#OK! გიორგი ქოჩორაშვილის და სანდრა მენდოსას სიყვარულის ისტორია

3 weeks ago 75

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა მის რჩეულს, სანდრა მენდოსას, ბრაზილიაში რომანტიკულ გარემოში ხელი სთხოვა. სასიხარულო ამბავი წყვილმა სოციალურ ქსელში ფოტოების საშუალებით გააზიარა, სადაც ჩანს, რომ სანდრამ გიორგის წინადადებას თანხმობით უპასუხა.

გიორგიმ თავისი მომავალი მეუღლე ესპანეთში, ვალენსიაში გაიცნო. წყვილი უკვე დაახლოებით ხუთი წელია ერთადაა და ურთიერთობის განმავლობაში ერთმანეთს კარიერულ გზაზეც აქტიურად უჭერდნენ მხარს. სანდრა არაერთხელ დასწრებია როგორც მისი საკლუბო გუნდის, ისე საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩებს და ტრიბუნებიდან გულშემატკივრობდა ქართველ ფეხბურთელს.

ქოჩორაშვილი და მენდოსა პირად ცხოვრებას მეტწილად საზოგადოების ყურადღების მიღმა ინახავენ, თუმცა განსაკუთრებულ მომენტებს დროდადრო სოციალურ ქსელებში მიმდევრებს უზიარებენ. ნიშნობის კადრებს გულშემატკივრებისა და მეგობრების მხრიდან უამრავი მილოცვა მოჰყვა.

გიორგიმ საჯარომ სულ რამდენჯერმე ისაუბრა სანდრაზე. ლელა წურწუმიას გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ გიორგიმ ახსენა, რომ სანდრა ზუსტად მაშინ გაიცნო, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა:

„ცხოვრება გაძლევს იმას, რაც იმ მომენტში გჭირდება. მაშინ ვიპოვე ეს ადამიანი, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა, მადლობა ღმერთსაც და მადლობა იმ მომენტსაც, როცა მოვახერხე მისი გაცნობა,“

ამასთან OK!-ის 2025 წლის ინტერვიუში ქოჩორამ თქვა, რომ სანდრას საქართველო ძალიან უყვარს და ქვეყანას უკვე სამჯერ სტუმრობდა. მისი თქმით, შეყვარებული ეროვნული ნაკრების მატჩებსაც ესწრებოდა, განსაკუთრებით მოსწონს ქართული სამზარეულო, თავად კი ყოველთვის ცდილობს, საქართველოს კულტურა და ტრადიციები უკეთ გააცნოს:

,,სამჯერ იყო უკვე საქართველოში, რა თქმა უნდა, მოედანზეც მოდიოდა ნაკრების საგულშემატკივროდ. ცოტა ხნის წინ ზღვაზეც ვიყავით ერთად. ძალიან მოსწონს ქართული სამზარეულო. მეც ვცდილობ, უფრო მეტად გავაცნო ჩვენი კულტურა და ქვეყანა”

ამავე ინტერვიუში ფეხბურთელმა მათი ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა. ქოჩორაშვილის თქმით, ის და სანდრა თანაბრად ემოციურები არიან, ხოლო ურთიერთობაში მთავარი ერთმანეთის ნდობაა. „სანდრას მიმართ ეჭვის უფლება არ მაქვს, მისი 100%-ით მჯერა“, – ამბობდა ქოჩორა.

გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველია. 2025 წლის ზაფხულიდან ის პორტუგალიური „სპორტინგის“ ფეხბურთელია და კარიერას ლისაბონის კლუბში აგრძელებს. სპორტული წარმატებების პარალელურად, ფეხბურთელმა პირად ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ბრაზილიაში საყვარელ ქალს, სანდრა მენდოსას, ხელი სთხოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

https://okmagazine.ge/ok-qochora/

სრულად წაკითხვა