WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

საზოგადოების დიდ ნაწილს დღემდე აქვს იმის მოლოდინი, რომ ქალი ერთდროულად უნდა იყოს იდეალური დედა, მზრუნველი მეუღლე, კარგი დიასახლისი… და თუ ამ ყველაფერს წარმატებულ კარიერასაც შეუთავსებს, მით უკეთესი. თან ისე, რომ არ დაიღალოს, არ დაიჩივლოს და საკუთარი სურვილები ყოველთვის გვერდზე გადადოს. შედეგად კი, ქალის ცხოვრებაში პირადი სივრცის გვერდზე გადადება, მუდმივად ტონუსში ყოფნა და „სუპერგმირის“ როლის მორგება ჩვეულებრივი მოვლენა ხდება.

იმისთვის, რომ დედობამ და პროფესიულმა განვითარებამ ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქალის ძალისხმევა, არამედ პარტნიორის თანასწორი ჩართულობა, ოჯახის მხარდაჭერა და ისეთი გარემო, სადაც ბავშვის აღზრდა მხოლოდ დედის პასუხისმგებლობად არ მიიჩნევა.

დროა საზოგადოებამ გაიაზროს, რომ მამა კი არ „ეხმარება“ დედას, არამედ ის მშობლის პასუხისმგებლობას იზიარებს. დედასაც აქვს უფლება, დაიღალოს და დაისვენოს, ჰქონდეს სურვილები, რომელიც მხოლოდ დედობას არ უკაშირდება, იზრუნოს საკუთარი თავის განვითრებასა და რეალიზებაზე და ეს ყველაფერი დანაშაულის განცდის გარეშე გააკეთოს. დედობა არ ნიშნავს საკუთარი თავის დავიწყებას!

ნუკი კოშკელიშვილის ისტორია სწორედ ამაზეა, თუ როგორ შეიძლება ერთდროულად იყო ორი შვილის დედა, მეუღლე და წარმატებული ბიზნესვუმენი. OK!-სთან ინტერვიუში ნუკი გულწრფელად საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორის ჩართულობა ყოველდღიურობაში და რატომ არ უნდა უწევდეს ქალს არჩევანის გაკეთება ოჯახსა და საკუთარ სურვილებს შორის, რადგან ბედნიერი დედა, რომელიც საკუთარ თავსაც არ ივიწყებს, საბოლოოდ ბედნიერი ოჯახის საფუძველია.

ნუკი, ორი შვილის დედა ხართ, როგორია ოჯახთან გატარებული ერთი ჩვეულებრივი დღე?

ჩემთვის ყოველი დღე არის დიდი თავგადასავალი. დილას ვიწყებ 7 საათზე, ვამზადებ ოვის და მიმყავს სკოლაში. უკანა გზაზე ვპასუხობ მეილებს, ჩემი ძირითადი საქმიანობა NUKI cosmetics-ია, რომლის ყველა პროდუქტი ევროპაში მზადდება და დროის სხვაობის გამო, ვცდილობ ყველაფერს მეილებით დავეწიო. ყველა შეკვეთას მე თვითონ ვფუთავ, თითოეულ დამკვეთს პირადად ვუხდი მადლობას, რომ NUKI cosmetics აირჩია. ამის შემდეგ სახლის საქმეებს ვუბრუნდები: ვალაგებ, ჭურჭელს ვრეცხავ და სხვ.

შუადღეს ოვი გამომყავს სკოლიდან. მიყვარს, როცა ბავშვს დღე გაწერილი აქვს. გარდა გაკვეთილების მომზადებისა, მომწონს, როცა მის კლასელებს ვეპატიჟებით ჩვენთან. თავად ძალიან თბილად მახსენდება, როგორ ვატარებდი დროს ჩემს კლასელებთან ერთად, ამიტომ მინდა ჩემს შვილებსაც ბევრი ასეთი მოგონება დარჩეთ. თუ დღის განმავლობაში დრო გამოვნახე, ახალი პროდუქტის ვიდეოს ვიღებ.

