ჟურნალ OK! გთავაზობთ ექსკლუზივს: ისტორიული ბანკნოტში დაფარული სიმბოლოები და უმაღლესი ხარისხის დიზაინი.
საქართველოს პირველი საკოლექციო დანიშნულების ევრობანკნოტი ლიმიტირებული ტირაჟით, 5000 ცალი დაიბეჭდა ნიდერლანდების დაცული ბეჭდვის, მაღალი უსაფრთხოების დაწესებულება Royal Joh. Enschedé-ში. უნიკალური, საკოლექციო დანიშნულების მქონე ბანკნოტი მდიდარია სიმბოლური ელემენტებით, რომელიც საქართველოს მრავალსაუკუნოვან, მდიდარ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას განასახიერებს. თრეჟარიუმის დამფუძნებელი, ამირ იაშარ აჯამი, თვეების განმავლობაში იკვლევდა და ცდილობდა, შეერჩია ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოები, რომლებიც საუკეთესოდ წარმოაჩენდა საქართველოს მრავალწახნაგოვან ისტორიულ წარსულს.
სანამ უშუალოდ ბანკნოტის დიზაინზე გადავალთ, უნდა აღინიშნოს Royal Joh. Enschedé სტამბა, სადაც იბეჭდებოდა ბანკნოტები მეფეების, სახელმწიფოებისა და თვით ევროკავშირისთვისაც კი. საკოლექციო ბანკნოტზე დატანილია Royal Joh. Enschedé-ის პრეზიდენტისა და მდივნის ხელმოწერა, რაც ადასტურებს ბანკნოტის, როგორც ელიტური საკოლექციო ნივთის სტატუსს.
დიზაინი, რომელიც ისტორიას მოგვითხრობს
ამ ბანკნოტის თითოეული დეტალი გაჯერებულია ისტორიული და სიმბოლური დატვირთვით, რაც მას ნამდვილად გამოარჩევს. დიზაინის შუაგულში ქვევრია მოთავსებული – თიხისგან დამზადებული ქართული ტრადიციული ღვინის ჭურჭელი. ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ბანკნოტის დიზაინის განუყოფელი და გამორჩეული ნაწილია ალავერდის მონასტერი, საქართველოს ეკლესიასა და ქართულ მევენახეობას შორის არსებული მტკიცე კავშირის საუკეთესო მაგალითი და დავით გარეჯი – საქართველოსთვის გამორჩეული სიწმინდე და კულტურული მემკვიდრეობის თვალსაჩინო ძეგლი. ბერები საუკუნეების განმავლობაში მისდევდნენ მეღვინეობის ხელოვნებას, ალავერდის მონასტერი კი ამ ტრადიციას არც ახლა ღალატობს.
ხელნაწერით გადმოცემული სათქმელი
საკოლექციო ბანკნოტის ღირებულებას მასზე დატანილი ისტორიული ელემენტებისა და იდეის მიღმა სხვა დეტალებიც განსაზღვრავს. ბანკნოტზე დატანილი ხელნაწერის ნიმუში არ არის შემთხვევითი წარწერა – ის საგანგებოდაა შერჩეული. პროექტის ავტორმა, ამირ იაშარ აჯამმა თავად შეარჩია „შენ ხარ ვენახი“. შუა საუკუნეების ქართული საგალობელი, რომელიც ღვთისმშობლისა და ვენახის სადიდებლად შეიქმნა, გამორჩეულ შინაარსსაც ატარებს.
- სამი სიტყვა – სიმბოლურად წმინდა სამებას აღნიშნავს.
- თორმეტი ასო – ქრისტეს თორმეტ მოციქულს განასახიერებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველმა კალიგრაფმა, დავით მაისურაძემ კალიგრაფიული ნამუშევრის შექმნისას ქვევრისთვის დამახასიათებელი ფორმის ინტეგრირებაც შეძლო. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ კოლექციონერებისთვის მსგავსი სიმბოლიზმი ძალიან მნიშვნელოვანია.
