რამდენიმე დღეში საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება. ათასობით აბიტურიენტისთვის ეს პერიოდი მხოლოდ გამოცდებთან არსებულ სტრესს არ უკავშირდება. ბევრი მათგანი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას – პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით საკუთარ სურვილებსა და მშობლების მოლოდინებს შორის ბალანსის პოვნა უწევთ.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში პროფესიული არჩევანის შესაძლებლობები სულ უფრო ფართოვდება, საქართველოში ჯერ კიდევ ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლები შვილების არჩევანს ეწინააღმდეგებიან. ზოგჯერ ამის მიზეზი სტაბილური მომავლის სურვილია, ზოგჯერ – საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები, ზოგჯერ კი მშობლების პირადი გამოცდილება და შეუსრულებელი ოცნებები.

ამ თემაზე არაერთხელ უსაუბრია ქართველი კონტენტ კრეატორსა და ესნაპური ენის პედაგოგ სანდრო გოცირიძეს, რომელიც პროფესიით იურისტია, თუმცა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იურიდიულ სფეროს აღარ გაჰყოლია:
სანდრო, პროფესიის არჩევისას მშობლების გავლენაზე არაერთხელ გისაუბრიათ. თქვენი აზრით, რატომ უჭირთ ზოგიერთ მშობელს შვილის პროფესიული არჩევანის მიღება და რა გავლენას ახდენს ეს ახალგაზრდაზე?
ეს თემა დღეს მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალურია და რა თქმა უნდა, საქართველო გამონაკლისი არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ საკითხზე მუშაობას საკმაო რესურსი, დრო და სწორი, სისტემური მიდგომები სჭირდება, სადაც ჩართული იქნებიან მოსწავლე, მშობელი, განათლების სისტემა, ფსიქოლოგი და სხვა სპეციალისტები.
გავლენა, რომელიც ხშირ შემთხვევაში პირდაპირ ან ირიბად ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც ემსგავსება, პოზიტიურად არ მიმაჩნია. ზუსტად ეს გზა მაქვს გავლილი თავად და ვიცი, რა მტკივნეულია, შეცდე პროფესიაში და დაკარგო შენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი წლები.
ბევრი კონტრარგუმენტი მომისმენია — ბავშვებიც ხომ ცდებიან პროფესიის არჩევის დროს, როდესაც თავად ირჩევენ კარიერას? დიახ, ცდებიან და ასეთი შემთხვევებიც ბევრია. თუმცა, საკუთარი შეცდომის გაანალიზება, მგონია, ნაკლებად მტკივნეულია, ვიდრე იმის აღიარება და გააზრება, რომ ეს შეცდომა სხვა ადამიანებმა — მშობლებმა, ნათესავებმა თუ სხვებმა — დაგაშვებინეს, მაშინ, როცა თავად ეს საერთოდ არ გინდოდა.
ეს, რა თქმა უნდა, ტრავმად რჩება, რომლის დამუშავებაც საკმაოდ რთულია და ამ ყველაფრიდან გამოსვლასაც ძალიან დიდი დრო და ენერგია სჭირდება.
ამიტომ, ადამიანები, რომლებიც პოპულიზმის, არასწორი და მოძველებული სტერეოტიპული შეხედულებების გამო მშობლებმა შეცდომაში შეიყვანეს, ხშირად იკარგებიან და უჭირთ სწორ კარიერულ გზაზე დადგომა. შეუძლებელი არაფერია, თუმცა ჯობს ადამიანმა თავად დაუშვას შეცდომა და მისგან ისწავლოს, ვიდრე ეს შეცდომა სხვებმა დააშვებინონ, რადგან ეს ბევრად უფრო მტკივნეულია.
თქვენივე გამოცდილებით რას ურჩევდით იმ მოზარდებს, რომლებიც პროფესიის არჩევისას მშობლების წინააღმდეგობას აწყდებიან და რა რჩევას მისცემდით თავად მშობლებს?
მოზარდებს ვურჩევდი მაქსიმალურად ეცადონ დიალოგს მშობლებთან, ვინაიდან ისინი არიან ჩვენთვის ავტორიტეტები და რაღაც მომენტში არ გვინდა მათი იმედების გაცრუება. თუმცა სასწორის მეორე პინაზე ჩვენი კარიერა და მომავალი ცხოვრება დევს, რომელიც მგონია ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე მშობლის წყენინება, რაც ალბათ მალეც გაივლის.
