WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

საზოგადოებაში ხშირად მოისმენთ მოსაზრებას, თითქოს თანამედროვე ახალგაზრდებს ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა აღარ აინტერესებთ. თუმცა, რეალური სურათი სულ სხვა რამეზე მეტყველებს. პრობლემა არა სურვილის ნაკლებობა, არამედ ის გარემოა, სადაც შვილის გაჩენა ხშირად კარიერის, ფინანსური სტაბილურობისა და პიროვნული თავისუფლების დათმობად აღიქმება. გაეროს მოსახლეობის ფონდის უახლესმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართველ ახალგაზრდებს სურთ ჰყავდეთ 2 ან 3 შვილი, მაგრამ რეალობაში ოჯახები ხშირად მხოლოდ 1 შვილით შემოიფარგლებიან. ამ აცდენას ექსპერტები „დემოგრაფიულ ნაპრალს“ უწოდებენ – სივრცეს, სადაც ქალები „ორმაგი ცვლის“, კარიერული რისკების, ფინანსური დაუცველობისა და საზოგადოებრივი წნეხის პირისპირ სრულიად მარტო რჩებიან. რატომ იქცა შვილის გაჩენა სიხარულის ნაცვლად პიროვნული თავისუფლების დათმობად? რა უშლით ხელს მამაკაცებს, გახდნენ სრულფასოვანი პარტნიორები და რა სისტემური ცვლილებებია საჭირო, რომ დედობა დაბრკოლებად არ იქცეს? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის დირექტორი, მარიამ ბანძელაძე გვპასუხობს.

მარიამ, მოგესალმებით. ვიცით, რომ UNFPA-მ ახლახან მნიშვნელოვანი კვლევა ჩაატარა, რომელიც რეგიონის, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდების რეპროდუქციულ მისწრაფებებსა და რეალობას ეხება. რომ გვითხრათ, ზოგადად, როგორი მასშტაბისა და ხასიათის კვლევა იყო ეს, ვინ მონაწილეობდა და რა მთავარი შედეგები გამოვლინდა ჩვენს ქვეყანაში?

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კვლევა „დემოგრაფიული მომავალი“ ყურადღებას ამახვილებს რეგიონსა და საქართველოში არსებულ მნიშვნელოვან სოციალურ აცდენაზე, რასაც „დემოგრაფიული ნაპრალი“ ეწოდება. UNFPA-ის კვლევა „დემოგრაფიული მომავალი“ (Demographic Futures) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის 6 ქვეყანაში ჩატარდა. 18-დან 45 წლამდე ასაკის ქალებსა და მამაკაცებში ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ ახალგაზრდების უმრავლესობის სურვილი და მისწრაფებაა, ჰყავდეთ 2 ან 3 შვილი, რაც სრულიად საკმარისია თაობათა ჩანაცვლებისა და სტაბილური დემოგრაფიული ზრდისთვის. თუმცა, რეალობაში ოჯახების უმეტესობა მხოლოდ 1 შვილით შემოიფარგლება ან შვილის გაჩენას განუსაზღვრელი ვადით გადადებს. ეს აცდენა განპირობებულია კომპლექსური სოციალური და ეკონომიკური ბარიერებით:

ფინანსური და ბინის პრობლემები: დაბალი შემოსავლები, უმუშევრობა და საკუთარი საცხოვრებლის არარსებობა ახალგაზრდებს სტაბილურობის განცდას ართმევს.

     სამუშაოსა და ოჯახის შეუთავსებლობა: ბავშვის მოვლის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი სერვისების (საბავშვო ბაღები, დღის ცენტრები) ნაკლებობა ხელს უშლის მშობლებს, განსაკუთრებით დედებს, ბავშვის გაჩენის პარალელურად, შეინარჩუნონ სამუშაო ადგილი.

     გენდერული უთანასწორობა: საოჯახო საქმეები და ბავშვის მოვლის ძირითადი ტვირთი კვლავ ქალებზე მოდის, რაც კარიერისა და ოჯახის შეთავსებას კიდევ უფრო ართულებს.

