„ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი“ მრავალპროფილური სამედიცინო სივრცეა, რომელიც ორიენტირებულია ბავშვთა და ზრდასრულთა ნევროლოგიური და მენტალური დარღვევების მართვასა და რეაბილიტაციაზე. ცენტრი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს და პაციენტებს სთავაზობს თანამედროვე, ინდივიდუალურად მორგებულ სერვისებს. ქალბატონი ირმა ხვიჩიას მუშაობას სამი ძირითადი პრინციპი განსაზღვრავს – ზრუნვა, ცოდნა და გამოცდილება. ცენტრის შექმნის იდეა, პროფესიულ განვითარებასთან ერთად, პირად გამოცდილებას უკავშირდება. გამოცდილება, რომელმაც ერთი იდეა რეალურ შესაძლებლობად აქცია და დღეს არაერთი ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.
ქალბატონო ირმა, როგორი იყო გზა რეაბილიტაციის ცენტრის შექმნამდე? რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
ირმა ხვიჩია, კლინიკური დირექტორი: ჩემი პროფესიული გზა ნევროლოგიის არჩევით დაიწყო, თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პროფესიული ინტერესი არ იყო. ის პირდაპირ უკავშირდება ჩემს პირად გამოცდილებას და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს. ჩემი პირველი შვილი მძიმე ნევროლოგიური დიაგნოზით დაიბადა. სწორედ ამ გამოცდილებამ დამანახა რეალობა, რომელიც მანამდე ჩემთვის უცნობი იყო. იმ პერიოდში განსაკუთრებით მძაფრად ვიგრძენი, რამდენად შეზღუდული იყო ჩვენს ქალაქში მსგავსი საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის სრულფასოვანი და მრავალმხრივი რეაბილიტაციის სერვისები. როგორც დედამ, ვიგრძენი უსუსურობა, ხოლო როგორც მომავალმა ექიმმა – დიდი პასუხისმგებლობა და მოტივაცია. სწორედ მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, შემექმნა სივრცე, სადაც ბავშვებსა და მათ ოჯახებს ექნებოდათ სრულფასოვანი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურება, ერთ სივრცეში გაერთიანებული პროფესიონალიზმითა და სწორად ორგანიზებული მიდგომით.
ეს გზა მარტივი არ ყოფილა. იდეის დაბადებიდან მის განხორციელებამდე 25 წელი გავიდა – წლები სწავლაში, პრაქტიკაში, გამოცდილების დაგროვებასა და იმ მიზნისკენ სვლაში, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამყარდა.
დღეს ეს რეაბილიტაციის ცენტრი ჩემთვის მხოლოდ პროფესიული მიღწევა არ არის, ეს ჩემი პირადი ისტორიის გაგრძელებაა. ადგილი, სადაც თითოეული პაციენტი იღებს იმ შესაძლებლობას და მხარდაჭერას, რომლის ნაკლებობაც მე თავად გამოვცადე.

რას სთავაზობს თქვენი რეაბილიტაციის ცენტრი საზოგადოებას?
„ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი“ წარმოადგენს მრავალპროფილურ სამედიცინო კლინიკას, რომელიც ორიენტირებულია როგორც ბავშვთა, ისე ზრდასრულთა ნევროლოგიური, ინტელექტუალური და მენტალური დარღვევების მართვასა და რეაბილიტაციაზე, ასევე მათი ფუნქციური უნარების განვითარებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
ცენტრში მომსახურებას იღებენ სხვადასხვა საჭიროების მქონე პაციენტები – ნევროლოგიური დაავადებებით, განვითარებისა და მეტყველების შეფერხებებით, აუტიზმის სპექტრის დარღვევებით, ორთოპედიული და სხვა ფუნქციური პრობლემებით.
მკურნალობის პროცესს წარმართავს მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს: ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგს, ეპილეფტოლოგს, ფსიქიატრს, პედიატრს, რეაბილიტოლოგს, ფიზიკურ და ფიზიოთერაპევტს, ორთოპედს, ოკუპაციურ თერაპევტს, კლინიკურ ფსიქოლოგს, ენისა და მეტყველების თერაპევტს და სპეციალურ პედაგოგს.
ცენტრი ჩართულია სახელმწიფო დაფინანსების სხვადასხვა პროგრამაში, რაც პაციენტებს სერვისებზე დამატებით ხელმისაწვდომობას აძლევს.
მთავარი პრინციპი არის ინდივიდუალური მიდგომა, თითოეული პაციენტისთვის იქმნება მის საჭიროებებზე მორგებული თერაპიული გეგმა, რაც უზრუნველყოფს პროცესის ეფექტიანობას და სტაბილურ პროგრესს.
რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ცენტრის მართვის პროცესში?
ჯილდა ბლადაძე, გენერალური დირექტორი: ცენტრის მართვის პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევაა ხარისხის შენარჩუნება მაშინ, როდესაც იზრდება როგორც პასუხისმგებლობა, ისე მოთხოვნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ განვითარებასთან ერთად არ დაიკარგოს ის მთავარი ღირებულება, რის საფუძველზეც ეს ცენტრი შეიქმნა – ინდივიდუალური მიდგომა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა.
მე, როგორც გენერალური დირექტორი, ვზრუნავ ცენტრის სტრატეგიულ განვითარებაზე, ორგანიზაციულ პროცესებსა და საერთო მართვაზე, ხოლო ირმა ექიმი, როგორც კლინიკური დირექტორი და ნევროლოგი, ხელმძღვანელობს სამედიცინო პროცესებსა და პაციენტების რეაბილიტაციის დაგეგმვას.
მიუხედავად ფუნქციური განსხვავებისა, ჩვენ გვაერთიანებს ერთიანი ხედვა და მიზანი. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება შეთანხმებითა და ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობით, რაც უზრუნველყოფს ცენტრის სტაბილურ და ხარისხიან განვითარებას.
რა არის მთავარი მესიჯი, რომლის მიტანაც გსურთ საზოგადოებამდე?
ჩვენი მთავარი მესიჯია, რომ თითოეული ადამიანი – ბავშვი თუ ზრდასრული იმსახურებს შესაძლებლობას, განვითარდეს საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმამდე, მიუხედავად არსებული სირთულეებისა. იმედი იწყება იქ, სადაც იწყება სწორი რეაბილიტაცია.

რა გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას ყოველდღიურ საქმიანობაში?
ყველაზე დიდი მოტივაცია არის შედეგი, როდესაც ვხედავთ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს პაციენტებში. როდესაც ადამიანი ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიდის და ოჯახებს უჩნდებათ იმედი, ეს არის ის ძალა, რაც გვაძლევს მოტივაციას, გავაგრძელოთ მუშაობა და არ გავჩერდეთ.
რა გეგმები გაქვთ ცენტრის განვითარებისთვის?
სამომავლოდ ვგეგმავთ სერვისების გაფართოებას, რათა თითოეული ადამიანის საჭიროებას კიდევ უფრო სრულად ვუპასუხოთ. ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ გუნდის განვითარებას, გვინდა სპეციალისტებმა მუდმივად განაახლონ ცოდნა და პრაქტიკაში დანერგონ თანამედროვე, საერთაშორისო გამოცდილება.
„ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი“ ყოველთვის იქნება სივრცე, სადაც ყველა საჭირო მომსახურება ხარისხიანი და ხელმისაწვდომია. ჩვენთვის განვითარება ნიშნავს არა მხოლოდ ზრდას, არამედ უკეთეს ზრუნვას თითოეულ ადამიანზე, ვინც ჩვენს ცენტრს ენდობა.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ლაურა ზოიძე

1 week ago
13







English (US) ·
Georgian (GE) ·