#OK! ეკა ჩავლეიშვილი ფილმში ალისია ვიკანდერთან და კირა ნაითლისთან ერთად ითამაშებს

1 hour ago 2

რეჟისორ საიმონ ვუდსის ახალ ფილმში „The Worst“ ერთ-ერთ როლს ქართველი მსახიობი, ეკა ჩავლეიშვილი შეასრულებს. ფილმის გადაღება საფრანგეტში უკვე დაიწყო.

მთავარ როლებს ალისია ვიკანდერი, კირა ნაითლი და ერინ კელიმანი ასრულებენ. პროექტში ასევე მონაწილეობენ ტომ ჰოლანდერი, სემ კლაფლინი, შიან კლიფორდი და ანა მაქსველ მარტინი.

ფილმის მთავარი გმირები  ემილი ფიშერი (ალისია ვიკანდერი) და მისი მეუღლე მაქსი (ტომ ჰოლანდერი) არიან, რომლებიც თავიანთ მდიდარ მეგობრებს საფრანგეთში, ახალ შატოში გამართულ საღამოზე ეპატიჟებიან.

ერთი შეხედვით ელეგანტური და დახვეწილი საღამო მალევე გარდაიქმნება დაძაბულ ფსიქოლოგიურ თამაშად, როდესაც სტუმრებს შორის არსებული დაპირისპირებები და დამალული საიდუმლოებები ზედაპირზე ამოდის.

აღსანიშნავია, რომ ქასთინგის რეჟისორი დიქსი ჩესი 2024 წელს თბილისში, კინოდაჯილდოება „ელისოს“ ჟიურის წევრი იყო და სწორედ იქ გაეცნო ეკა ჩავლეიშვილის შემოქმედებას.

„იანვარში დამირეკა ნატალია ჯუღელმა და მითხრა, რომ დიქსი ჩესი ჩემთან დაკავშირებას ცდილობდა და ვიდეოს ჩაწერას მთხოვდა. ვინაიდან საქართველოში აგენტები არ გვყავს და საერთაშორისო სისტემა ჩვენთვის უცხოა, ნატალია მთელ პროცესში დამეხმარა. სოსო ბლიაძე და თაკი მუმლაძეც გამომიგზავნა, რომ კარგი ვიდეო გამოსულიყო.

ვიდეოს გაგზავნიდან რამდენიმე კვირაში როლზე დამამტკიცეს და უამრავი კითხვა დამისვეს. ვინაიდან თარჯიმანი მჭირდებოდა, თაკი მუმლაძეც დავიმგზავრე და 27 მაისიდან პროვანსში ვართ.

სეტზე მუშაობენ ზეპროფესიონალები, რომლებიც უზადოდ ასრულებენ თავიანთ საქმეს. მანამდე ორ ფილმზე ვიმუშავე ელენე ნავერიანთან, სადაც უკვე მქონდა გამოცდილება საერთაშორისო გუნდთან მუშაობის.

სულ 12 მსახიობია ფილმში. ყველა ერთმანეთზე უკეთესია — პროფესიონალები, მოწესრიგებულები, ნიჭიერები და ძალიან კეთილგანწყობილები. ახლა ვმოგზაურობ საიმონ ვუდსის ჯადოსნურ სამყაროში,“ — ამბობს მსახიობი.

ეკა ჩავლეიშვილი მაყურებლისთვის განსაკუთრებით ცნობილია თამთა მელაშვილის რომანის ეკრანიზაციაში — „შაშვი შაშვი მაყვალი“ შესრულებული მთავარი როლით (ეთერო), რისთვისაც მას საუკეთესო მსახიობის ჯილდო აქვს მიღებული.

სრულად წაკითხვა