ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ოსკაროსანმა მსახიობმა და ჰუმანიტარულმა აქტივისტმა ანჯელინა ჯოლიმ რუანდაში ვიზიტის შემდეგ სოციალურ ქსელში ემოციური გზავნილი გაავრცელა. მსახიობმა განსაკუთრებული პატივი მიაგო 1994 წლის ტუტსების გენოციდს გადარჩენილ ქალებს და მათ ისტორიას „ღრმად შთამაგონებელი“ უწოდა.
ჯოლი გიკომეროს სექტორში მდებარე Imboni Cooperative-ს ეწვია – ფერმერულ კოოპერატივს, რომელსაც გენოციდს გადარჩენილი ქალები ერთობლივად მართავენ. პროექტს Legacy of War Foundation-ი უჭერს მხარს და მისი მიზანია, კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ ადამიანებს მიწის საკუთრების მოპოვებასა და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებაში დაეხმაროს.

„ცოტა ხნის წინ Imboni Cooperative-ს ვესტუმრე – ფერმას რუანდაში, რომელსაც ქალები ერთად მართავენ. იქიდან ღრმად შთაგონებული წამოვედი. თითოეულმა ადამიანმა, რომელსაც შევხვდი, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა,“ – დაწერა ჯოლიმ Instagram-ზე.
1994 წლის ტუტსების გენოციდმა 100 დღის განმავლობაში მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გადარჩენილებს კი წლების განმავლობაში საკუთარი ცხოვრებისა და საზოგადოების თავიდან აშენება მოუწიათ.
ვიზიტისას მსახიობმა მოისმინა ქალების ისტორიები, რომლებმაც მრავალი წლის განმავლობაში იჯარით აღებულ ჭაობიან მიწებზე იმუშავეს, რათა ოჯახები ერჩინათ. ისინი დღეში ერთ დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებდნენ და მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ძლიერი წვიმების გამო ხშირად ნადგურდებოდა.

ჯოლის თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში Legacy of War Foundation-ისა და ბრიტანელი ფოტოჟურნალისტის, ჯაილზ დიულის (Giles Duley), მხარდაჭერით ქალებმა მნიშვნელოვანი პროგრესი მიაღწიეს. ფონდი ნაყოფიერ მიწებს ყიდულობს, მათ საკუთრებაში გადასცემს და პარალელურად თანამედროვე, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მიმართულებით ამზადებს.
ამ ინიციატივის შედეგად კოოპერატივის წევრები „დაქირავებული მუშაკებიდან მიწის მფლობელებად“ გადაიქცნენ. მათი შემოსავალი ხუთჯერ გაიზარდა, ხოლო 90-ზე მეტმა ბავშვმა განათლების მიღება შეძლო და სკოლას დაუბრუნდა.
„ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და მადლიერი ვარ იმ დროისთვის, რომელიც მათ ჩვენთან გაატარეს,“ – აღნიშნა მსახიობმა.
ჯოლის თქმით, ეს გამოცდილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მდგრადი განვითარება ყველაზე წარმატებულია მაშინ, როდესაც ცვლილებებს თავად ადგილობრივი საზოგადოება ხელმძღვანელობს.
„ეს იყო ძლიერი შეხსენება იმისა, რომ საუკეთესო გზა ყოველთვის ადგილობრივი ლიდერობაა,“ – წერს ის.
ანჯელინა ჯოლი უკვე მრავალი წელია ჰუმანიტარულ საქმიანობაშია ჩართული და აქტიურად იცავს ლტოლვილებისა და ომებით დაზარალებული ადამიანების უფლებებს. რუანდას ის არაერთხელ სტუმრობდა სხვადასხვა ჰუმანიტარული და განვითარების პროექტის მხარდასაჭერად.


6 days ago
34







English (US) ·
Georgian (GE) ·