ცნობილი მხატვრის, გია ჯაფარიძის შთამბეჭდავი ილუსტრაცია – მამაკაცი, რომელსაც ქვევრზე მკლავები აქვს შემოხვეული, ბანკნოტის უკანა მხარეს ამშვენებს. ეს ხელოვნებაზე ბევრად მეტია – ეს პოეზიის ენაა, რომელიც მხატვრობაში გამოხატავს ქართველთა მარადიულ სიყვარულს მეღვინეობის კულტურის მიმართ. თუ კარგად დააკვირდებით, ქვევრზე შემოხვეულ ვაზს სამი მტევანი ყურძენი და სამი ფოთოლი აქვს, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს სამების სიმბოლიკაზე.
შექმნილია პროფესიონალების მიერ
საკოლექციო ბანკნოტის შექმნაზე ბანკნოტების მსოფლიოს წამყვანი დიზაინერებისა და სპეციალისტების ჯგუფი ექვსი თვის განმავლობაში ჰოლანდიელი დიზაინერის, კრისტიან პეტერმანის ხელმძღვანელობით მუშაობდა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ გრავირება, ილუსტრაციები და დამცავი ნიშნები სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან. თავდაუზოგავი და კომპლექსური შრომის შედეგად მივიღეთ პირველი ქართული საკოლექციო დანიშნულების მქონე ბანკნოტი მხატვრული კომპოზიციის უნიკალური სიმბოლური ელემენტებითა და კულტურულ-ისტორიული კონტექსტით, რომელშიც ინტეგრირებულია დაცული ბეჭდვის მიმართულებით არსებული თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების ელემენტები. აქვე სიამაყით უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის წლის აღმნიშვნელი სერიული ნომერი, (01991) ნიდერლანდებში, Crown Currency-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად, 3 500 ევროდ გაიყიდა.
ნუმიზმატიკური ღირებულება და საინვესტიციო პოტენციალი
საინტერესო ფაქტია, რომ ამ ბანკნოტის ნომინალური ღირებულება 8000-ს შეადგენს. მაგრამ სანამ ვალუტის კონვერტაციას შეუდგებოდეთ, უნდა განიმარტოს, რომ ეს მხოლოდ სიმბოლური რიცხვია! ქართული ღვინის ისტორიის უნიკალურობის საიდუმლო მევენახეობა-მეღვინეობის 8000-წლიან უწყვეტ ტრადიციაში მდგომარეობს, ნომინალი „8000“ სწორედ აღნიშნულ მემკვიდრეობას განასახიერებს. ჩვეულებრივი ბანკნოტებისგან განსხვავებით, რომელთაც მსყიდველობითი უნარი აქვთ, საკოლექციო ბანკნოტს მზარდი საინვესტიციო პოტენციალი აქვს საერთაშორისო ნუმიზმატიკურ ბაზარზე.
დაბოლოს, რატომ უნდა გავხდეთ საქართველოს უნიკალური მემკვიდრეობის სიმბოლოდ ქცეული, პირველი ქართული ევრობანკნოტის, ევრო 8000-ის მფლობელი?
იმის მიუხედავად, ძვირადღირებული ნივთების კოლექციონერი, ღვინის ენთუზიასტი თუ, უბრალოდ, შთამბეჭდავი ნამუშევრების დამფასებელი ხართ, ეს ბანკნოტი არის ნივთი, რომელიც აუცილებლად უნდა შეიძინოთ. სიმბოლიზმით დატვირთული დიზაინი და ამბავი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უძველეს ტრადიციას უკავშირდება, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაზრდის ამ ნამუშევრის ღირებულებას. ამასთან, საკოლექციო ბანკნოტი გამოირჩევა დიზაინითა და ტექნიკური შესრულების უნიკალური მიდგომებით.
ეს არ არის მხოლოდ ბანკნოტი – ეს მართლაც რომ ფასდაუდებელი ღირებული მემკვიდრეობაა.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ნანო თენოშვილი