ჯანდაცვის სფეროზე საუბრისას, როგორც წესი, ყურადღება ექიმებზე, ახალ ტექნოლოგიებსა და სამედიცინო მიღწევებზე ჩერდება. გაცილებით იშვიათად ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ სისტემებს აწყობენ, მართავენ და ავითარებენ. სწორედ ამ უხილავი სამყაროს ხილვადობის იდეით შეიქმნა Medinsider – პლატფორმა, რომელიც დღეს ექიმებს, რეზიდენტებს, მენეჯერებსა და პაციენტებს საერთო პროფესიულ სივრცეში აერთიანებს. პლატფორმის დამფუძნებლის, დალი ნესუაშვილის პროფესიული გზა მედიცინიდან დაიწყო, თუმცა დროთა განმავლობაში მისი ინტერესები კლინიკურ პრაქტიკას გასცდა და ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით განვითარდა.
„წლების განმავლობაში ვხედავდი, რომ ჯანდაცვის სფეროში უამრავი საინტერესო გამოცდილება და ცოდნა არსებობდა, თუმცა ხშირად ის პროფესიული წრეების მიღმა ვერ გადიოდა. ექიმებს, რეზიდენტებს, კლინიკების მენეჯერებსა და პაციენტებსაც ჰქონდათ ისტორიები, რომლებიც სხვებისთვისაც შეიძლებოდა შთამაგონებელი და სასარგებლო ყოფილიყო, მაგრამ ამისთვის ერთიანი სივრცე არ არსებობდა“, – ამბობს პროფესიით ექიმი, ამჟამად თურქეთის უმსხვილესი სამედიცინო ჰოლდინგის MLP Care ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი და ახალი სამედიცინო პლატფორმის Medinsider დამფუძნებელი, დალი ნესუაშვილი.

Medinsider-ის შექმნის იდეა თავდაპირველად მედიცინის შიდა სამყაროს საზოგადოებისთვის გაცნობა იყო, თუმცა დროთა განმავლობაში პროექტი უფრო ფართო პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც პროფესიულ დიალოგს, ცოდნის გაზიარებასა და ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას ემსახურება.
დღეს Medinsider მხოლოდ ციფრული პლატფორმა აღარ არის. ის აერთიანებს საგანმანათლებლო ინიციატივებს, პროფესიულ შეხვედრებს, საუბრების სერიებსა და ღონისძიებებს, სადაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ეძლევათ.
დალის პროფესიულ ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო გამოცდილებას უკავია. სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ მან საქმიანობა თურქეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სამედიცინო ეკოსისტემაში განაგრძო, სადაც შიგნიდან გაეცნო თანამედროვე ჯანდაცვის მართვის მოდელებს.
„სამედიცინო განათლებამ პაციენტის საჭიროებების უკეთ გაგება მასწავლა, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ხარისხიანი ჯანდაცვა მხოლოდ კლინიკური ცოდნით არ იქმნება. მის უკან ყოველთვის დგას მართვა, კომუნიკაცია, სტრატეგია და ადამიანებზე ზრუნვის კულტურა. ამჟამინდელი ჩემი პოზიცია – საერთაშორისო სამედიცინო ჰოლდინგ MLP Care-ში ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მართვა საშუალებას მაძლევს, ყოველდღიურად ვაკვირდებოდე, როგორ იქმნება ჯანდაცვის თანამედროვე სტანდარტები და როგორ შეიძლება მათი ადაპტირება ქართულ რეალობაში. სწორედ ამიტომ Medinsider-ის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საერთაშორისო გამოცდილებისა და ადგილობრივი პროფესიული საზოგადოების დაახლოებაა“, – ამბობს დალი.
ამ ხედვის გაგრძელებად იქცა Medinsider-ის ღონისძიებებიც, რომლებმაც პროფესიული დისკუსიები აუდიტორიასთან კიდევ უფრო დააახლოვა. პლატფორმის მიერ ორგანიზებული შეხვედრები უკვე მნიშვნელოვან თემებს ეხება – სამედიცინო მენეჯმენტიდან ხელოვნურ ინტელექტამდე, რეპროდუქციული ჯანმრთელობიდან პაციენტზე ორიენტირებულ სერვისამდე, ასეთი იყო პირველი კოლაბორაცია ჟურნალთან OK, რომელიც „არკადია საქართველოში“ გაიმართა და გააერთიანა ერთ სივრცეში დარგის სპეციალისტები ორი ქვეყნიდან და სერვისით დაინტერესებული პაციენტები.
„ვფიქრობ, ცოდნის გაზიარება განვითარების ყველაზე სწრაფი გზაა. როდესაც პროფესიონალები ერთმანეთს უსმენენ, საკუთარ გამოცდილებას აზიარებენ და ერთად მსჯელობენ გამოწვევებზე, იქმნება გარემო, რომელიც მთელი სფეროს განვითარებას უწყობს ხელს“.

თუმცა, როგორც დალი ამბობს, Medinsider-ის მთავარი მიზანი ღონისძიებების ორგანიზებაზე ბევრად დიდია.
„მსურს, Medinsider გახდეს ადგილი, სადაც ადამიანები მხოლოდ ინფორმაციის მისაღებად არ მოდიან. მინდა აქ ურთიერთობები იქმნებოდეს, პროფესიული კავშირები მყარდებოდეს და ახალი იდეები იბადებოდეს“.
ამ ამბიციის უკან დგას რწმენა, რომ ჯანდაცვის განვითარება მხოლოდ ტექნოლოგიებით არ ხდება. მას ქმნიან ადამიანები, მათი გამოცდილება და მზადყოფნა, ერთმანეთს გაუზიარონ ის, რაც წლების განმავლობაში ისწავლეს.
შესაძლოა სწორედ ამიტომ, Medinsider-ის ისტორია მხოლოდ ერთი პლატფორმის ისტორია არ არის. ეს არის მცდელობა, სამედიცინო სფეროში დიალოგის, თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების ახალი კულტურა ჩამოყალიბდეს – კულტურა, რომელიც მომავალში არა მხოლოდ პროფესიონალების, არამედ თითოეული პაციენტის ცხოვრებაზეც აისახება.
ტექსტი: ეკა ნონიაშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი, პირადი არქივი

4 hours ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·