კრისტოფერ ნოლანის „ოდისეა“ ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტად იქცა, მაგრამ ფილმის გარშემო ინტერესს მხოლოდ ბერძნული მითოლოგიის ახალი ეკრანიზაცია არ ქმნის – ყურადღების ცენტრში მისი ვარსკვლავური კასტია: ზენდაია, ლუპიტა ნიონგო, შარლიზ ტერონი და ენ ჰეთევეი. ოთხი ქალი, ოთხი განსხვავებული კარიერული გზა და ოთხი სრულიად განსხვავებული ხედვა იმაზე, რას ნიშნავს იყო ძლიერი თანამედროვე კინოში. ზუსტად ამ საინტერესო კონტექსტის საფუძველზე ჰქონდა ჟურნალ ELLE-ს ოთხივე მსახიობთან ინტერვიუ, რომელშიც მათ თავიანთ როლებზე, კარიერულ და ცხოვრებისეულ გამოცდილებებზე ისაუბრეს.
ფილმში ისინი მითოლოგიურ ფიგურებს განასახიერებენ, თუმცა მათი ინტერვიუები აჩვენებს, რომ „ოდისეა“ ეკრანს მიღმაც გრძელდება – პირად შიშებში, პროფესიულ ბრძოლებში და იმ გზებში, რომლებსაც თითოეული მათგანი საკუთარი თავის დასამკვიდრებლად გადის.

ზენდაია – ათენა
ზენდაია „ოდისეაში“ ათენას განასახიერებს — სიბრძნისა და სტრატეგიის ქალღმერთს, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ის ხშირად საკუთარ შესაძლებლობებსაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
Elle-თან ინტერვიუში მსახიობი ამბობს, რომ რეჟისორობა მისთვის ერთდროულად მიმზიდველიც არის და შემაშინებელიც: „როცა ნოლანს ან ლუკა გუადანინოს ვუყურებ, ვფიქრობ – ვინ ვარ მე, რომ ეს შევძლო?“
მიუხედავად მსოფლიო პოპულარობისა, ზენდაია საკუთარ თავს ჯერ კიდევ „მუდმივად განვითარებად ადამიანად“ აღიქვამს. მსახიობი ხშირად გადაღების მოედანზე მაშინაც რჩება, როცა თავად სცენაში არ მონაწილეობს – აკვირდება ოპერატორებს, რეჟისორებსა და ტექნიკურ გუნდს, რადგან მომავალში თავადაც სურს კამერის მიღმა მუშაობა.
ფილმში ათენას როლი მისთვის განსაკუთრებით სიმბოლურია. ზენდაიას თქმით, ბავშვობიდან „მოხუც სულს“ ეძახდნენ, რადგან ყოველთვის მასზე უფროს ადამიანებთან უწევდა მუშაობა, ამან კი მას სიბრძნისა და სიმშვიდის განსაკუთრებული განცდა ჩამოუყალიბა.
ერთ-ერთმა რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა კი ინტერვიუში თქვა, რომ ზენდაიაში სწორედ ეს სიმშვიდე და შინაგანი ძალა დაინახა: „ის პირდაპირ ქალღმერთს ჰგავს – არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ იმ გრაციოზულობითაც, რაც ეკრანზე მოაქვს.“
აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმში ზენდაიასთან ერთად მისი მეუღლე, ტომ ჰოლანდიც მონაწილეობს, რაც დიდ მოლოდინს იწვევს წყვილის ფანებში.

ლუპიტა ნიონგო – ჰელენა
ლუპიტა ნიონგო ფილმში ჰელენას განასახიერებს – პერსონაჟს, რომელიც ისტორიაში სილამაზის სიმბოლოდ იქცა. თუმცა მსახიობი ამ იდეას კრიტიკულად უყურებს და ამბობს, რომ „სილამაზის თამაში შეუძლებელია.“
„მე მაინტერესებს, ვინ არის პერსონაჟი გარეგნობის მიღმა,“ – ამბობს ის.
ნიონგოსთვის „ოდისეა“ ერთგვარი ახალი აღმოჩენაც აღმოჩნდა. მსახიობი აღიარებს, რომ ჰომეროსის ტექსტები ადრე სრულად არც კი ჰქონდა წაკითხული და ფილმისთვის მზადება მისთვის ბერძნული მითოლოგიის ინტენსიურ „კურსად“ იქცა.
მსახიობი ღიად საუბრობს ჰოლივუდის პრობლემებზეც. მისი თქმით, ინდუსტრია ხშირად კომერციით იმართება, რაც წარმოსახვას ზღუდავს და მსახიობებს სტერეოტიპულ ჩარჩოებში აქცევს.
„როგორც კი ერთი ტიპის ფილმი წარმატებული ხდება, ყველა სტუდია იმავეს გამეორებას ცდილობს,“ – ამბობს ნიონგო.
ოსკარის მიღების შემდეგ მსახიობს ხშირად მხოლოდ მონობის თემასთან დაკავშირებულ როლებს სთავაზობდნენ, რის გამოც ცდილობს, პროექტები განსაკუთრებული სიფრთხილით შეარჩიოს. „ოდისეა“ მისთვის სწორედ კლასიკური ტექსტის ახალი, მრავალფეროვანი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა გახდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში მის მიმართ რასისტული კომენტარებიც გაჩნდა იმის გამო, რომ ბერძნულ პერსონაჟს ასრულებს.
„ეს მითოლოგიური ისტორიაა. ჩვენი მსახიობთა შემადგენლობა თანამედროვე სამყაროს ჰგავს,“ – ამბობს ის.
ბოლო პერიოდში ლუპიტა ბევრს საუბრობს პირად გამოცდილებაზეც, განსაკუთრებით ქალების ჯანმრთელობის თემაზე. მსახიობმა ღიად ისაუბრა ფიბროიდებთან მრავალწლიან ბრძოლაზე და თქვა, რომ ქალები ხშირად საკუთარ ტკივილს „ნორმად“ აღიქვამენ – „თუ ჩემს ისტორიას ვყვები, ეს იმიტომ, რომ სხვა ქალებმაც იგრძნონ, რომ მარტო არ არიან.“

