მსახიობ სალომე თოფურიას სახელი ბოლო წლებში ქართულ კინოსა და თეატრში სულ უფრო ხშირად ისმის. ახალგაზრდა მსახიობი, რომელსაც მაყურებელი სერიალ „სეანსიდან“ იცნობს, დღეს უკვე საერთაშორისო პროფესიულ სივრცეშიც აქტიურად იკავებს ადგილს.

23 წლის სალომე თოფურია თბილისში დაიბადა. ის ცნობილი ქართველი მსახიობის, ნინო კასრაძის ქალიშვილია, თუმცა პროფესიულ გზას დამოუკიდებლად იკვალავს. დღეს ის პარიზსა და ბერლინს შორის ცხოვრობს და მუშაობს, პარალელურად კი სწავლას აგრძელებს საფრანგეთის სამსახიობო სკოლაში L’École du Jeu.


ქართველმა მაყურებელმა სალომე თოფურია სერიალ „სეანსის“ მეშვეობით გაიცნო, სადაც კესოს როლს ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ პროექტში ერთ-ერთ მთავარ როლს მისი დედა, მსახიობი ნინო კასრაძეც თამაშობდა. დედა-შვილის ეკრანზე ერთად გამოჩენამ პროექტს დამატებითი ინტერესი შესძინა და სალომეს მიმართ ყურადღება მნიშვნელოვნად გაზარდა.

სერიალის შემდეგ ახალგაზრდა მსახიობი არაერთ საერთაშორისო პროექტშიც გამოჩნდა. მის ბიოგრაფიაში უკვე ფიგურირებს საგზაო ფილმი „Entry, Exit, Etc.“, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმი „On the Verge of a Stage Caprice“, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს. გარდა ამისა, სალომეს გამოცდილებაში შედის აუდიოდრამა „Reasons To Scream“ და რამდენიმე სარეკლამო პროექტი.

მისი თეატრალური კარიერისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა დავით დოიაშვილის სპექტაკლი „ზაფხულის ღამის სიზმარი“, სადაც სალომე თოფურიამ ჰერმიას როლი შეასრულა. შექსპირის კლასიკური კომედიის ახალი ინტერპრეტაცია „ახალი ქართული თეატრის“ პროექტის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრთან კოპროდუქციით განხორციელდა.
სპექტაკლის პრემიერა 2025 წლის 14–15 ოქტომბერს გაიმართა და ეს სალომე თოფურიასთვის საქართველოში პირველი პროფესიული სცენური გამოცდილება იყო.

სალომე თანამშრომლობს გერმანულ სააგენტო Bobby Dazzler-თან, რომელიც ევროპულ კინო და თეატრალურ სივრცეში მომუშავე მსახიობებს წარმოადგენს.
ახალგაზრდა მსახიობი რამდენიმე უცხო ენას ფლობს – ქართულთან ერთად, ინგლისურად, ფრანგულად, ესპანურად და რუსულად საუბრობს, რაც მას საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის დამატებით შესაძლებლობას აძლევს.


10 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·