შესაბამისად, კვლევის მთავარი დასკვნა ის არის, რომ შობადობის დაბალი მაჩვენებელი ახალგაზრდების სურვილის ნაკლებობით კი არ არის გამოწვეული, არამედ სოციალურად და ეკონომიკურად მხარდამჭერი გარემოს არარსებობით.

საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძლიერია წარმოდგენა, რომ ბავშვის აღზრდისა და საოჯახო საქმეების ძირითადი ტვირთი ქალის პასუხისმგებლობაა. რამდენად აფრთხობს ეს ტვირთი ახალგაზრდა ქალებს, როდესაც ისინი შვილის გაჩენაზე ფიქრობენ?

ქალზე დაკისრებული საოჯახო და ბავშვის მოვლის უთანაბრო ტვირთი ახალგაზრდა ქალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ფსიქოლოგიური, პროფესიული და ფინანსური ბარიერია შვილის გაჩენის დაგეგმვისას. ეს პრობლემა რამდენიმე ძირითად ასპექტში ვლინდება, რაც კვლევამ ნათლად გამოავლინა:

„ორმაგი ტვირთი“ (Double Burden): თანამედროვე ქალები სრული განაკვეთით მუშაობენ და კარიერას აშენებენ, თუმცა სახლში დაბრუნებისას მათ ე.წ. მეორე ცვლა ხვდებათ. საზოგადოებრივი მოლოდინების გამო, სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება და ბავშვის მოვლა კვლავ ქალის ძირითად მოვალეობად მიიჩნევა. ეს უთანასწორობა იწვევს ქრონიკულ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლილობას.

„დედობის ჯარიმა“ და კარიერული რისკები: შვილის გაჩენა ქალისთვის ხშირად ნიშნავს პროფესიული ზრდის შეჩერებას, დაწინაურების შანსების დაკარგვას ან ფინანსური დამოუკიდებლობის შეზღუდვას. იმ პირობებში, როდესაც კაცების კარიერაზე მამობა თითქმის არ მოქმედებს უარყოფითად, ქალები დგებიან უსამართლო არჩევანის წინაშე: თვითრეალიზაცია თუ ოჯახი.

პარტნიორული მხარდაჭერის ნაკლებობა: როდესაც ქალი ხედავს, რომ კაცი აქტიურად არ მონაწილეობს ყოველდღიურ საოჯახო საქმეებსა და ბავშვის აღზრდაში, მას უჩნდება განცდა, რომ ამ დიდ პასუხისმგებლობასთან მარტო დარჩება. პირველი შვილის შემდეგ მიღებული ეს მძიმე გამოცდილება ხშირად ხდება მთავარი მიზეზი, რის გამოც ოჯახები მეორე ან მესამე შვილის გაჩენაზე უარს ამბობენ.

მაღალი საზოგადოებრივი წნეხი: ქალისგან ხშირად ითხოვენ იყოს „იდეალური დედა“ და ერთდროულად წარმატებული პროფესიონალიც. ეს არარეალური სტანდარტები ქმნის მუდმივი დანაშაულისა და შფოთვის განცდას, რაც ქალებს შვილის გაჩენის გადაწყვეტილების მიღებას კიდევ უფრო ურთულებს.

ვფიქრობ, სანამ საზოგადოებაში არ შეიცვლება სოციალური ნორმები და კაცები თანაბრად არ გაინაწილებენ საოჯახო პასუხისმგებლობებს, შვილის გაჩენა ბევრი ახალგაზრდა ქალისთვის აღიქმება არა მხოლოდ სიხარულად, არამედ საკუთარი პიროვნული და პროფესიული თავისუფლების დათმობად.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მამაკაცი სიტყვიერად მზაობას გამოხატავს ოჯახური მოვალეობების გასანაწილებლად, პრაქტიკაში ისინი კვლავ ძირითადად „მარჩენალის“ როლს ინარჩუნებენ. რა უშლის ხელს რეალურ ცვლილებას და მამაკაცების უფრო აქტიურ ჩართულობას ბავშვების აღზრდის პროცესში?

