#OK! ესთეტიკა, რომელიც ემოციებს ქმნის

7 hours ago 5

ყველაზე დასამახსოვრებელი დღესასწაული მხოლოდ ლამაზი დეკორაციებით არ იქმნება, მას განსაკუთრებულს ემოციები, განწყობა და ის ატმოსფერო ხდის, რომელიც თითოეულ დეტალში იკითხება. სწორედ ამ ფილოსოფიას ეფუძნება „ელბი დეკორი • L&B DECOR“ – ბრენდი, რომლისთვისაც დეკორი მხოლოდ ვიზუალური სილამაზე კი არა, ხელოვნება, ინდივიდუალიზმი და თითოეული ადამიანის ისტორიის გამოხატვის საშუალებაა.

კომპანიის დამფუძნებელმა, მარიამ ბრეგაძემ, ოჯახური ტრადიცია თანამედროვე ხედვას, საერთაშორისო ტენდენციებსა და საკუთარ შემოქმედებით ხელწერას შეუთავსა. დღეს „ელბი დეკორი“ ქართულ ივენთინდუსტრიაში გამორჩეული ბრენდია, რომელიც თითოეულ პროექტს ნულიდან ქმნის და ყოველ სივრცეს უნიკალურ ხასიათს სძენს.

როგორ დაიწყო „ელბი დეკორის“ ისტორია, როგორ იბადება იდეები, რა ქმნის მის გამორჩეულ ხელწერას და რა გეგმები აქვს ბრენდს მომავალში – ამ ყველაფერზე მარიამ ბრეგაძე OK! ქუთაისს ესაუბრა.

მარიამ, როგორ დაიწყო „ელბი დეკორის“ ისტორია და რა იყო თქვენი მთავარი ინსპირაცია კომპანიის შექმნისას?

„ელბი დეკორი“ ჩემთვის მხოლოდ კომპანია არ არის – ეს ოჯახური ისტორიის, უდიდესი ენერგიის, ემოციებისა და სულის გაგრძელებაა.   დედაჩემისა და დეიდაჩემის მიერ დაწყებული საქმე წლების განმავლობაში სიყვარულითა და თავდადებით ვითარდებოდა, მე კი მას თანამედროვე ხედვა, საერთაშორისო ტენდენციები და საკუთარი ხელწერა შევმატე.

ხელოვნება ჩვენს ცხოვრებაში არასდროს ყოფილა მხოლოდ ჰობი. ბავშვობიდან ისეთ გარემოში ვიზრდებოდი, სადაც შემოქმედება, ესთეტიკა და კულტურა ყოველდღიურობის ბუნებრივი ნაწილი იყო. ჩემი ბაბუის ძმა მოქანდაკე და მხატვარი გახლდათ, ოჯახის თითქმის ყველა წევრს კი მუსიკალური და სამხატვრო უნარები, აქვთ. ვფიქრობ, სწორედ ამ გარემომ ჩამომიყალიბა ის ხედვა, რომელსაც დღეს ჩემს საქმიანობაში ვახორციელებ.

როგორ აღწერდით თქვენი ბრენდის მთავარ ღირებულებებსა და ხედვას?

ჩვენი მთავარი ღირებულებებია ხარისხი, ინდივიდუალური მიდგომა, ესთეტიკა, გულწრფელი ემოცია.

არასდროს ვქმნით ორ ერთნაირ პროექტს, რადგან გვჯერა, რომ თითოეულ ადამიანს საკუთარი ისტორია ემოცია და ხასიათი აქვს. ჩვენი მიზანია, დეკორი არ იყოს მხოლოდ ლამაზი სივრცე, ის ემოციას უნდა გამოხატავდეს, განწყობას ქმნიდეს და სტუმრებისთვის დაუვიწყარ გამოცდილებად იქცეს. სწორედ ამ ფილოსოფიით ვქმნით პროექტებს, რომელიც დროს უძლებს.

რა ტიპის ივენთებზეა დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნა და როგორ იცვლება მომხმარებლის გემოვნება?

დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნა კვლავ ქორწილებზეა, თუმცა საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი დაბადების დღეების, კორპორაციული ღონისძიებებისა და კერძო წვეულებების მიმართ. თანამედროვე დამკვეთი გაცილებით ინფორმირებული და მოთხოვნადია, მას სურს არა უბრალოდ ლამაზი გაფორმება, არამედ უნიკალური კონცეფცია, რომელიც მის პიროვნებას ასახავს. ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო ტენდენციაა, რადგან დიზაინერს უფრო დიდ შემოქმედებით თავისუფლებას აძლევს.

