2026 წლის 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა – ვენეციის 61-ე ბიენალე გაიმართება.
წლევანდელი ბიენალე ზეიმის ნაცვლად გეოპოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს. მსოფლიო ხელოვნების ეს ცნობილი ფესტივალი, რომელიც თანამედროვე ხელოვნებას აერთიანებს, წელს ქაოტური ატმოსფეროთი გამოირჩევა:
გამოფენის გახსნამდე სულ რაღაც ცხრა დღით ადრე, ბიენალეს ჟიურის მთელი წევრობა თანამდებობიდან გადადგა. მოკლე განცხადებაში ჟიურიმ აღნიშნა, რომ მხარს არ უჭერდნენ იმ ქვეყნების მონაწილეობას, „რომელთა ლიდერებიც ამჟამად კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში არიან ბრალდებულნი“, რაც პირდაპირ გულისხმობდა რუსეთსა და ისრაელს.
რუსული პავილიონი წინასწარი გამოფენის მეორე დღეს დროებით დაიხურა. მიზეზი აქტივისტების, მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გახდა, რომელიც რუსეთის ბიენალეზე მონაწილეობას აპროტესტებდა.
რამდენიმედღიანი განხილვის შემდეგ, ბიენალემ განაცხადა, რომ რუსული პავილიონი ღონისძიების მთელი პერიოდის განმავლობაში დაკეტილი დარჩება და ნამუშევრების დათვალიერება მხოლოდ ფანჯრებიდან იქნება შესაძლებელი.

გახსნასთან ერთად ათობით მხატვარმა გამოაცხადა უარი დაჯილდოების პროცესში მონაწილეობის მიღებაზე – მათ შორის, ლორი ანდერსონმა, ალფრედო ჯაარმა და ზოი ლეონარდმა, ასევე საფრანგეთის, ეკვადორისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნულმა პავილიონებმაც.
მონაწილეებმა ხელი მოაწერეს „ხელოვნება და არა გენოციდი“-ს ალიანსის (Anga) მიერ ორგანიზებულ წერილს, რომლითაც ისრაელის პავილიონის გაუქმებას ითხოვდნენ.
შედეგად, ისრაელის გამოფენა ბიენალეს მთავარ ტერიტორიაზე არსებულ ტრადიციულ შენობაში, სახელად „ჯარდინი“, არ გაიმართება. ის არსენალეს სექციაში განთავსდება.

საქართველო ბიენალეზე
აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობას საქართველოც იღებს – ეროვნულ პავილიონში წარმოდგენილი იქნება პროექტი — “თანამედროვე არგონავტები — ქართული გზაჯვარედინები“.
საქართველოს ეროვნული პავილიონი საერთაშორისო სცენაზე 17 გამოჩენილი ქართველი და უცხოელი ხელოვანის ნამუშევრებით წარდგება. პავილიონის კომისარი შალვა ხახანაშვილია, კურატორი – ნინო მეტრეველი.
გამოფენაში მონაწილეობენ: თათია დარჩიაშვილი, კონსტანტინე მინდაძე, გურამ ნიკოლაძე, ნესტან მიქელაძე, მანუჩარ ოქროსცვარიძე, გუელა პატიაშვილი, მამუკა ცეცხლაძე, მერაბ ბულიკირია, კარიმ ბორჯასი, ჟან–დომინიკ ფერუჩი, ალისკა ლაჰუსენი, ევე ტურაზოალერი საკატა, მაურო მარსენარო, სილვანო რუბინო.

In Minor Keys
გამოფენის მთავარი თემა „მცირე ტონალობები“ (In Minor Keys)“ იქნება, რომელიც აფრიკელმა არტისტმა და ბიენალეს კურატორმა კოიო კუომ 2025 წლის მაისში შეიმუშავა. კოიოს გარდაცვალების შემდეგ, იდეის რეალიზებას მისი ჯგუფი აგრძელებს.
პავილიონების გარდა, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მოინახულონ ჯარდინისა და არსენალეს დარბაზები, ასევე ქალაქის ეკლესიები, გალერეები და მუზეუმები. პროგრამა მრავალფეროვანია, თუმცა საკმაოდ დატვირთული, ამიტომ დამთვალიერებლებს ურჩევენ თვალყური ადევნონ განახლებულ გზამკვლევს.
ვენეციის 61-ე ბიენალე წელს 110 მხატვარს აერთიანებს. ნამუშევრების შერჩევას საერთაშორისო გამოფენის კურატორის წინადადების საფუძველზე, ვენეციის ბიენალეს საბჭო ახორციელებს.
ასევე, კურატორის რეკომენდაციით, ბიენალე ასახელებს საერთაშორისო ჟიურის ხუთ წევრს.
ფესტივალი მოიცავს ცენტრალურ გამოფენას; ეროვნულ პავილიონებს, სადაც ქვეყნები საკუთარი შემოქმედებით არიან წარმოდგენილნი და დამოუკიდებელ გამოფენებს მთელ ქალაქში.
ცნობილია, რომ ჯარდინის კომპლექსში დაახლოებით 30 შენობაა, რომელიც სპეციალურად ეროვნული წარმომადგენლობისთვის არის შექმნილი.
ბიენალეს ორგანიზატორი ასევე მართავს ფესტივალებს ხელოვნების სხვა დარგებში, მათ შორის არქიტექტურაში, ცეკვაში, კინოში, მუსიკასა და თეატრში.


1 week ago
22







English (US) ·
Georgian (GE) ·