კანის კინოფესტივალი მხოლოდ წითელი ხალიჩის პრემიერებით არ შემოიფარგლება – ბოლო წლებში ფესტივალი მოდის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმადაც იქცა, სადაც ვარსკვლავების ყოველდღიურ გამოჩენებს ისეთივე ყურადღებით აკვირდებიან, როგორც ოფიციალურ საღამოს ლუქებს. 2026 წელს კი ამ მოდური მარათონის მთავარი ვარსკვლავი ისევ ბელა ჰადიდია. სუპერმოდელი კრუაზეტზე მეათედ ჩნდება წელს და უკვე ნათელია, რომ წლევანდელი კანის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სტილი სწორედ მას ეკუთვნის.

29 წლის მოდელის კანის მოგზაურობა ცისფერი Prada Sport-ის ორეულით დაიწყო, რომელიც ბრენდის 1999 წლის გაზაფხულის კოლექციიდან იყო. მყარი დგომით შეკერილი ჟილეტი და კაპრი შარვალი მან Puma Speedcat-ის სპორტულ ფეხსაცმელთან და ვინტაჟურ Prada-ს ჩანთასთან შეახამა, ლუქი, რომელმაც 90-იანების ესთეტიკა თანამედროვე street style-ად აქცია.

მოგვიანებით მოდელი მეგობრებთან და დედა – იოლანდა ჰადიდთან ერთად იახტაზე გამოჩნდა. ამ დღისათვის ბელამ Chantal Thomass-ის 1988 წლის კოლექციიდან ვარდისფერი ტოპი და დაბალწელიანი კომპლექტი მოირგო. ლუქს Chanel-ის ვინტაჟური ფეხსაცმელი, Chopard-ის სამკაულები და რეტრო სათვალე ამშვენებდა.

ფესტივალის ერთ-ერთ მთავარ საღამოს, „Garance“-ის პრემიერამდე, ბელა Hôtel Martinez-იდან Elie Saab Couture-ის 2003 წლის ლუქით გამოვიდა – გამჭვირვალე ყვავილებიანი ზედა, ფართო თეთრი შარვალი და შარფი ერთდროულად ელეგანტურ და მარტივ გარეგნობას ქმნიდა.

იმავე საღამოს წითელ ხალიჩაზე ბელა ძმასთან, ანვარ ჰადიდთან ერთად გამოჩნდა. მოდელს custom Prada-ს ვერცხლისფერი ატლასის კაბა ეცვა, რომელიც კრისტალებით იყო გაფორმებული. ლუქი Chopard-ის ბრილიანტებით და თეთრი Prada-ს კლასიკური ფეხსაცმლით შეამკო.

ამის გარდა, ბელა ჯერ კიდევ ორჯერ გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე, მეორე გამოსვლისას მან Elie Saab Couture-ის ოქროსფერი კაბა მოირგო, რომელსაც ბრილიანტის ყელსაბამი ამშვენებდა.

მესამე გამოჩენაზე კი მოდელმა Schiaparelli-ს თეთრი მაქმანებიანი კაბა მოირგო შუაში შავი დეტალით. ბელამ ჯერ კიდევ 2021 წელს მოირგო ამავე ბრენდის მისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შავი კაბა ოქროსფერი დეტალებით, რომელიც დღემდე მის ყველაზე პოპულარულ და შთამბეჭდავ ლუქად ითვლება.
Schiaparelli 2026

Schiaparelli 2021

79-ე კანის კინოფესტივალი 23 მაისამდე გაგრძელდება, ვნახოთ კიდევ რა გასაოცარ ლუქებს შემოგვთავაზებს ბელა მის დასრულებამდე.


3 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·