#OK! თათო გოგოლაშვილი – ახალი სახე ქართულ სამოდელო ბიზნესში

2 months ago 37

OK! წარმოგიდგენთ ქართული სამოდელო ბიზნესის ახალ სახეს – თათო გოგოლაშვილს. თათო პროფესიით ჟურნალისტია და მისი ცხოვრება საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა, ხშირად უწევს გადაღებები და მოგზაურობა. როგორც ის აღნიშნავს, აკეთებს იმ საქმეს, რაც აბედნიერებს. თუ რა გეგმები აქვს სამომავლოდ მოდელს, ამ და სხვა საინტერესო თემებზე მას ვესაუბრეთ.

თათო, მოგვიყევით თქვენ შესახებ. რა არის ამჟამინდელი თქვენი საქმიანობა?
პროფესიით ვარ ჟურნალისტი, დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის
ფაკულტეტი. ეს არის ის საქმე, რაც მიყვარს, მსიამოვნებს და ვთვლი, რომ გამომდის, ნიუსრუმშიც მიმუშავია და სხვადასხვა სიუჟეტიც გამიკეთებია ტელევიზიაში. გარდა ამისა, მაქვს ახალი გატაცება და შეიძლება ითქვას, ახალი პროფესია შევიძინე, ეს არის მოდელობა. როგორც მოდელი, ვმონაწილეობ გადაღებებში, ასევე ვიყავი Beauty and the Box-ის აპრილის თვის გოგო, რაც ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის. სხვათა შორის, ბავშვობიდან მეუბნებოდნენ, სამოდელო სფერო შენიაო და ახლა დადგა დრო, როდესაც ამ სფეროშიც უნდა ვცადო ბედი, დავდივარ ია კიწმარიშვილის სააგენტოში, IC Model Managementში.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტიკას თავს ვანებებ, პირიქით. შეიძლება ითქვას, ამ ორ პროფესიაზე გაჩერებას არ ვაპირებ, წინ სხვა გეგმები მაქვს. დამეთანხმებით ალბათ, რომ დროის სწორად გადანაწილება ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ სამყაროში.

როგორია თქვენი თავის მოვლის რუტინა?
ჩემს ინსტაგრამს ხშირად ბლოგადაც ვიყენებ – ვწერ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის თავის მოვლაზეც. კომბინირებული სახის კანი მაქვს, ძირითადად ფრანგულ პროდუქციას ვიყენებ. დილით, როდესაც ვდგები, ჩვეულებრივი პროცედურების შემდეგ, რასაც ადამიანები გაღვიძებისას აკეთებენ, ვიწმენდ სახეს. სახეზე დავიტან სახის გამწმენდს, რომელიც არბილებს და ატენიანებს კანს. აუცილებლად ვიყენებ Spf 50 მზისგან დამცავს, რაც არ უნდა მოღრუბლული ამინდი იყოს ძილის წინ ვიყენებ ღამის სახის დამატენიანებელს, რომელსაც სახეზე დავიტან თითით ან ბამბის დისკით. ასევე ვიყენებ ძილის წინ დასადებ ღამის ნიღაბს.

რა არის ის, რაც ძალიან გაბედნიერებთ?
მოგზაურობა არის ის, რაც ალბათ ყველაზე დიდ ბედნიერებას მანიჭებს. ევროპის ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და თითოეულ ქვეყანასთან ჩემი ისტორია მაქვს. გარდა ამისა, ამერიკაშიც ვარ ნამყოფი და მეგობართან ერთად ვცხოვრობდი მანჰეტენზე.

რას ურჩევდი იმ გოგონებს, ვინც ახლა იწყებენ სამოდელო კარიერას?
პირველ რიგში, იყვნენ ბუნებრივები და მიზანდასახულები. კარგად დაფიქრდით, ეს მართლა ის არის, რაც გინდათ აკეთოთ? ვფიქრობ,
მნიშვნელოვანია აკეთო ის, რაც გინდა. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი გამოვა, თუ მოინდომებ და გულით გინდა, ასევე მოუსმინეთ თქვენს მენტორებს და გაითვალისწინეთ მათი რჩევები.

სამომავლო გეგმები
ყოველდღიურად ვცდილობ ვისწავლო და განვვითარდე. ამ ყველაფერს ჩემთვის ვაკეთებ, რათა კარგად ვიყო. არასოდეს ვჯერდები მიღწეულს, მინდა მომავალში ბიზნესის სფეროში ვცადო ბედი, ამის შესახებ კი უფრო ვრცლად სხვა დროს მოგიყვებით.

სრულად წაკითხვა