ზოგიერთი ადამიანი საკუთარ მოწოდებას ბავშვობიდანვე პოულობს და წლების განმავლობაში დაუღალავად მიჰყვება მას. ნიკა ტაკაშვილისთვის მსახიობობა სწორედ ასეთი ისტორიაა – ოცნება, რომელიც ძალიან ადრეულ ასაკში დაიბადა და დროთა განმავლობაში მიზნად, შემდეგ კი რეალურ პროფესიულ გზად იქცა. პირველი წარმატებული ქასთინგიდან დღემდე მისი კარიერა არაერთ მნიშვნელოვან ეტაპს აერთიანებს. მსახიობობასთან ერთად მან საკუთარი ადგილი სამოდელო სფეროშიც დაიმკვიდრა, მონაწილეობდა საერთაშორისო ჩვენებებში და სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება დააგროვა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, ნიკას უკვე აქვს გამოცდილება როგორც სამსახიობო, ისე სატელევიზიო და მოდის სფეროში. ყოველი ახალი პროექტი მისთვის განვითარების, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისა და პროფესიული ზრდის კიდევ ერთი შესაძლებლობაა. ინტერვიუში ნიკა გვესაუბრება ბავშვობის ოცნებაზე, პირველ წარმატებებზე, პროფესიულ გამოწვევებზე, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის პასუხისმგებლობასა და იმ გეგმებზე, რომლებიც მის მომავალს უკავშირდება.
ნიკა, მოგვიყევი შენ შესახებ – როგორ დაიწყო შენი გზა სამსახიობო და სამოდელო კარიერაში?
ბავშვობიდან მიზნად მქონდა დასახული მსახიობობა. 14 წლის ვიყავი, როდესაც მეგობრებმა გამომიგზავნეს ვიდეო, სადაც პრაიმ TV აცხადებდა ქასთინგს მხატვრულ ფილმში მონაწილეობაზე. რა თქმა უნდა, ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. ჩემდა საბედნიეროდ, ქასთინგი წარმატებით გავიარე და როლზე დამამტკიცეს. ეს ჩემი პირველი წარმატება იყო და მაშინ დავპირდი ჩემს თავს, რომ უკან აღარ დავიხევდი და ყველაფერს გავაკეთებდი მიზნის მისაღწევად. განსაკუთრებული ემოცია, რომელიც არასდროს დამავიწყდება, იყო ფილმის პრემიერა, როდესაც ჩემს თავს დიდ ეკრანზე ვუყურებდი და დარბაზში მაყურებლისგან კომპლიმენტებს ვიღებდი. მაშინ დავრწმუნდი, რომ პროფესიის შერჩევისას არ შევმცდარვარ. ამის შემდეგ პრაიმ TV-ის სამოდელო სააგენტომ Prime Models Management-მა გამოაცხადა ქასთინგი დუბაის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობაზე. აქაც მივედი, დადებითი პასუხიც მივიღე და გავემგზავრე დუბაიში ჩვენებაზე. ასე დაიწყო პრაიმის ჰოლდინგში ჩემი სამსახიობო და სამოდელო კარიერა.

რამდენი წლის იყავი, როდესაც პირველად გადაწყვიტე, რომ სცენა და კამერა შენი სამყაროა?
ძალიან ღრმა ბავშვობაში აღმოაჩინეს ჩემმა მშობლებმა, რომ მსახიობობა მინდოდა და ეს ჩემი არა მარტო ოცნება, არამედ მოწოდებაც იყო. 6-7 წლის ასაკში ვთამაშობდი გამოგონილ როლებს, ვასახიერებდი სხვადასხვა პერსონაჟს, ვაკეთებდი პაროდიებს და როგორც ამბობენ, ეს არცთუ ისე ცუდად გამომდიოდა… მშობლები ყოველთვის გვერდში მედგნენ, რაც ძალიან დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის და დღესაც ასეა. ნებისმიერ ეტაპზე მე მათი მხარდაჭერის და გულშემატკივრობის იმედი მაქვს, რაც კიდევ უფრო მიზანდასახულს მხდის.
რას ნიშნავს შენთვის პროექტ „13/18“-ის წამყვანობა და რა უნარები შეგძინა ამ როლმა?
პროექტი 13/18 ჩემთვის უბრალოდ გადაცემა არ არის. იმის გარდა, რომ მუშაობის პროცესი ძალიან სახალისო და მხიარული იყო, პროფესიული თვალსაზრისით ძალიან გავიზარდე. ამ გადაცემამ შემმატა თავდაჯერებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და გამაცნო უამრავი ადამიანი. რამდენიც არ უნდა ისწავლო თეორიულად, პრაქტიკა სულ სხვა გამოცდილებაა. ვისწავლე გადაღებაზე სიტუაციის მიხედვით ადაპტირება, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება, რადგან ამ პროექტში რეპორტიორიც ვიყავი და წამყვანიც. ეს ჩემი პირველი გამოცდილება იყო კამერასთან მუშაობის უკვე ჟურნალისტის ამპლუაში.

აგვისტოდან ახალ ფილმზე იწყებ მუშაობას, რომლის გადაღებებიც სამ ქვეყანაში იგეგმება. რა მოლოდინი გაქვს და რა გრძნობაა შენთვის ქვეყნის გარეთ მუშაობა?
ფანტასტიკური მოლოდინით ვარ სავსე – ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება გადაღებები. თავდაჯერებული და მოტივირებული ვემზადები ყოველდღიურად, ინტენსიურად ვსწავლობ თურქულ ენას. ვაცნობიერებ, რომ უცხოურ პროექტში მონაწილეობა ძალიან დიდი გამოცდილება იქნება ჩემთვის – ვნახავ როგორ მუშაობენ სხვა ქვეყნებში, რა სპეციფიკაა, რა სტილი… დარწმუნებული ვარ, ძალიან მნიშვნელოვან უნარებს შევიძენ და კიდევ უფრო გავიზრდები ჩემს პროფესიაში.
რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა შენთვის საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა?
ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა, უფრო სწორად ორმაგი პასუხისმგებლობაა – წარვადგინო ჩემი თავი პროფესიაში და წარვადგინო ჩემი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე. აქედან გამომდინარე, ძალიან მობილიზებული ვარ და ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ჩვენი ქვეყანა უმაღლეს დონეზე წარმოვაჩინო.
ვისგან იღებ ყველაზე დიდ მოტივაციას და მხარდაჭერას კარიერულ გზაზე?
ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია უფლის რწმენაა და ყველაზე დიდი მხარდაჭერა – ჩემი ოჯახი.
როგორია შენი სამომავლო გეგმები?
უკვე მაქვს შემოთავაზება კიდევ ერთ უცხოურ პროექტზე, ინტენსიურად გავაგრძელებ ენების სწავლას, თუმცა ამ ეტაპზე მთელი ყურადღება აგვისტოს გადაღებებზე მაქვს გადატანილი, ველოდები სცენარს და მაქსიმალურად ვიქნები კონცენტრირებული საინტერესო როლის შექმნაზე.
ტექსტი: მარიამ შულაია
ფოტო: ალექსეი სეროვი

4 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·