შარლიზ ტერონი – კალიფსო
შარლიზ ტერონი „ოდისეაში“ კალიფსოს როლს ასრულებს – მითოლოგიურ ფიგურას, რომელიც ერთდროულად ძლიერიც არის და ტრაგიკულიც.
მისი პერსონაჟი თითქოს უსაზღვრო ძალას ფლობს, მაგრამ მაინც შინაგანად შეზღუდულია ემოციებით, სურვილებით და სამყაროს წესებით, რომლებსაც ვერ ცვლის. ტერონის თქმით, სწორედ ეს წინააღმდეგობები გახდა მისთვის ყველაზე საინტერესო: „ის ერთდროულად ყველაფერია – ძლიერი, ტრაგიკული, შეყვარებული და დაკარგული.“
მსახიობი ამბობს, რომ ნოლანმა მას ისეთი როლი მისცა, რომელიც მისთვის სრულიად ახალი იყო და სტერეოტიპულ „ქალღმერთის“ წარმოდგენას არ ჰგავდა.
ტერონმა ინტერვიში ასევე ისაუბრა თანამედროვე ქალების მდგომარეობაზე და პარალელს ავლებს კალიფსოს ისტორიასთან:
„დღესაც ბევრი ქალი ძლიერად ცხოვრობს, მაგრამ მათი უფლებები ყოველდღიურად იზღუდება.“
ფილმის გადაღებები მაროკოში მიმდინარეობდა, სადაც მსახიობებს რთულ პირობებში უწევდათ მუშაობა – ძლიერი ქარი, ქვიშა და ექსტრემალური ამინდი. მეთ დეიმონის თქმით, ტერონი გადასაღებ მოედანზე ბოლომდე პროფესიონალი იყო და დისკომფორტს თითქმის არასდროს იმჩნევდა. თავად მსახიობი კი ამბობს, რომ სწორედ ასეთ გარემოში იგრძნო, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო კალიფსოს სამყარო: „იქ ყოფნა თითქოს სხვა რეალობაში ცხოვრებას ჰგავდა.“

ენ ჰეთევეი – პენელოპე
ენ ჰეთევეი „ოდისეაში“ პენელოპეს განასახიერებს, ქალს, რომელიც წლების განმავლობაში ელოდება ოდისევსს და ამ პროცესში საკუთარ ემოციებსაც ებრძვის.
მსახიობი ამბობს, რომ მისთვის ყველაზე საინტერესო პერსონაჟის შინაგანი სიბრაზე და ემოციური დაძაბულობა იყო:
„ყველა პენელოპეს მოთმინებაზე საუბრობს, მაგრამ მე მაინტერესებდა ის ფარული ბრაზი და ტკივილი, რაც ამ წლებმა დაუტოვა.“
ჰეთევეი კრისტოფერ ნოლანთან უკვე მესამედ მუშაობს და ამბობს, რომ ყოველი ახალი თანამშრომლობა მისთვის კიდევ უფრო ღირებული ხდება: „ნოლანთან ერთხელ მუშაობაც კი იშვიათი გამოცდილებაა. მესამედ კი უკვე სიტყვებს ვეღარ ვპოულობ.“
ბოლო წლებში მსახიობი განსაკუთრებით ბევრს საუბრობს საკუთარ ცვლილებებზეც – კარიერის ადრეულ ეტაპზე განცდილ შფოთვაზე, ინტერნეტის კრიტიკასა და იმაზე, როგორ ისწავლა საკუთარი თავის მიმართ უფრო რბილი დამოკიდებულება: „შიში მაძლევდა სიმკაცრეს საკუთარი თავის მიმართ,“ – ამბობს ის.
ჰეთევეი აღიარებს, რომ „ეშმაკი ატარებს პრადას“ პერიოდში საკუთარ თავში ძალიან დაუცველი და დაბნეული ადამიანი იყო, თუმცა დღეს უკვე ცდილობს, ცხოვრება უფრო მშვიდად და მადლიერებით აღიქვას.
„თუ ამ ყველაფერს სიამოვნებით ვერ განვიცდი, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს?“ – ამბობს მსახიობი.

როგორც ჩანს, „ოდისეა“ კრისტოფერ ნოლანისთვის მხოლოდ მითოლოგიური ისტორიის ეკრანიზაცია არ არის – ეს ფილმი ოთხი სრულიად განსხვავებული ქალის პერსონაჟებისა და რეალური ცხოვრების პარალელებზეც გვიყვება. ქალებზე, რომლებიც ეკრანზეც და მის მიღმაც ძალას, დაუცველობას, შიშსა და ამბიციას ერთდროულად ატარებენ.
ფილმის ნახვას მაყურებლები დიდ ეკრანებზე 17 ივლისიდან შეძლებენ.

10 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·