როგორ იქმნება კონცეფცია თქვენთან? რა არის პირველი ნაბიჯი იდეიდან რეალიზაციამდე?

ყველაფერი იწყება ადამიანით. პირველ შეხვედრაზე ვცდილობთ, გავიცნოთ დამკვეთი, მისი ხასიათი, ცხოვრების სტილი, საყვარელი ფერები, ესთეტიკა და ემოციები, რომელიც სურს, რომ მის ღონისძიებას ახლდეს. შემდეგ ვქმნით კონცეფციას, ვიზუალურ მიმართულებას, ვარჩევთ ფერთა პალიტრასა და სტილს, თითოეულ დეტალს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, საბოლოო შედეგი იყოს Wow ეფექტი, ის ავთენტური უნდა იყოს და მხოლოდ ამ ადამიანისთვის შექმნილი.

რა განგასხვავებთ სხვა ივენთ და დეკორ კომპანიებისგან ქართულ ბაზარზე?

ვფიქრობ, ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა არის ინდივიდუალური ხელწერა და დეტალებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება. თითოეულ პროექტს თავიდან ვქმნით და შაბლონურად არასდროს ვმუშაობთ. ჩემთვის დეკორი ხელოვნებაა და არა უბრალოდ მომსახურება. სწორედ ამიტომ, ყოველთვის ვცდილობთ, შევქმნათ სივრცე, რომელსაც საკუთარი ხასიათი, ემოცია და ისტორია ექნება.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ტრენდები და როგორ ინარჩუნებთ საკუთარ სტილს ამ პროცესში?

ტრენდებს ყოველთვის ვაკვირდები, რადგან მნიშვნელოვანია მსოფლიო ინდუსტრიასთან ერთად განვითარება, თუმცა, არასდროს ვცდილობ მათ ბრმად გამეორებას. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ტრენდი მოვარგო კონკრეტულ სივრცესა და ადამიანს. სწორედ ასე იქმნება უნიკალური დიზაინი. მიმაჩნია, რომ ნამდვილი ხელწერა მაშინ ჩნდება, როდესაც მოდურ ტენდენციებს საკუთარი ხედვა და ინდივიდუალიზმი ემატება.

როგორია თქვენი გუნდის სტრუქტურა და როგორ მუშაობთ ერთად ივენთის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში?

„ელბი დეკორი“ ძლიერი გუნდის შედეგია. თითოეულ წევრს თავისი პასუხისმგებლობა და პროფესიული მიმართულება აქვს, თუმცა ყველაზე მთავარი ერთმანეთის მიმართ ნდობა საქმის სიყვარული და საერთო ხედვაა.

თითოეული პროექტი რამდენიმე ეტაპად იგეგმება – კონცეფციის შექმნიდან მონტაჟამდე – და პროცესში ყველა დეტალი ერთმანეთთან შეთანხმებით ხორციელდება. სწორედ გუნდური მუშაობა გვაძლევს შესაძლებლობას, ყველაზე რთული იდეებიც წარმატებით განვახორციელოთ, ხშირად 24 საათზე ნაკლებ დროში.

რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენს საქმიანობაში და როგორ ხედავთ „ელბი დეკორის“ განვითარებას მომავალში?

ყველაზე დიდი გამოწვევა მუდმივი განვითარებაა. ყოველი ახალი პროექტის განხორციელების შემდეგ ვცდილობთ, შემდეგი კიდევ უფრო გამორჩეული, დახვეწილი და ემოციური იყოს. არასდროს ვკმაყოფილდებით მიღწეულით, რადგან მიგვაჩნია, რომ განვითარება წარმატების მთავარი პირობაა.

მომავალში „ელბი დეკორს • L&B DECOR“ ვხედავ როგორც საერთაშორისო სტანდარტების ბრენდს, რომელიც საქართველოს ფარგლებსაც გასცდება და გამორჩეული ხელწერით სხვადასხვა ქვეყანაში შექმნის პროექტებს. ჩემი მიზანია, „Made in Georgia“ ხარისხის, ესთეტიკისა და პროფესიონალიზმის სიმბოლოდ იქცეს.

ტექსტი: მარიამ ირემაძე

ფოტო: ლანა ვახტანგაძე

სრულად წაკითხვა