#OK! ახალი ენის ძიება – რატომ იზრდება საქართველოში უცხო ენების შესწავლის მიმართ ინტერესი

1 week ago 51

უცხო ენის ცოდნა თანამედროვე სამყაროში მხოლოდ დამატებითი უნარი აღარ არის –  ის განათლების, კარიერული განვითარების, მოგზაურობისა და ახალი კულტურების აღმოჩენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობად იქცა. თუ წლების წინ საქართველოში უცხო ენების არჩევანი ძირითადად ინგლისურითა და რამდენიმე ფართოდ გავრცელებული ენით შემოიფარგლებოდა, დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ფრანგულით, ესპანურით, კორეულითა და სხვა ენებით.

ენის სწავლა უკვე მხოლოდ გრამატიკისა და სიტყვების დამახსოვრებას აღარ ნიშნავს – ხშირად ის კონკრეტული ქვეყნის კულტურის, მუსიკის, კინოს, ლიტერატურისა და ცხოვრების სტილის გაცნობის სურვილიდან იწყება. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში საქართველოში უცხო ენების პედაგოგები მზარდ ინტერესს აფიქსირებენ და ამბობენ, რომ ადამიანებს ახალი ენის შესწავლის მიმართ განსხვავებული მოტივაციები აქვთ – ზოგისთვის ეს პროფესიული წინსვლის გზაა, ზოგისთვის კი საყვარელი კულტურის უფრო ახლოს გაცნობის შესაძლებლობა. ენების შესწავლასთან დაკავშირებულ საკითხებზე OK!-სთან ინტერვიუში ესპანური ენის პედაგოგი – სანდრო გოცირიძე, ფრანგული ენის პედაგოგი – ელენე სვანიძე და კორეული ენის პედაგოგი – თამარ კიკაჩეიშვილი გვესაუბრებიან უფრო ვრცლად.

სანდრო გოცირიძე ესპანურ ენას ათი თვეა ასწავლის, თუმცა ამბობს, რომ ამ საქმიანობის მთავარი მოტივაცია სწორედ იმ ენის გაზიარებაა, რომელიც თავად განსაკუთრებულად უყვარს.

„ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესია, ასწავლო სხვებს ის, რაც თავად ასე ძალიან გიყვარს. ესპანური ენა რაღაცნაირად მაგიურია – ერთხელ რომ მოგაჯადოებს, რთულია დაეხსნა. მეც ამ მოჯადოების ქვეშ ვიყავი და ვარ დღემდე და ვცდილობ, ეს მაგიურობა ჩემმა მოსწავლეებმაც დაინახონ“, – ამბობს ის.

მისი თქმით, ესპანურის მიმართ ინტერესი საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის მიზეზად სანდრო რამდენიმე ფაქტორს ასახელებს – ემიგრაციას, განათლების შესაძლებლობებს, კულტურის სიყვარულსა და თავად ენის მზარდ საერთაშორისო გავლენას.

,,ესპანურისადმი მოთხოვნა ძალიან დიდია საქართველოში დღეს და ვფიქრობ ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გამო: ემიგრაცია, ენისადმი სიმპათია, კულტურის სიყვარული, სასწავლებლად წასვლის მიზანი და ა.შ’’

სანდროს თქმით, ესპანურის პოპულარობაზე დიდი გავლენა მოახდინა ლათინოამერიკულმა კულტურამაც. განსაკუთრებით იმ თაობებში, რომლებიც ბავშვობაში ესპანურენოვანი სერიალებითა და მუსიკით გაიზარდნენ.

,,ეს ის თაობაა, შაკირას, ენრიკე იგლესიასის და ალეხანდრო სანსის მუსიკებზე რომ გაიზარდა, თუმცა თანამედროვე მომღერლებიც არანაკლები ამბასადორები არიან ისპანოამერიკული კულტურის, როგორიცაა ბედ ბანი, მალუმა, ჯენიფერ ლოპესი, შარიკა, რომელიც დღემდე რჩება წამყვან ქალ არტისტად ლათინოამერიკულ მუსიკალურ ინდუსტრიაში’’.

