საქართველოში დენგეს ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული პაციენტი, არსებული ინფორმაციით, იმყოფებოდა დენგეს გავრცელების მაღალი რისკის რეგიონში და ამჟამად თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.
დენგე უკვე აღარ განიხილება მხოლოდ ტროპიკული ქვეყნების დაავადებად – ბოლო წლებში მისი გავრცელება მნიშვნელოვნად გაიზარდა და შემთხვევები ევროპაშიც კი ფიქსირდება.

როგორც პროფესორი გიორგი ფხაკაძე მის პოსტში განმარტავს, დენგე პირდაპირ ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის. ინფექციის გადამტანია Aedes-ის ტიპის კოღო, რომელიც განსაკუთრებით აქტიურია თბილ და ნოტიო კლიმატში. სწორედ ამიტომ, დაავადება ყველაზე მეტად ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში ვრცელდება, თუმცა გლობალური დათბობისა და მოგზაურობის ზრდის ფონზე მისი არეალი ფართოვდება.
დენგეს ძირითადი სიმპტომებია:
- მაღალი ტემპერატურით
- ძლიერი თავის ტკივილით
- კუნთებისა და სახსრების ტკივილით
- საერთო სისუსტით
- გამონაყარით
- მძიმე შემთხვევებში – სისხლდენით
ფხაკაძე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება იმ ადამიანებმა მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას, ვინც ბოლო პერიოდში იმყოფებოდა დენგეს გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში. სიცხის ან მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან დროული მიმართვა და მოგზაურობის ისტორიის დაფიქსირება.
პროფესორის თქმით, დენგეს საკითხი მისთვის დიდი ხნის წინ გახდა კვლევის საგანი. როგორც ის აღნიშნავს, ჯერ კიდევ 2003 წელს, ინდოეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა სამეცნიერო ნაშრომი ამ დაავადებაზე, როდესაც დენგე ბევრისთვის მხოლოდ „შორეულ ტროპიკულ პრობლემად“ აღიქმებოდა.
„დღეს უკვე ნათელია, რომ დენგე გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევად იქცა,“ – აღნიშნავს ფხაკაძე, თუმცა იქვე ხაზს უსვამს, რომ ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, მთავარი რეკომენდაციებია სიფრთხილე, ეპიდზედამხედველობა და ადრეული დიაგნოსტიკა.

20 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·