ბავშვები, რომელთაც აქვთ საკმარისი ინფორმაცია თავიანთ სამომავლო სასურველ პროფესიაზე, უნდა ეცადონ დაანახონ მშობელს ამ პროფესიის მახასიათებლები, პერსპექტივა, სტაბილურობა და სხვა ის მახასიათებლები, რომლებიც მათ იმ შიშს გაუქარწყლებს, შვილის მომავალთან რომაა დაკავშირებული.
მშობლებსაც მოვუწოდებდი, უკეთ შეისწავლონ საკუთარი შვილების უნარები, შესაძლებლობები, ძლიერი და სუსტი მხარეები და გადაწყვეტილებები რეალობიდან გამომდინარე მიიღონ და არა ათწლეულების წინანდელი სტერეოტიპებით, რომელთაც უამრავ ადამიანს დაუკარგავს სასურველი პროფესიული კარიერის შესაძლებლობა.

იმის გასარკვევად, თუ რატომ ჩნდება მშობლებსა და შვილებს შორის უთანხმოება პროფესიის არჩევის საკითხზე და რა ფაქტორები განაპირობებს მას, ფსიქოლოგ ირინე ტაბუციძეს ვესაუბრეთ, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მშობლების მიერ ბავშვებისადმი მსგავსი დამოკიდებულება მხოლოდ ერთჯერადი მოვლენა არ არის – ხშირად ეს იმ დამოკიდებულების გაგრძელებაა, რომელიც ბავშვის მიმართ ადრეული ასაკიდანვე არსებობდა:
ქ. ირინე, რატომ უჭირს ზოგიერთ მშობელს შვილის პროფესიული არჩევანის მიღება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს არჩევანი მათ წარმოდგენებს არ ემთხვევა?
ალბათ, ნებისმიერი მშობელი, ვისთვისაც შვილის პროფესიული არჩევანი მიუღებელია, საკუთარ პოზიციას ზრუნვითა და სიყვარულით ხსნის. ის გეტყვით, რომ ამას შვილის უკეთესი მომავლისთვის აკეთებს. თუმცა, ამის უკან სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იდგეს.
ერთ-ერთი მიზეზი კონკრეტული პროფესიების მიმართ არსებული სტერეოტიპებია. მშობელს შეიძლება გარკვეული პროფესია მიუღებლად მიაჩნდეს, რადგან მასთან აკავშირებს ისეთი პიროვნული თვისებები ან ცხოვრების წესი, რომლის დანახვაც საკუთარ შვილში არ სურს. ეს, რა თქმა უნდა, ხშირად სუბიექტური და სტერეოტიპული შეხედულებაა.
მეორე გავრცელებული მიზეზია მშობლის საკუთარი, განუხორციელებელი ოცნებები. ხშირად ხდება, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში თავად სურდა კონკრეტული პროფესიის დაუფლება, თუმცა ეს ვერ მოახერხა და ახლა იმავე გზაზე შვილის წარმართვას ცდილობს.
მესამე მიზეზი კონტროლის ჩვევაა. ზოგიერთი მშობელი მიჩვეულია, რომ შვილის ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას თავად იღებს. ამიტომ, მაშინაც კი, როცა შვილი უკვე სრულწლოვანია, თავს ვალდებულად მიიჩნევს, არა მხოლოდ დაეხმაროს, არამედ გარკვეული მიმართულებით უბიძგოს კიდეც.
არსებობენ მშობლებიც, რომლებსაც ბავშვის მომავალი თითქმის მისი დაბადების დღიდანვე აქვთ განსაზღვრული. ასეთ შემთხვევაში ალტერნატივები პრაქტიკულად არ განიხილება — მშობელმა უკვე „იცის“, რა არის საუკეთესო შვილისთვის.
საბოლოოდ, მიზეზი იმდენივე შეიძლება იყოს, რამდენი ადამიანიც არსებობს. შესაძლოა, იშვიათ შემთხვევებში მშობლის შეფასება სწორი აღმოჩნდეს, მაგრამ შვილის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღება აღზრდის ეფექტურ მეთოდად ვერ ჩაითვლება.
რა გავლენას ახდენს მოზარდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ის ფაქტი, რომ საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებას არ აძლევენ?
როგორც წესი, პროფესიის არჩევისას გამოვლენილი ზედმეტი კონტროლი ერთჯერადი მოვლენა არ არის. ხშირად ეს იმ დამოკიდებულების გაგრძელებაა, რომელიც ბავშვის მიმართ ადრეული ასაკიდანვე არსებობდა — როდესაც მშობელი თვლის, რომ თავად უკეთ იცის, რა სჭირდება მის შვილს.
