OK! ბავშვობა ონლაინ სარკეში — როგორ ცვლის სოციალური ქსელები თვითშეფასებას

6 days ago 14

წლებია, რაც სოციალური ქსელები ბავშვებისთვის მხოლოდ გასართობი სივრცე აღარ არის. ონლაინ პლატფორმები უკვე იქცა გარემოდ, სადაც ყალიბდება წარმოდგენა იმაზე, როგორი უნდა იყოს გარეგნობა, ცხოვრება, სხეული, თვითგამოხატვა და სახლიც კი. სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ყურადღებამისაქცევია, თუ როგორ მოქმედებს მუდმივი ონლაინ შედარება ბავშვებისა და მოზარდების თვითშეფასებაზე.

თუ ადრე ბავშვებზე გავლენას ოჯახი, სკოლა და ახლო გარემო ახდენდა, ახლა ამ პროცესში ალგორითმებიც ჩაერთო და პოტენციური გავლენის წრეც საკმაოდ გაფართოვდა. ყოველდღიურად ასობით ვიდეო და ფოტო ქმნის ერთნაირ ვიზუალურ სტანდარტს: იდეალური კანი, იდეალური სხეული, იდეალური ყოველდღიურობა. პრობლემა კი ის არის, რომ ბავშვებისთვის ამ ზღვარის გარჩევა, რა არის რეალური და რა – დამუშავებული, ხშირად ძალიან რთულია.

ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა ე.წ. ზრდასრულური ესთეტიკის გავლენა ბავშვებზე. სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა ვიდეოები, სადაც 10-12 წლის ბავშვები კანის მოვლის მრავალსაფეხურიან რუტინებს იმეორებენ, საუბრობენ გარეგნობაზე ისე, როგორც ზრდასრულები და ხშირად უკვე იმ სტანდარტებით აფასებენ საკუთარ თავს, რომლებიც ონლაინ სივრცეში დომინირებს.

ფსიქოლოგები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მუდმივი შედარება ბავშვებში დაუკმაყოფილებლობის განცდას აჩენს. სოციალური ქსელები ქმნის გარემოს, სადაც გარეგნობა ხშირად პირდაპირ კავშირშია პოპულარობასთან, მოწონებასთან და ყურადღებასთან. შედეგად, ბავშვები ძალიან ადრეულ ასაკში იწყებენ საკუთარი თავის შეფასებას სხვისი რეაქციებით და ბოლოს ბავშვობა ლაიქებით იზომება. 

საკუთარი თავის ძიება ფილტრების სამყაროში ბავშვბისთვის გაცილებით უფრო რთულია, რადგან მათ უჭირთ რეალური სურათის აღქმა იმ კადრების მიღმა, რომლებსაც შელამაზებულად გვაჩვენებენ.

ამასთან, იცვლება მათი ვიზუალური კულტურაც. თუ ადრე სოციალური ქსელები უფრო თამაშთან და გასართობ კონტენტთან ასოცირდებოდა, ახლა იქ სულ უფრო დიდი ადგილი უჭირავს სილამაზის ინდუსტრიას, ტრენდებსა და “იდეალური ცხოვრების” წარმოდგენას.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელები ბავშვებისთვის კომუნიკაციისა და თვითგამოხატვის მნიშვნელოვან სივრცედ რჩება, სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა — რამდენად მზად არიან ბავშვები იმ სტანდარტებისთვის, რომელსაც ონლაინ სამყარო ყოველდღიურად სთავაზობს. 

სრულად წაკითხვა