SpaceX-ის მოსალოდნელმა IPO-მ (კომპანიის აქციების პირველად საჯარო შეთავაზებამ) შესაძლოა ილონ მასკის ქონება ისტორიულ ნიშნულამდე გაზარდოს. თუ კომპანიის საჯარო შეთავაზება დაგეგმილი შეფასებით განხორციელდება, Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდება.
ილონ მასკი უკვე წლებია მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიას ლიდერობს, თუმცა ახლა მისმა ქონებამ შესაძლოა უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწიოს. SpaceX-ის განახლებული IPO-პროსპექტის მიხედვით, კომპანია აქციების განთავსებას დაახლოებით 135 დოლარად გეგმავს, რაც მას 1.77 ტრილიონ დოლარად შეაფასებს.

ამ შეფასების შემთხვევაში, მასკის წილი SpaceX-ში დაახლოებით 866.5 მილიარდ დოლარად იქნება შეფასებული. ამას ემატება მისი Tesla-ს აქციები და ოფციონები, რომელთა საერთო ღირებულება, სხვადასხვა შეფასებით, 350 მილიარდ დოლარს აღემატება. შედეგად, მისი საერთო ქონება 1 ტრილიონ დოლარზე მეტი შეიძლება გახდეს.
ტრილიონი დოლარი ადამიანური ისტორიისთვის უპრეცედენტო სიმდიდრეა. აღსანიშნავია, რომ თუნდაც ადამიანი ყოველ საათში 1 მილიონ დოლარს ხარჯავდეს, ტრილიონი დოლარის დასახარჯად საუკუნეზე მეტი დრო დასჭირდებოდა.
მიუხედავად შთამბეჭდავი ციფრებისა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მასკის ქონების უდიდესი ნაწილი ე.წ. „ქაღალდის სიმდიდრეა“ – ის კომპანიის აქციების საბაზრო ღირებულებაზეა დამოკიდებული და არა ნაღდ ფულზე.
SpaceX-ის IPO მასკისთვის განსაკუთრებული მოვლენაა. SpaceX-ის IPO ილონ მასკისთვის განსაკუთრებული მოვლენაა – Tesla-ს ბირჟაზე გასვლიდან 16 წლის შემდეგ, მისი კიდევ ერთი კომპანია საჯარო ბაზარზე გამოჩნდება. ახალი მონაცემებით, IPO-ს შემდეგ მასკი SpaceX-ში ხმის უფლების მქონე აქციების 82%-ზე მეტს გააკონტროლებს.

თუ შეთავაზება წარმატებით განხორციელდება, SpaceX ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიად იქცევა და ღირებულებით Tesla-სა და Meta-საც კი გაუსწრებს. თუმცა შემოსავლების მიხედვით კომპანია ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება ტექნოლოგიურ გიგანტებს – 2025 წელს SpaceX-ის შემოსავალმა 18.67 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც Meta-ს შემოსავალი 200 მილიარდ დოლარს აღემატებოდა.
ბოლო წლებში მასკის ქონება სწრაფად იზრდებოდა, თუმცა ეს გზა ყოველთვის სტაბილური არ ყოფილა. 2022 წელს Tesla-ს აქციების მკვეთრმა ვარდნამ მისი ქონება მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა შემდგომ წლებში კომპანიის ღირებულებამ კვლავ რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია.
დღეს მასკი უკვე მნიშვნელოვნად უსწრებს სხვა მილიარდერებს. მისი სავარაუდო ქონება აღემატება ისეთი ბიზნესლიდერების ერთობლივ სიმდიდრესაც კი, როგორებიც არიან ჯეფ ბეზოსი, ლარი პეიჯი, სერგეი ბრინი და ლარი ელისონი.
თუ SpaceX-ის IPO მოსალოდნელი შეფასებით შედგება, ილონ მასკი არა მხოლოდ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, არამედ ისტორიაში პირველი ოფიციალური ტრილიონერიც გახდება.


1 week ago
24







English (US) ·
Georgian (GE) ·