მართლაც, უახლესი კვლევები ადასტურებს, რომ კაცების 81% მიიჩნევს მამობას მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციად, თუმცა, რეალურ ცვლილებას ხელს უშლის კომპლექსური სოციოკულტურული, ეკონომიკური და ინსტიტუციური ბარიერები. საზოგადოებაში ჯერ კიდევ ღრმად არის ფესვგადგმული წარმოდგენა, რომ მამაკაცის მთავარი „ღირსება“ ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფაა, ხოლო ბავშვის მოვლაში აქტიური ჩართულობა ან დეკრეტული შვებულების აღება ხშირად სტიგმატიზებულია და „არაკაცურად“ აღიქმება. ამას ემატება შრომის ბაზარზე არსებული გენდერული სახელფასო სხვაობა, ვინაიდან კაცების ანაზღაურება ხშირად ქალებისას აღემატება, წყვილისთვის ფინანსურად უფრო „ლოგიკური“ ხდება, მაღალანაზღაურებადმა წევრმა განაგრძოს მუშაობა, რასაც ზურგს უმაგრებს დამსაქმებლების ინფორმირების ნაკლებობა მამობის შვებულების შესახებ, ინფორმაციის ნაკლებობა, თუ რა სარგებლის მომტანია ოჯახის მხარდამჭერი გარემოს შექმნა სამუშაო სივრცეში. გარდა ამისა, ბიჭებს ბავშვობიდანვე იშვიათად ასწავლიან ზრუნვისა და საოჯახო საქმეების უნარებს, რაც ზრდასრულ ასაკში თავდაჯერებულობის ნაკლებობას იწვევს, ხოლო დედების მხრიდან არსებული არაცნობიერი კონტროლი („მე უკეთ მოვუვლი“) ხშირად საბოლოოდ უკარგავს მამაკაცებს ინიციატივას და ინარჩუნებს მათ ტრადიციულ „მარჩენალის“ როლში.

მომუშავე დედები საქართველოში ხშირად ორმაგი სტანდარტის წინაშე დგებიან – მათგან მოელიან, რომ იყვნენ როგორც წარმატებული პროფესიონალები, ისე იდეალური დიასახლისები, ყოველგვარი სისტემური მხარდაჭერის გარეშე. რა სოციალურ და ფსიქოლოგიურ ბარიერებს ქმნის ეს გარემო ქალებისთვის?

საქართველოში მომუშავე დედების წინაშე არსებული ორმაგი სტანდარტი, რომელიც მათგან ერთდროულად წარმატებულ კარიერასა და იდეალურ დიასახლისობას ითხოვს, მნიშვნელოვან სოციალურ-ფსიქოლოგიურ წნეხს ქმნის. სისტემური მხარდაჭერისა და პარტნიორული თანადგომის არარსებობის პირობებში, ქალები ცხოვრობენ მუდმივი „ორმაგი ცვლისა“ და უხილავი „მენტალური ტვირთის“ რეჟიმში, სადაც საოჯახო საქმეებისა და ოჯახის მართვის ლოგისტიკა სრულად მათ მხრებზეა. ეს იწვევს ქრონიკულ ემოციურ გადაწვას, ფიზიკურ გამოფიტვასა და მუდმივ დანაშაულის განცდას იმის გამო, რომ ქალი ვერც სამსახურში და ვერც ოჯახში ვერ აღწევს საზოგადოების მიერ დაწესებულ არარეალურ სტანდარტებს. ამასთანავე, ეს გარემო პირდაპირ აფერხებს ქალის პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას. შრომის ბაზარზე არსებული „დედობის ჯარიმის“ გამო, შვილიანი ქალები ხშირად დგებიან კარიერული სტაგნაციის წინაშე, კარგავენ ფინანსურ დამოუკიდებლობას და იძულებული ხდებიან უარი თქვან საკუთარ ჰობიზე, დასვენებასა თუ სოციალურ ურთიერთობებზე. საკუთარი იდენტობის დაკარგვა და სოციალური იზოლაცია საბოლოოდ უარყოფითად მოქმედებს მათ თვითშეფასებაზე და ხშირად ხდება მთავარი მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდა ქალები შვილის გაჩენას მაქსიმალურად გადადებენ ან საერთოდ უარს ამბობენ ოჯახის გაფართოებაზე.