მისი აზრით, დღევანდელ ეპოქაში ახალი ენის ცოდნა ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლისთვის უპირატესობაა.

„კარგია, რომ საქართველოში ინგლისური კარგად იციან და სწავლობენ, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია დამატებით სხვა ენის ცოდნა. რაც ზრდის შენს წონას ნებისმიერ პროფესიაში, ვიტყოდი, დარგისდა მიუხედავად. ესპანურის მასშტაბების მზარდი დინამიკიდან გამომდიანარე, ვფიქრობ, ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნება ამ სამყაროში შემობიჯება, რომელიც მართალია სიმარტივით მთლად არ გამოირჩევა, თუმცა თავს ყველა მოსწავლეს აუცილებლად შეაყვარებს”

ელენე სვანიძე ფრანგულს 6 წლის ასაკიდან სწავლობს, ხოლო სწავლებას აქტიურად დაახლოებით ოთხი წელია რაც მიუძღვნა. დღეს მას 40-ზე მეტი მოსწავლე ჰყავს, თუმცა მისი გზა ამ მიმართულებით ბევრად ადრე დაიწყო.

„რადგან სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, დაახლოებით 16 წლის ასაკიდანვე მყავდა მოსწავლეები – ვეხმარებოდი მათ, ვისაც სკოლაში ფრანგული უჭირდა. შემდეგ უკვე დაბალი კლასების მოსწავლეებსაც ვასწავლიდი. დაახლოებით 3-4 წლის წინ ეს ჩემი მეორე მთავარი პროფესია გახდა“, – ამბობს ელენე.

მისი თქმით, ბოლო წლებში ფრანგულის მიმართ მოთხოვნა აშკარად გაიზარდა.

„დღეში მინიმუმ 20 მესიჯს ვიღებ ფრანგული ენის სწავლასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ფრანგული საქართველოში ყოველთვის პოპულარული იყო, თუმცა ბოლო წლებში მოთხოვნა ნამდვილად გაიზარდა“.

ელენე ინტერესის ზრდას პირველ რიგში ფრანგული კულტურის გავლენას უკავშირებს:

„ფრანგული ენა ხშირად ასოცირდება ლიტერატურასთან, პოეზიასთან, ფილოსოფიასთან, რომანტიზმთან, სიყვარულთან, კინოსა და ხელოვნებასთან. ვფიქრობ, სწორედ ფრანგული კულტურის სიყვარული განაპირობებს მის მიმართ ასეთ ინტერესს“, – ამბობს ის.

მისი თქმით, ფრანგულის სწავლით განსაკუთრებულად სტუდენტები ინტერესდებიან, რადგან ენის ცოდნა მათ ევროპაში სწავლისა და პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს აძლევს.

„Erasmus-ის პროგრამები და ევროპაში სწავლის შესაძლებლობები ბევრ შანსს იძლევა. საფრანგეთში არსებობს ისეთი სტიპენდიებიც, როგორიცაა Eiffel Excellence Scholarship, ამიტომ ბევრს სწორედ სწავლის გაგრძელების მიზნით სურს ფრანგულის სწავლა“.

ელენე ახალ ენაზე ფიქრისას ადამიანებს პირველ რიგში იმ კულტურის გაცნობას ურჩევს, რომელსაც ეს ენა ეკუთვნის.

„ენა ცოცხალი ორგანიზმია და მისი სწავლა მხოლოდ სიტყვებისა და გრამატიკის დამახსოვრებას არ ნიშნავს. მნიშვნელოვანია იცნობდე იმ ქვეყნის კულტურას, ლიტერატურას, კინოს, მუსიკას და ადამიანებს, რომლებიც ამ ენაზე საუბრობენ“.

