#OK! გაღიავებული წარბები – ტრენდი, რომელმაც თბილისი მოიცვა

2 weeks ago 33

თუ ბოლო პერიოდში Instagram-სა და TikTok-ს აქტიურად ათვალიერებთ, ალბათ უკვე შენიშნავდით, რომ გაღიავებული, ქერა წარბები ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ბიუთი-ტრენდად იქცა. ტენდენცია, რომელიც წლების განმავლობაში საერთაშორისო პოდიუმებზე, მოდის კამპანიებსა და ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ასოცირდებოდა, ახლა ქართველი ხალხის სოციალურ ქსელებშიც სულ უფრო ხშირად ჩნდება.

ინტერესის ზრდას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო ნუკი კოშკელიშვილის ახალმა იმიჯმაც. ტელეწამყვანისა და ინფლუენსერის ქერა წარბებმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და მალევე იქცა განხილვის თემად. მისი ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ არაერთმა მომხმარებელმა დაიწყო ამ ვიზუალის საკუთარ თავზე მორგება და ექსპერიმენტების გაზიარება.

სოციალურ ქსელებში უკვე მრავლად შეხვდებით ვიდეოებსა და პოსტებს, სადაც ქართველი მომხმარებლები ერთმანეთს უზიარებენ რჩევებს, თუ როგორ შეიძლება წარბების გაღიავება სახლის პირობებში, რა პროდუქტების გამოყენებაა შესაძლებელი და როგორ უნდა მოირგოს ადამიანმა ეს საკმაოდ თამამი ტრენდი. TikTok-სა და Instagram Reels-ზე პოპულარული გახდა ვიდეოები, რომლებშიც ავტორები ნაბიჯ-ნაბიჯ აჩვენებენ წარბების გარდაქმნის პროცესს და საბოლოო შედეგს.

ქერა წარბების მთავარი ეფექტი ისაა, რომ სახე სრულიად განსხვავებულ იერს იღებს. წარბები ვიზუალურად ნაკლებად თვალშისაცემი ხდება, რის შედეგადაც აქცენტი თვალებზე, კანის ტექსტურასა და სახის ნაკვთებზე გადადის. სწორედ ამიტომ ეს ტრენდი განსაკუთრებით პოპულარულია მოდის, სილამაზისა და ფოტოგრაფიის სფეროში, სადაც ექსპერიმენტული ვიზუალები ყოველთვის მოთხოვნადია.

ბოლო წლებში ქერა წარბები არაერთმა ცნობილმა ჰოლივუდის ვარსკვლავმა მოირგო, მათ შორის კენდალ ჯენერმა, ბელა ჰადიდმა, ლედი გაგამ, მაილი საირუსმა და კიმ კარდაშიანმა.

საინტერესოა ისიც, რომ ბევრი ადამიანი წარბების სრულად შეღებვას აღარ მიმართავს. სოციალური ქსელების მომხმარებლები ხშირად იყენებენ მაკიაჟის ტექნიკებს, კორექტორებსა და სპეციალურ გელებს, რათა ჯერ ვიზუალურად გამოცადონ, თუ როგორ გამოიყურებიან ქერა წარბებით, და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.

სრულად წაკითხვა