რამდენად რთულია ქალებისთვის კარიერული ზრდა და შვილის ყოლა იმ ფონზე, როდესაც სრულ განაკვეთზე მუშაობა მაშინ, როცა ბავშვი პატარაა, ხშირად საზოგადოებრივი გაკიცხვის საგანი ხდება? როგორ უწყობს ხელს ეს სტერეოტიპები შობადობის მაჩვენებლების შემცირებას?

პატარა ბავშვის დედის სრულ განაკვეთზე მუშაობის გამო საზოგადოებრივი გაკიცხვა ქალებს კარიერულ ზრდასა და დედობის შეთავსებას უკიდურესად ურთულებს. ეს არის სწორედ სტიგმა, რომელიც ჩუმად ტრიალებს საზოგადოებაში. მომუშავე დედებს ხშირად აკრავენ „ეგოისტისა“ და „ცუდი დედის“ იარლიყს, რაც მათში მუდმივი დანაშაულის განცდასა და ემოციურ სტრესს იწვევს. ბავშვის მოვლის ხელმისაწვდომი სერვისებისა და მოქნილი სამუშაო პირობების არარსებობასთან ერთად, ეს სტიგმა ქალებს უსამართლო არჩევანის წინაშე აყენებს, იძულებული ხდებიან, აირჩიონ ან პროფესიული თვითრეალიზაცია და ფინანსური დამოუკიდებლობა, ან ოჯახი. ეს სტერეოტიპები, რა თქმა უნდა, მოქმედებს შობადობის მაჩვენებლების შემცირებასა და დემოგრაფიული ნაპრალის გაღრმავებაზე. კარიერული დანაკარგებისა და სოციალური წნეხის შიშით, ახალგაზრდა ქალები პირველი შვილის გაჩენას რაც შეიძლება გვიანი ასაკისთვის გადადებენ, რაც ბუნებრივად ამცირებს მათ რეპროდუქციულ პერიოდს. ზოგადად, ტრადიციული პარადიგმა იცვლება ახალგაზრდებში. ისინი უპირატესობას პირველ რიგში საკუთარ კარიერულ და პიროვნულ განვითარებას ანიჭებენ და მხოლოდ ამის შემდეგ დგას ოჯახის შექმნის, ბავშვის გაჩენისა და ზრუნვის მოთხოვნა.

ქალების მიერ ეკონომიური დამოუკიდებლობის შენარჩუნება ხშირად კრიტიკულად მიიჩნევა იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ არათანასწორი ან პოტენციურად დამოკიდებული მდგომარეობა პარტნიორთან. რამდენად დიდია შიში იმისა, რომ დეკრეტული შვებულება ან შვილის გაჩენა ქალებს სამსახურსა და ფინანსურ სტაბილურობას დააკარგვინებს?

ქალებისთვის ეკონომიკური დამოუკიდებლობის დაკარგვის შიში შვილის გაჩენის ან დეკრეტულ შვებულებაში წასვლისას უკიდურესად დიდია და ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს ოჯახის დაგეგმვისას. დეკრეტში წასვლა ქალებისთვის ხშირად ასოცირდება „დედობის ჯარიმასთან“, კარიერული ზრდის შეჩერებასთან, კვალიფიკაციის დაკარგვასა და შრომის ბაზრიდან ჩამოშორებასთან. საკუთარი შემოსავლის არარსებობა ქალს სრულად პარტნიორზე დამოკიდებულს ხდის, რაც ოჯახში ძალაუფლების დისბალანსს, პირადი თავისუფლების შეზღუდვასა და კონფლიქტის შემთხვევაში ფინანსური დაუცველობის შიშს აჩენს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც დეკრეტული ანაზღაურების არსებული მექანიზმები რეალურ ფინანსურ სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს. ეს შიში პირდაპირ აისახება ქვეყნის დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე და კიდევ უფრო აღრმავებს დემოგრაფიულ ნაპრალს. „დემოგრაფიული მომავლის“ კვლევამ აჩვენა, რომ ფინანსური დამოუკიდებლობის შენარჩუნების მიზნით, თანამედროვე ქალები ცდილობენ ჯერ მიაღწიონ მყარ კარიერულ პოზიციას და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრონ შვილის გაჩენაზე, რაც პირველი ბავშვის დაბადებას ოცდაათი წლის შემდეგ გადაავადებს.