კორეული ენის მიმართ მზარდი ინტერესის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სამხრეთ კორეის კულტურული გავლენაა, რომელიც ბოლო წლებში მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, განსაკუთრებით გაიზარდა. თამარ კიკაჩეიშვილი კორეულ ენას დაახლოებით ხუთ წელიწად-ნახევარია ასწავლის, თუმცა თავად მისი შესწავლის ისტორია უფრო ადრე დაიწყო.

„კორეულის სწავლება კოვიდის პერიოდში დავიწყე. ერთ-ერთმა ნათესავმა მთხოვა, კორეული მესწავლებინა. ვუთხარი, კიდევ ერთი ადამიანი მოეყვანა, რომ მარტო არ მესწავლებინა, მანაც მეგობარი მოიყვანა და ასე დაიწყო ყველაფერი. შემდეგ ეს პროცესი ძალიან მომეწონა, უფრო ღრმად შევედი სფეროში და საბოლოოდ სწავლება პროფესიად ვაქციე“, – ამბობს თამარი.

მისი თქმით, კორეული ენის მიმართ ინტერესი საქართველოში წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. „კორეულის სწავლა 2014 წელს დავიწყე. მაშინ საქართველოში სულ ორი პედაგოგი იყო და მსურველებიც ძალიან ცოტა იყვნენ. ძირითადად K-pop-ის გამო მოდიოდნენ. დღესაც ჩემი მოსწავლეების უმეტესობის მთავარი მოტივაცია სწორედ K-pop და კორეული დორამებია“.

თუმცა, თამარის დაკვირვებით, ბოლო წლებში კორეულის სწავლა მხოლოდ პოპკულტურის გავლენით აღარ ხდება. ბევრ ადამიანს ენის შესწავლა უბრალოდ ახალი უცხო ენის ცოდნის სურვილის, ბიზნესის, მოგზაურობის ან პროფესიული ინტერესების გამო სურს.

„სამხრეთ კორეის პოპულარობამ ძალიან დიდი გავლენა იქონია – K-pop-მა, დორამებმა, ტექნოლოგიურმა განვითარებამ და ისეთმა ცნობილმა ბრენდებმა, როგორიცაა Samsung და Hyundai. ადრე აზიურ ენებს შორის ადამიანები უფრო ხშირად ჩინურს ირჩევდნენ, ახლა კი კორეულის მიმართ მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა“.

თამარის აზრით, უცხო ენებისადმი გაზრდილ ინტერესს ორი მთავარი ფაქტორი განაპირობებს – არჩევანის თავისუფლება და თანამედროვე სამყაროს მოთხოვნები. „დღეს ადამიანებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, თავად აირჩიონ ის ენა, რომელიც აინტერესებთ. საქართველოში კი, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, უცხო ენების ცოდნა პრაქტიკული საჭიროებაც არის“.

მისი გამოცდილებით, კორეული ყველაზე მეტად სკოლის მოსწავლეებს აინტერესებთ, განსაკუთრებით გოგონებს, რომელთა მთავარი მოტივაცია ხშირად K-pop ხდება. თუმცა ენის სირთულის გამო ბევრი სწავლას ვერ აგრძელებს. ისინი, ვინც პროცესს ბოლომდე მიჰყვებიან და მაღალ დონეს აღწევენ, ძირითადად სტუდენტები და 20 წელს გადაცილებული ადამიანები არიან, რადგან მათ უფრო მკაფიო მიზნები აქვთ.

ვინც ახალი ენის სწავლას ახლა გეგმავს, თამარი მათ მარტივ რჩევას აძლევს: „ნუ გადადებთ. თუ ახალი ენის სწავლა გინდათ, დაიწყეთ დღესვე. ნუ დაელოდებით ორშაბათს, შემდეგ კვირას ან ახალ თვეს. პირველი ნაბიჯის გადადგმა ყველაზე მნიშვნელოვანია“.

ტექსტი: მარიამ შულაია

სრულად წაკითხვა