საღამოს ბენი ბრუნდება სახლში და ინაწილებს სახლის საქმეებს. ღამით კი ჩემს განრიგში ერთვება კორეა, სადაც სახის მოვლის საშუალებებს ვაწარმოებთ. ამერიკაში რომ ღამეა, იქ დილაა და ვიწყებ მიმოწერას.

როგორც ხედავთ, თავისუფალი დრო არ მაქვს, რომც მქონდეს რამდენიმე წუთი, რაიმეს მაინც გამოვნახავ, რომ რაღაც გავაკეთო. მივხვდი, რომ ასეთი ადამიანი ვარ, უბრალოდ, გაჩერება არ შემიძლია.

როგორი აღსაზრდელი იყო პირველი შვილი და როგორი აღსაზრდელია პატარა?

ძალიან განსხვავდებიან, უფროსი აქტიური და ცელქია. პატარა შიო უფრო დინჯია. თუმცა ოვი სხვა მხრივ იყო მარტივი, იოლად ეჩვეოდა ახალ საკვებს, მაგრამ მერე ესეც შეიცვალა, ახლა უფრო პრეტენზიულია. ერთი სული მაქვს, შიო წამოიზარდოს, რომ უკეთესად გავიცნო, თუ როგორი ხასიათის ადამიანია.

თქვენი მეუღლე რამდენად აქტიურად არის ჩართული ბავშვების აღზრდასა და სახლის საქმეებში?

როგორც კი ბენი საღამოს შინ ბრუნდება, ვცდილობ სახლის საქმეებში აქტიურად ჩავრთო. ეგრევე ვიწყებ წუწუნს, თუ რამდენი რამ გავაკეთე მთელი დღე, თითქოს თვითონ მოცლილი ყოფილიყოს. სხვათა შორის, ბენის ოჯახს აქვს საინტერესო გამოცდილება. როცა ის 6 წლის იყო, დედამისი ავარიაში მოყვა და სერიოზულად დაშავდა. შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში ბავშვზე ზრუნვა და სახლის საქმეების კეთება მამამის უწევდა და კარგადაც ართმევდა თავს. დღესაც რომ მიხვიდეთ ბენის მშობლების ოჯახში, მამამისი ყველაფერში ჩართულია. სწორედ ამიტომ ბენისთვის ბუნებრივია, რომ კაცი ოჯახში ალაგებდეს, რეცხავდეს ჭურჭელს და აკეთებდეს სადილებს. მე უფრო პროდუქტების ყიდვა და მოტანა მეხერხება, ბენი უფრო ნელია და თუ მაღაზიაში წავიდა, დიდ დროს ანდომებს არჩევას და ყიდვას.

ამერიკაში ორი შვილის გაზრდას რა დადებითი და რთული მხარეები აქვს?

ვფიქრობ, ამერიკაში ორი შვილის გაზრდა უფრო რთულია, რადგან საქართველოში ალბათ, მეტი დამხმარე მეყოლებოდა. ახლაც, როცა საქართველოში ვარ ჩამოსული, ყველა ცდილობს დამეხმაროს, ჩემი შვილები, ფაქტობრივად, ხელიდან ხელში გადადიან.

თუმცა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან გამიმართლა „კომუნაში“. არის შემთხვევები, როცა სასწრაფო შეხვედრა, პრეზენტაცია ან მნიშვნელოვანი ზარი მაქვს, ამ დროს ზუმში მივიწერები, თუ ვინმეს შეუძლია, გზად სკოლაში მიმავალი ჩემი შვილიც წაიყვანოს. არ არსებობს უარი გითხრან, ეს კულტურა არის ამერიკაში.

რას ეტყოდით დედებს, რომლებსაც მუდმივად უწევთ კომპრომისზე წასვლა და ამავდროულად მეუღლისგან არ იღებენ პასუხისმგებლობების თანაბარ განაწილებას?

როცა ჩემი პირველი შვილი დაიბადა, სულ მასთან ვიყავი. ცოტა რომ წამოიზარდა (4-5 წლის) ბენი აქტიურად ჩაერთო მის აღზრდაში. ცოტა ხნის წინ ოვისთან ვსაუბრობდი: გახსოვს, სულ ერთად ვიყავი-მეთქი, და მიპასუხა: არა, ჩემთან სულ მამა იყოო. მაშინ მივხვდი, რომ ბავშვს არ ახსოვს, ვინ რამდენი ღამე გაათენა და ა.შ.

