მეგი ჯილენჰოლის ახალ ფილმში – Flesh Impact – მერილინ მონროს როლს დაკოტა ჯონსონი შეასრულებს.
ფილმი მონროს დაბადების 100 წლის იუბილეს ეძღვნება. პროექტის შესახებ ინფორმაცია 27 ივლისს, ავტომობილების საერთაშორისო ბრენდმა Genesis-მა გაავრცელა, რომელიც ფილმის შექმნაში ჯილენჰოლთან თანამშრომლობს.

ფილმში მაყურებელი მერილინ მონროს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს იხილავს – დაკოტა ჯონსონი მას დიდების პიკში განასახიერებს, ხოლო ელენ ბერსტინი ჰოლივუდის ლეგენდის ასაკოვან ვერსიას წარმოაჩენს.
“ყოველთვის მოხიბლული ვიყავი მერილინ მონროთი. როდესაც Genesis-ი დამიკავშირდა და პროექტის იდეა შემომთავაზა, მივხვდი, რომ მინდოდა ამ ისტორიის გაცოცხლებაში მონაწილეობა მიმეღო“, — განაცხადა ჯილენჰოლმა.

მისივე თქმით, ფილმის მიზანია, ჰოლივუდის ლეგენდის ცხოვრება თანამედროვე პერსპექტივიდან წარმოაჩინოს და მისი ისტორია თავად მონროს თვალით მოყვეს.
ჯილენჰოლმა Vanity Fair-თან ინტერვიუში აღიარა, რომ თავიდან ამ მასშტაბური პროექტის რეჟისორობაზე ყოყმანობდა.

„რა თქმა უნდა, ვიცოდი მისი მთავარი როლები და ის, თუ როგორი გავლენა ჰქონდა მას კულტურაზე, მაგრამ ვფიქრობდი — ვარ თუ არა მე ის ადამიანი, ვინც ამ ისტორიას სწორად მოუყვება მაყურებელს“.
ფილმში დაკოტა ჯონსონისა და ელენ ბერსტინის გარდა მონაწილეობენ სეპიდე მოაფი და ჯილენჰოლის მეუღლე, მსახიობი პიტერ სარსგაარდი.

Flesh Impact-ის მსოფლიო პრემიერა 2026 წლის სექტემბერში, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე იგეგმება.
მერილინ მონრო 1950-60-იანი წლების ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან ვარსკვლავად ითვლებოდა. ის 1962 წელს, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება ოფიციალურად შესაძლო თვითმკვლელობად შეფასდა, თუმცა წლების განმავლობაში არაერთი ვერსია და თეორია გავრცელდა.

1 day ago
11







English (US) ·
Georgian (GE) ·