს.
უცხოური მედია Couture-ს პირველ რიგში სწორედ ანჯელინა ჯოლის დიდ ეკრანზე დაბრუნებად აფასებს. გამოცემა People წერს, რომ ეს მსახიობის “ყველაზე პირადი როლია” ბოლო წლებში, რადგან ფილმში მისი პერსონაჟიც მძიმე დიაგნოზის წინაშე დგება – თემა, რომელიც თავად ჯოლის რეალურ ცხოვრებასაც უკავშირდება. მსახიობის პერსონაჟი, მაქსინი, მხოლოდ რეჟისორი არ არის – ის ქალია, რომელიც კარიერის პიკზე ყოფნის დროს პირადი კრიზისის წინაშე დგება.
:max_bytes(150000):strip_icc():focal(680x296:682x298)/angelina-jolie-couture-010726-1-e154590c509644c3b7fe0dc059cffc71.jpg)
უცხოური მედია წერს, რომ მისი გმირი “ძლიერისა და დაუცველის ერთდროული კომბინაციაა”, რაც ჯოლის რეალურ იმიჯსაც ძალიან ეხმიანება. ბრიტანული The Guardian ყურადღებას ამახვილებს ჯოლის შესრულებაზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ფილმის მიმართ შერეული შეფასებებისა, მსახიობის თამაში “გულწრფელი და ემოციურად ძლიერი” აღმოჩნდა. ფრანგული მედია კი განსაკუთრებით უსვამს ხაზს იმას, რომ რეჟისორმა Alice Winocour-მა მაღალი მოდის ინდუსტრიის ბრწყინვალე სამყაროს მიღმა არსებული ტკივილი და პირადი დრამები აჩვენა. გამოცემა Le Monde-ს მიხედვით Couture გლამურსა და ადამიანურ ტრავმებს შორის ზღვარს შლის. ფილმის მიმართ ინტერესი მოდის ინდუსტრიაშიც დიდია. Vogue Espana-ს შეფასებით, Couture არა მხოლოდ მოდის დრამაა, არამედ ემოციური ისტორია ქალებზე, იდენტობასა და გადარჩენაზე, რომლის ცენტრიც სწორედ ანჯელინა ჯოლის პერსონაჟია.
კრიტიკოსების შეფასებით, ჯოლის პერსონაჟი ფილმის ემოციური ცენტრია, ხოლო მისი და სხვა ქალების ისტორიები ერთმანეთთან ისე იკვეთება, რომ Couture საბოლოოდ ქალების გადარჩენასა და შინაგან ძალაზე გადადის.
ფილმი უკვე შეფასებულია როგორც ემოციურად მძიმე და ვიზუალურად დახვეწილი დრამა, რომელიც პარიზის მოდის ინდუსტრიას სრულიად განსხვავებული, ადამიანური კუთხით აჩვენებს. Couture-ის ჩვენება კინოთეატრში 26 ივნისს იგეგმება და უკვე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პრემიერად, განსაკუთრებით ანჯელინა ჯოლის დაბრუნების ფონზე. ცნობისთვის, ანჯელინა ჯოლის ბოლო მთავარი კინო-პროექტი Maria იყო, რომელიც 2024 წელს გამოვიდა. ფილმში მსახიობმა მარია კალასის როლი შეასრულა.


11 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·