დიდი ბრიტანეთი 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის არაერთი პლატფორმის გამოყენებას აკრძალავს. პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანი ბავშვების დაცვაა მავნე კონტენტისგან და ეკრანთან გადაჭარბებული დროისგან.

გაერთიანებული სამეფო იმ ქვეყნების რიცხვს შეუერთდება, რომლებიც ბავშვების ონლაინ უსაფრთხოების გასაძლიერებლად მკაცრ ზომებს იღებენ. მსგავსი ინიციატივები უკვე აქვთ ავსტრალიას, კანადას, ბრაზილიასა და ინდონეზიას, ხოლო საფრანგეთი, ესპანეთი, დანია, სამხრეთ კორეა და სხვა ქვეყნები ანალოგიურ მოდელებს განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ ბავშვებისა და მოზარდების ციფრული მოწყობილობების გამოყენების შეზღუდვის ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება. სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვის ინიციატივა საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 2025 წლის მიწურულს დააანონსა, ხოლო 2026 წლის 4 ივნისს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა შესაბამისი ბრძანება გამოსცა, რომელიც სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგად წესს განსაზღვრავს.
ახალი რეგულაციის მიხედვით, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, მოსწავლეები ვალდებული იქნებიან პირველი გაკვეთილის დაწყებამდე მობილური ტელეფონები, სმარტფონები და „ჭკვიანი“ საათები სპეციალურ სათავსებში განათავსონ. სკოლებმა კი 2026 წლის 1 სექტემბრამდე თითოეულ საკლასო ოთახში შესაბამისი სათავსების მოწყობა უნდა უზრუნველყონ. მოწყობილობების გამოყენება მხოლოდ გარკვეულ გამონაკლის შემთხვევებში იქნება შესაძლებელი, მათ შორის სასწავლო მიზნებისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული საჭიროებებისას, საგანგებო სიტუაციებში და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის.
ამგვარად, თუ დიდი ბრიტანეთი 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების შეზღუდვას გეგმავს, საქართველოში აქცენტი სასწავლო პროცესის განმავლობაში მობილური მოწყობილობების გამოყენების შეზღუდვაზე კეთდება. ორივე შემთხვევაში მთავარი მიზანი ბავშვებისა და მოზარდების უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაუმჯობესებაა.


2 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·