ქართველმა დედებმა იციან, გადადებენ თავს შვილის გამო და საკუთარი თავი აღარ ახსოვთ. არა, დედობა არ ნიშნავს საკუთარი თავისა და პირადი ცხოვრების დავიწყებას.

ახალბედა დედებს ვეტყოდი: თქვენი სურვილები, თქვენი განვითარება და თქვენი კეთილდღეობაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ბავშვის. არ მოგერიდოთ დახმარების თხოვნის, აუცილებელია დაელაპარაკოთ პარტნიორს, გაინაწილოთ შრომა და თანაბრად მოუაროთ ბავშვს. ყველას გაგვიგია ფრაზები: „რა კარგი მამაა“, „როგორ ეხმარება ცოლს ბავშვის მოვლაში“, მაგრამ იშვიათად ვინმემ შეაქოს ქალი იმის გამო, რომ მშობელთა კრებაზე მივიდა ან ბავშვი პარკში გაასეირნა, კაცს კი შეაქებენ. სინამდვილეში მამა კი არ ეხმარება დედას, არამედ მშობლის საკუთარ პასუხისმგებლობას ასრულებს. ბავშვის აღზრდა ხომ ორივე მშობლის პასუხისმგებლობაა.

კიდევ ერთი ფრაზაა, რაც ხშირად მომისმენია: „შვილების გამო ოჯახი არ დავანგრიე“. მე კი ვფიქრობ, შვილი მაშინაა ბედნიერი, როცა დედაა ბედნიერი. როცა დედა საკუთარ თავსაც უფრთხილდება, ეს საბოლოოდ მთელი ოჯახის კეთილდღეობაზეც აისახება.

დედობის პარალელურად ხართ ბიზნესვუმენი. როდის მიხვდით, რომ Nuki Cosmetics იყო არა მხოლოდ ერთი წარმატებული პროდუქტი, არამედ ბრენდი, რომელსაც დიდი მომავალი ჰქონდა?

ვერასოდეს წარმომედგინა, რომ საკუთარ ბიზნესს შევქმნიდი და ასეთ დიდ პასუხისმგებლობას ავიღებდი. ბევრჯერ მომიყოლია, რომ ყველაფერი ერთი ტუჩსაცხით დაიწყო, რომელიც მხოლოდ ჩემთვის უნდა შექმნილიყო. თუმცა, წარმოების პირობებიდან გამომდინარე, დიდი რაოდენობის შეკვეთის გაკეთებამ მომიწია. იმხელა უკუკავშირი და ინტერესი მოჰყვა, რომ გაჩნდა იდეა, საზოგადოებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქცია შეგვეთავაზებინა ბიუჯეტურ ფასად. დღეს NUKI cosmetics არ არის მხოლოდ ბრენდი, ეს არის იდენტობა, რომელიც მინდა ყველა ქალამდე მივიდეს. ჩვენ მუდმივად ვეუბნებით ჩვენს მომხმარებელს, რომ ის უნიკალურია, საუკეთესოა და მას ყველაფერი შეუძლია. მე თუ გამომივიდა, რომელსაც ვერასოდეს წარმოედგინა ამ სფეროში ყოფნა, მაშინ თქვენც გამოგივათ.

როგორ იქმნება Nuki Cosmetics-ის ახალი პროდუქტები? როგორ არჩევთ, რომელი პროდუქტი უნდა დაემატოს?