დამოუკიდებლობის პირველი ნიშნები ძალიან ადრეულ ასაკში ჩნდება. მაგალითად, ფსიქოლოგიაში ცნობილია ერთწლიანი კრიზისი, როდესაც ბავშვი სიარულს იწყებს და ცდილობს დამოუკიდებლად გადაადგილდეს. შემდგომ მოდის სამწლიანი კრიზისი, როცა განსაკუთრებით ძლიერია ინდივიდუალობის გამოხატვის სურვილი და ბავშვი ცდილობს, ყველაფერი თავად გააკეთოს.
ამ პერიოდში ბავშვი, ბუნებრივია, შეცდომებსაც უშვებს, თუმცა სწორედ შეცდომების გზით სწავლობს გადაწყვეტილებების მიღებას. მშობლის ამოცანაა, დაიცვას მისი უსაფრთხოება, მაგრამ არა ის, რომ ყველა გადაწყვეტილება მის ნაცვლად მიიღოს.
თუ ბავშვს ასაკის შესაბამისად ეძლევა დამოუკიდებლობის სივრცე, ის ნელ-ნელა სწავლობს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას და საკუთარი შესაძლებლობების შეფასებას. შესაბამისად, პროფესიის არჩევის ასაკშიც უფრო მეტად ენდობა საკუთარ თავს.
ამიტომ, პროფესიის არჩევის უფლების შეზღუდვა, როგორც წესი, ცალკეული ტრავმული მოვლენა კი არ არის, არამედ იმ ურთიერთობის ნაწილია, სადაც ბავშვის აზრი და არჩევანი სისტემატურად ნაკლებად ფასდება.
როგორ უნდა გაარჩიონ მშობლებმა ზრუნვა და კონტროლი ერთმანეთისგან?
ზრუნვასა და კონტროლს შორის ზღვარი ხშირად ძალიან შეუმჩნეველია. მშობლებს ხშირად უჭირთ იმის განსაზღვრა, სად მთავრდება დახმარება და სად იწყება ჩარევა.
ალბათ, მთავარი კრიტერიუმი ბავშვის არჩევანის პატივისცემაა. თუ შვილს შეუძლია ახსნას, რატომ მოსწონს კონკრეტული პროფესია, რა იზიდავს ამ სფეროში და რატომ სურს ამ გზის არჩევა, მნიშვნელოვანია, რომ მის აზრს სერიოზულად მოვეკიდოთ.
ამასთანავე, არ უნდა შევქმნათ ილუზია, თითქოს ერთი გამოცდა ან ერთი გადაწყვეტილება ადამიანის მთელ მომავალს განსაზღვრავს. პროფესიის შეცვლა, ფაკულტეტიდან ფაკულტეტზე გადასვლა ან საკუთარი ინტერესების ხელახლა აღმოჩენა სრულიად ბუნებრივი პროცესია.
ბევრად უკეთესია, ადამიანმა გარკვეული დრო დაუთმოს საკუთარი გზის ძიებას, ვიდრე მთელი ცხოვრება იმ არჩევანის ტვირთი ატაროს, რომელიც სინამდვილეში მისი არასოდეს ყოფილა.
რას ურჩევდით მშობლებსა და ახალგაზრდებს, რომლებიც ზუსტად ამ გზას გადიან ახლა?
უპირველესად, უნდა გვახსოვდეს, რომ 17-18 წლის ასაკში ადამიანის იდენტობა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, სწორედ მოგვიანებით — დაახლოებით 20-21 წლის ასაკში იწყებს ადამიანი საკუთარ თავზე, ინტერესებზე, ღირებულებებსა და მომავალზე უფრო ღრმა ფიქრს.
ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ სკოლის დამთავრებისას ბევრ ახალგაზრდას ჯერ კიდევ არ ჰქონდეს ზუსტად განსაზღვრული, რა პროფესიის არჩევა სურს. თუმცა, როგორც წესი, უკვე შესაძლებელია ზოგადი მიმართულებების გამოკვეთა – მაგალითად, უფრო ტექნიკური თუ ჰუმანიტარული სფეროების მიმართ ინტერესის აღმოჩენა.
გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა ახალგაზრდებს საკმაოდ ადრე აყენებს პროფესიული არჩევანის აუცილებლობის წინაშე, რაც ამ პროცესს კიდევ უფრო ართულებს.
ყველაზე დიდი ფუფუნება, რაც მშობელს შეუძლია შვილს მისცეს, შეცდომის დაშვების უფლებაა. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდამ იცოდეს, რომ თუ არჩეული გზა მისთვის შესაფერისი არ აღმოჩნდება, მისი შეცვლა ტრაგედია არ არის. პროფესიის, ფაკულტეტის ან მიმართულების შეცვლა ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილია. მთავარია, შვილს ჰქონდეს განცდა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მშობელი მის გვერდით დგას.


3 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·