#OK! ბავშვები, რომლებიც სახელმწიფოს ელოდებიან

2 weeks ago 22

„სამუშაო დღეებში მაინც მშვიდად ვარ, იმიტომ რომ ბაღში ჭამს,“ – ამბობს დედა, რომელიც ცდილობს, შვილი საღამოს რაც შეიძლება მალე დააძინოს, რათა შიმშილი ნაკლებად იგრძნოს.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ხელმძღვანელი თამარ გაბოძე ამბობს, რომ საქართველოში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება.

ნაწილს სკოლაში შია, ნაწილი ჯართს აგროვებს, ნაწილი ძალადობაზე საუბარს ვერ ბედავს, რადგან დარწმუნებული არ არის, რომ ვინმე დაუჯერებს, ხოლო ზოგიერთი მათგანი მთავრობის ადმინისტრაციის კართან საკუთარი სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის იბრძვის.

პროტესტი წამლისთვის

აქციაზე ერთ-ერთ ბავშვს ჭიქა ხელიდან გაუვარდა და წყლის დამოუკიდებლად დალევა ვეღარ შეძლო.

ერთ თვეზე მეტია, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს მართავენ. ისინი სახელმწიფოსგან იმ მედიკამენტების დაფინანსებას ითხოვენ, რომლებიც, მათი თქმით, ბავშვების სიცოცხლეს გაახანგრძლივებს და დაავადების პროგრესს შეანელებს.

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ კვლავ არსებობს კითხვები პრეპარატების უსაფრთხოებასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით.

PHR ხელმძღვანელი ამბობს, რომ მშობლები უკიდურეს პროტესტამდე სახელმწიფოს ხანგრძლივმა გულგრილობამ მიიყვანა.

„იმისთვის, რომ სახელმწიფომ ბავშვის საჭიროება დაინახოს, მშობელს არ უნდა უწევდეს შენობის წინ ღამეების თენება. ბავშვის უფლებების ბედი მშობლების გამძლეობაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.“

როდესაც ბავშვი საკუთარ დაავადებაზე ყოველდღე ისმენს

„ძალიან ბევრი პროტესტი და ბრძოლა მინახავს, მაგრამ არ მახსენდება შემთხვევა, როცა ეტლში მჯდომ ბავშვებს საკუთარი სიცოცხლისთვის უწევდათ ბრძოლა”, – ამბობს გაბოძე.

მისივე თქმით, აქციებზე ხშირად ჟღერდება ინფორმაცია, რომელიც ბავშვებისთვის მძიმე მოსასმენია.

“ერთ-ერთმა მშობელმა თქვა, რომ მისი შვილი ძალიან სევდიანდება აქციაზე, როდესაც ამ ყველაფერს ისმენს და ასეთ დიდ გულგრილობას ხედავს. მშობლების ნაწილი ამბობს, რომ ღამის თენების შემდეგ, როდესაც სახლში ბრუნდებიან, ბავშვები კითხვებს უსვამენ: „ისევ არ არის წამალი, ხომ? ჩემთვის ისევ არაფერი სიახლე არ არის?“ ასევე არიან მშობლები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ შვილებს თავად სურთ აქციაზე ყოფნა და ამ პროცესში მონაწილეობა”.

გაბოძე ამბობს, რომ ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა. მისი თქმით, შეიძლება წამლის შემოტანა მაშინვე ვერ ხერხდებოდეს და ამას დრო სჭირდებოდეს, მაგრამ ბავშვებს და მშობლებს უნდა აგრძნობინონ, რომ მათზე ზრუნავენ და მათი პრობლემა მნიშვნელოვანია.

ბავშვთა სიღარიბე – „ბავშვებს ენატრებათ შემწვარი კვერცხი“

2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 379 957 ბავშვი ირიცხება, მათგან 23 322 კი ბაზაში პირველად დარეგისტრირდა.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ არსებული სოციალური პროგრამები ოჯახების გრძელვადიან გაძლიერებას ვერ უზრუნველყოფს და ბავშვთა სიღარიბის რეალური მასშტაბები დღემდე სრულყოფილად არ არის შესწავლილი.