NUKI Cosmetics მომხმარებლებთან ერთად იქმნება. მათგან მიღებული იდეები ჩემთვის მნიშვნელოვანია. ხშირად სწორედ მათი სურვილები ხდება ახალი პროდუქტის შექმნის მიზეზი. ასე მოხდა, მაგალითად, ჩვენი სუნამოს შემთხვევაშიც. ბევრმა მოგვწერა, რომ Baccarat ძალიან მოსწონდათ, მაგრამ მისი შეძენა მაღალი ფასის გამო არ შეეძლოთ. სწორედ ამიტომ შევქმენით მსგავსი არომატი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია. არასოდეს დამავიწყდება, ერთმა ქალბატონმა მომწერა, Baccarat მეუღლემ 800 ევროდ შემიძინა, ახლა კი თქვენი შექმნილი სუნამო (რომელსაც იდენტური სუნი აქვს) ჩემს დამლაგებელს ასხია, როგორ არ გრცხვენიაო?! ჩემი მიზანიც ეს არის, ხარისხიანი და სასურველი პროდუქტი ბიუჯეტურ ფასად შევთავაზო მომხმარებელს.

მე ვცხოვრობ სეფორას თავზე, როდესაც შევდივარ და რამე ახალი და საინტერესო მხვდება, მინდება შევიძინო, მაგრამ ამას არ ვაკეთებ და ჩემსას ვქმნი. სხვა ბრენდის გამოყენებით მგონია, რომ ჩემს მოხმარებელს მოვატყუებ.

ამერიკის ბაზარზე გასვლა რამდენად რთული აღმოჩნდა? როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ამერიკის ბაზარზე ძალიან რთულია გასვლა, თუმცა მე თავიდანვე თადარიგი დავიჭირე და ყველანაირი სერტიფიცირება და ლიცენზირება გავაკეთე. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ოფიციალურად შემოვსულიყავი ამერიკის ბაზარზე, რადგან ამას ყურადღება ექცევა. როცა ბრენდი შემოდის საბაჟოზე, ეს ინფორმაცია ღიაა და კლინიკები და ბრენდები ხედავენ ამას. ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც და ერთ-ერთმა ძალიან დიდმა კლინიკამ შეიძინა ჩვენი პროდუქცია.

გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ NBC-თან. ჯენა ბუში, რომელიც დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანია, NUKI Cosmetics-ის ტუჩსაცხს იყენებს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი აღიარებაა, რადგან მას შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი პრემიუმ ბრენდი აირჩიოს.

სამომავლოდ ჩემი მთავარი მიზანი ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება და ბრენდის საერთაშორისო განვითარებაა. მინდა მსოფლიომ გაიცნოს ქართული ბრენდი NUKI Cosmetics და იცოდნენ, რომ ქართული პროდუქტი მაღალი ხარისხისაა. ამასთან ერთად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩვენი პროდუქცია ყოველთვის ხელმისაწვდომი დარჩეს ქართველი მომხმარებლისთვის.

როგორ ახერხებთ საკუთარი თავისთვის სივრცის დატოვებას?

ჩემი სივრცე არის ჩემი შვილები, ჩემი ოჯახი, ჩემი საქმე. გამოდის, რომ მთელი სივრცე ჩემთვისაა დატოვებული. არასდროს ვაკეთებ იმას, რაც არ მომწონს. ახლახან დავიწყე ყოველდღე ვიდეოების დადება youtube-ზე. ძალიან მომწონს და დიდ სიამოვნებას ვიღებ. ჩემი პირადი სივრცე სწორედ ეს ყველაფერია, რაც ბედნიერს მხდის.

რაზე ოცნებობს დღეს ნუკი?

მე მიზნების დასახვა მიყვარს. ყველაზე დიდი სურვილი ისაა, რომ ჩემი შვილები ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ. მინდა, რომ მე და ბენი ასე ვიყოთ სულ. მეშინია, რომ ის კრიზისები, რაც აქვთ ხოლმე წყვილებს, ჩვენც არ დაგვეწყოს. ძალიან მინდა ჩემ გარშემო ყველა კარგად და ჯანმრთელად იყოს. ბევრი ღიმილი და სიცილი მინდა. ბევრს ვიცინოდეთ და გვჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

პროექტი: ნიკა გომართელი

ფოტო: ნანო თენოშვილი

ტექსტი: სოფიო მალანია

მაკიაჟი: სოფია საენკო

თმა: ირმა იასაღაშვილი, თაი შერმადინი

სტუდია: Vangal Studio