#OK! დუა ლიპამ პორტუგალიაში აკრძალული წიგნების ბიბლიოთეკა გახსნა

2 hours ago 4

მომღერალმა დუა ლიპამ წიგნების კლუბი Service95 ახალ ეტაპზე გადაიყვანა და პორტუგალიის ქალაქ პორტუში საკუთარი პირველი ფიზიკური ბიბლიოთეკა – Manifesto Library – გახსნა. სივრცე ისტორიულ Livraria Lello-ს წიგნის მაღაზიაში მდებარეობს და როგორც აკრძალულ, ისე ცენზურის მსხვერპლ წიგნებს აერთიანებს.

ბიბლიოთეკა 27 ივნისს, ლიტერატურული ფესტივალის BABELL – City of Books ფარგლებში გაიხსნა. პროექტი Service95 Book Club-ისა და Livraria Lello-ს თანამშრომლობით შეიქმნა.

ახალ სივრცეში წარმოდგენილია 100 თანამედროვე წიგნი, რომლებიც თავისუფლების, იდენტობის, მეხსიერების, ძალაუფლებისა და კრიტიკული აზროვნების თემებს ეხება. მათ შორის არის ისეთი გამოცემებიც, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში სკოლებიდან ან ბიბლიოთეკებიდან აიკრძალა.

„ეს ბიბლიოთეკა არის ძეგლი იმ წიგნებისთვის, რომლებიც გაქრა, იმ ავტორებისთვის, რომელთა გამბედაობამ ძალაუფლებისა და კონტროლის სისტემები ამხილა, და იმ მკითხველებისთვის, რომლებიც არ ეთანხმებიან იმას, რომ ვინმემ უკარნახოს, რა უნდა წაიკითხონ,“ – წერს დუა ლიპა სოციალურ ქსელში.

Dua Lipa

მომღერლის თქმით, Manifesto Library იმ იდეას ეფუძნება, რომ წიგნის აკრძალვით მხოლოდ ერთი ისტორია არ იკარგება – იზღუდება ადამიანების უფლება, დასვან კითხვები, წარმოიდგინონ და უკეთ გაიაზრონ სამყარო.

დუა ლიპამ აღნიშნა, რომ Service95 სწორედ იმ მიზნით დააარსა, რომ ის მთელ მსოფლიოში მწერლებისა და მკითხველებისთვის საერთო სივრცედ ქცეულიყო.

„მსურს, ეს ადგილი იყოს ყველასთვის, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ ან რა პირობებში უწევთ ცხოვრება. კითხვა ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს, თუმცა, სამწუხაროდ, ყველას არ სურს ეს,“ – ამბობს მომღერალი.

მისივე თქმით, ბიბლიოთეკაში თავმოყრილია წიგნები, რომლებიც ხშირად რასის, სექსუალობის, გენდერული იდენტობისა და სხვა მნიშვნელოვანი თემების გამო აიკრძალა. ზოგიერთ შემთხვევაში კი ავტორებმა საკუთარი შეხედულებების გამო სიცოცხლეც კი დაკარგეს.

დუა ლიპა მკითხველებს ბიბლიოთეკის მონახულებისა და საკუთარი აზრის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს.

„ზოგჯერ ყველაზე გაბედული რამ, რაც შეგიძლია გააკეთო, არის წიგნის წაკითხვა და შემდეგ მასზე საუბარი,“ – აღნიშნავს ის.

სრულად წაკითხვა