„საახალწლოდ ბავშვები ითხოვენ საჭმელს, ან მშობლებისთვის წამალს. ბავშვებს ენატრებათ შემწვარი კვერცხი. ძალიან ბევრ ბავშვს სკოლაში შია და ოჯახს არ აქვს რესურსი, ბავშვს საუზმე გაატანოს, – ამბობს თამარ გაბოძე

მისივე თქმით, სიღარიბე მხოლოდ საკვების დეფიციტს არ ნიშნავს.

„მნიშვნელოვანია, რამდენი წიგნი აქვს ბავშვს, აქვს თუ არა სათამაშო, შეუძლია თუ არა თეატრში, კინოში ან ექსკურსიაზე წასვლა.“

მძიმე სოციალური ფონი ხშირად ბავშვთა შრომაშიც გადაიზრდება.

„როდესაც ბავშვი ჯართს აგროვებს ან ქუჩაში რაღაცას ყიდის, იმ დროს ის უნდა იყოს უსაფრთხო გარემოში, სწავლობდეს და არა საკვების მოსაპოვებლად ქუჩაში იდგეს. ბავშვს, რომელიც მეტროსთან ნივთებს ყიდის, სრულფასოვანი განათლების მიღების შესაძლებლობა პრაქტიკულად აღარ აქვს. სახელმწიფოს ვალდებულებაა იმუშაოს ოჯახებთან ისე, რომ არცერთ ბავშვს არ უწევდეს ქუჩაში ყოფნა გადარჩენისთვის.“

ბავშვთა მიმართ ძალადობა – „თუ არ დაუჯერე ბავშვს, შენ სწირავ მას“

2025 წელს საქართველოში ბავშვთა მიმართ სხვადასხვა ფორმის ძალადობის 1560 შემთხვევა გამოვლინდა. თუმცა ქვეყანაში კვლავ არ არსებობს ერთიანი სისტემა, რომელიც სრულად ასახავს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებსა და მათზე დაწყებულ გამოძიებებს, მათ შორის სექსუალური ძალადობის მიმართულებით.

თამარ გაბოძე ამბობს, რომ ძალადობა ხშირად ოჯახურ სივრცეშივე ხდება.

„როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ხშირად გვესმის პასუხი – ყველას სახლში ხომ არ მივა სახელმწიფო? კი, ყველას სახლში უნდა მივიდეს სახელმწიფო – განათლების, ცნობიერებისა და პოლიტიკის დონეზე.“

PHR-ის ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ ბავშვებს ხშირად არ აქვთ უსაფრთხო სივრცე, სადაც დახმარების თხოვნას შეძლებენ.

„ბავშვს უნდა შეეძლოს დახმარების თხოვნა განკითხვისა და გაკრიტიკების შიშის გარეშე. მაგრამ ამისთვის მშობლის და ზრდასრულების ცნობიერებაა საჭირო. თუ ბავშვს არ დაუჯერებ, შეიძლება ის საერთოდ გაჩუმდეს და მძიმე შედეგებამდე მივიდეს.“

რა უნდა შეიცვალოს

სპეციალისტების შეფასებით, ფორმალური განათლება საკმარისი არ არის, თუ ბავშვი საკუთარი თავის დაცვას ვერ სწავლობს.

„ძალიან ბევრი ძალადობის მსხვერპლი ბავშვი მინახავს, რომელმაც ბევრი ლექსიც იცოდა, ფორმულაც და გამრავლების ტაბულაც, მაგრამ ვერ შეძლო თავის დაცვა ძალადობისგან, – ამბობს გაბოძე.

სპეციალისტები ამბობენ, რომ აუცილებელია სკოლებში, ბაღებში და სოციალურ სერვისებში ბავშვებთან მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ მეტი ცოდნა და რესურსი, რომ ძალადობის ნიშნები დროულად ამოიცნონ.

მათი შეფასებით, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე უნდა ასწავლიდნენ საკუთარ უფლებებს, უსაფრთხო ქცევას და იმას, როგორ ითხოვონ დახმარება.

ტექსტი: ლანა კოკაია

ფოტო: MOSE, თათია ხარაიშვილი, ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა