#OK! ისტორია, ტექსტილი და ძლიერი ქალები – გალიბ გასანოვის კოლექცია თბილისის მოდის კვირეულზე

2 hours ago 3

თბილისის Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში ქართველ აზერბაიჯანელი დიზაინერის, გალიბ გასანოვის ნამუშევრებია წარმოდგენილი. დიზაინერმა სივრცე მოდის ჩვენებად კი არა, კულტურულ გამოცდილებად გადააქცია. დიდ, შავ საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი რვა ნამუშევარი ერთმანეთისგან განსხვავებულ ისტორიებს ჰყვება – ისტორიებს იდენტობაზე, მეხსიერებასა და ქალთა ძალაზე. დიზაინერი თანამედროვე მოდაში ტრადიციულ აზერბაიჯანულ ხელოსნობას აცოცხლებს.

კოლექციაში გამოყენებულია ბორჩალოში ნაქსოვი ხალიჩები, ტექსტილი, თექა, ბუკლე, ტყავი და ბუნებრივი ბოჭკოები. გასანოვი ტანსაცმელსა და სკულპტურას შორის საზღვარს შლის — ზოგი ნამუშევარი ტრანსფორმირდება: პალტო ფარდაგად იშლება, მოსასხამი კი ხალიჩის ფუნქციას იძენს.

რვა ნამუშევარი ერთ დიდ ნარატივად ერთიანებს და პატივს მიაგებს ფარი-ხან სოფიევას — 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტში არჩეულ პირველ მუსლიმ ქალ დეპუტატს. კოლექცია XX საუკუნის დასაწყისის სოციალურ ცვლილებებსა და ქალთა ემანსიპაციის იდეას ეხმიანება.

მწვანე, წითელი და ლურჯი ფერებით შექმნილი ნამუშევარი ე.წ. „ქარაჩოფის“ ხალიჩას ეფუძნება. ეს ტრადიციული ხალიჩა აზერბაიჯანულ სოფლებში იქსოვებოდა და დღეს მსოფლიოში სწორედ ამ სახელითაა ცნობილი. დიდი გეომეტრიული ორნამენტები, რვაქიმიანი ვარსკვლავები და „ვერძის რქის“ სიმბოლოები კულტურულ კოდად გვევლინება. მსგავსი ხალიჩები საქართველოში უკვე მხოლოდ რამდენიმე ქალი ოსტატის მიერ იქსოვება.

მეორე ნამუშევარი ბორჩალოს „ყაზახის“ ჯგუფის ხალიჩებზეა დაფუძნებული. გარეგნულად სიმგსავსის მიუხედავად, თითოეულ ხალიჩას საკუთარი იდენტობა აქვს. გასანოვი ამ ნამუშევრით საუბრობს ტრადიციაზე, რომელიც სწრაფი წარმოებისა და იაფი ალტერნატივების ფონზე თანდათან ქრება. დიზაინერისთვის ხელოსნობა არა მხოლოდ დეკორი, არამედ ცხოვრების ფილოსოფიაა.

„ფახრალოს“ ხალიჩით შთაგონებული ნამუშევარი რელიგიურ და სულიერ მნიშვნელობას ატარებს. ხალიჩის ზედა ნაწილი სპეციალურადაა შექმნილი ლოცვის დროს თავის დასადებად. მსგავსი ნიმუშები მსოფლიოს წამყვან მუზეუმებსა და საგამოფენო სივრცეებში ინახება და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება.

ერთი შეხედვით კლასიკური შავი პალტო რეალურად ტრანსფორმირებადი ობიექტია. ფეხსაცმლის თასმებით ხელით ნაქსოვი მოდელი იმავე ტექნიკითაა შექმნილი, რაც ტრადიციული – „ქილიმი“. ნამუშევარი მთლიანად იშლება და ფარდაგის ფორმას იღებს — მოდა აქ ფუნქციურ ხელოვნებად გარდაიქმნება.

კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ელემენტი ფეხსაცმლის თასმებით შექმნილი ნამუშევრებია. ეს მასალა დიზაინერის პირად ისტორიასთან არის დაკავშირებული — ბავშვობაში მშობლების ფეხსაცმლის მაღაზიაში გატარებული დრო დღეს მის შემოქმედებით ხელწერად გარდაიქმნება. ხელით ნაქსოვი ტექსტურები ტანსაცმელს ახალ, თითქმის არქიტექტურულ ფორმებს აძლევს.

,,ჯერ ზუსტად ასეთ ტექნიკას, მსოფლიოში, ჩემს გარდა არავის აკეთებს. როცა მეკითხებიან, რატომ ვიყენებ ფეხსაცმლის თოკებს, ვპასუხობ, რომ ბავშვობაში ჩემს მშობლებს ფეხსაცმლის მაღაზია ჰქონდათ, სადაც დიდ დროს ვატარებდი, ვეხმარებოდი ან ვთამაშობდი და სულ მქონდა ამ თასმებთან შეხება”– ამბობს გალიბი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

გასანოვი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალის სილუეტს — თავსაბურავები, კაბები და ტრანსფორმირებადი ფორმები ძლიერი ქალების კოლექტიურ პორტრეტს ქმნის. მისი მიზანი არის კულტურის იმ ისტორიების მოყოლა, რომლებიც ხშირად უხილავი რჩება საერთაშორისო მოდის სივრცეში.

ტრანსფორმირებადი ქვედაბოლო დიზაინერის ბრენდის — INSTITUTION-ის — საწყის ეტაპს უკავშირდება. როგორც კოლექციის სხვა ნამუშევრები, ეს ნივთიც იხსნება და ფარდაგად გადაიქცევა, რითაც ტანსაცმელი საცხოვრებელი სივრცის ნაწილად იქცევა.

კოლექციის პირველი შექმნილი კაბა დედის და ძლიერი ქალის სიმბოლოდ გვევლინება. გასანოვისთვის ეს ნამუშევარი პირადი და კულტურული ისტორიის გადაკვეთის წერტილია — სურვილი, ადგილობრივი ამბები იმ სამყაროს მოუყვეს, სადაც ისინი ჯერ კიდევ ნაკლებად არის ცნობილი.

გალიბ გასანოვის კოლექცია თბილისის მოდის კვირეულზე აჩვენებს, რომ მოდა მხოლოდ ტენდენციების შესახებ არ არის — ის კულტურული მეხსიერების, ისტორიისა და იდენტობის თანამედროვე ენად იქცევა.

ქართველ-აზერბაიჯანელი დიზაინერი გალიბ გასანოვი დღეს უკვე საერთაშორისო მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა შემოქმედად მიიჩნევა. ქვემო ქართლის სოფელ ყარაჯალარში გაზრდილი დიზაინერი დღეს მილანში ცხოვრობს და საკუთარი ბრენდით – Institution by Galib Gassanoff – მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში სწრაფად იმკვიდრებს ადგილს. გალიბ გასანოვის კოლექციები ხშირად ეფუძნება კავკასიური კულტურისა და ხელსაქმის ტრადიციებს. დიზაინერი თანამშრომლობს რეგიონების ხელოსნებთან და ცდილობს, ტრადიციული ტექნიკები თანამედროვე მოდის ენაზე გადმოსცეს. მისი ნამუშევრები გამოირჩევა ტექსტილთ ან ექსპერიმენტით, არქიტექტურული სილუეტებითა და ძლიერი კულტურული ნარატივით.

წყარო: რადიო თავისუფლება

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ყარაჯალარიდან მილანის მოდის კვირეულამდე – გალიბ გასანოვის გზა მსოფლიო მოდაში

სრულად წაკითხვა