რა სისტემური და საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო იმისთვის, რომ სახელმწიფომ და ბიზნესსექტორმა რეალურად შეამსუბუქონ ქალების ტვირთი. ხარისხიანი საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა, მამების სავალდებულო დეკრეტული შვებულება და ა.შ. რა დაგანახათ კვლევაზე მუშაობამ და სად ხედავთ სიტუაციის გაუმჯობესების გზებს?

კვლევამ დაგვანახა, რომ „დემოგრაფიული ნაპრალის“ ამოვსება შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური სისტემური და საკანონმდებლო რეფორმებით, რომლებიც ქალების ტვირთს რეალურად შეამსუბუქებს. ამისთვის აუცილებელია მამებისთვის სპეციალური, არაგადაცემადი დეკრეტული კვოტების დაწესება (რომელიც აიძულებს კაცებს, თავიდანვე ჩაერთონ ბავშვის მოვლაში), დეკრეტული ანაზღაურების ზღვრის გაზრდა, დედობის დაცვის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 183-ე კონვენციის რეკომენდაციების შესაბამისად, 0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ხარისხიანი საბავშვო ბაღების ქსელის გაფართოება და სკოლებში ხანგრძლივი დღის ჯგუფების დანერგვა, რაც მომუშავე მშობლებს კარიერისა და ოჯახის შეთავსებას გაუადვილებს. ამასთანავე, გადამწყვეტი როლი ენიჭება ბიზნესსექტორისა და შრომის ბაზრის ტრანსფორმაციას ოჯახის მხარდამჭერი სამუშაო გარემოს შექმნით, რაც მოქნილ გრაფიკს, დისტანციურ მოდელებსა და ორსული თუ დეკრეტში მყოფი ქალების შრომითი უფლებების მკაცრ დაცვას გულისხმობს. საინფორმაციო კამპანიებით პოზიტიური მამობის წახალისება და იმის აღიარება, რომ ბავშვის მოვლა არა მხოლოდ ქალის, არამედ სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთობლივი პასუხისმგებლობაა, შექმნის უსაფრთხო გარემოს, სადაც ახალგაზრდა ოჯახები შვილების გაჩენისგან თავს აღარ შეიკავებენ. კერძო სექტორის ტრანსფორმაცია მოგებიანია თავად კომპანიებისთვის, რადგან ინვესტიციაზე ამონაგები მნიშვნელოვანია; მათ ეყოლებათ მეტად ლოილური თანამშრომლები, რომლებიც გრძლევადიან პერსპექტივაში განიხილავენ კომპანიასთან თანამშრომლობას; კომპანიების იმიჯი საგრძნობლად ამაღლდება, მოხდება თანამშრომლების ნაკლები გადინება.

როგორ უნდა შეიცვალოს საჯარო დისკურსი და არსებული ნარატივები იმისთვის, რომ შობადობის პრობლემა არ განიხილებოდეს მხოლოდ ქალების „ვალდებულებად“, არამედ აღიქმებოდეს როგორც საერთო სოციალური და გენდერული თანასწორობის საკითხი?

საჯარო დისკურსის შეცვლა გულისხმობს გადასვლას შობადობის, როგორც ქალის პატრიოტული ან მორალური „ვალდებულების“ ნარატივიდან მისი, როგორც ადამიანის უფლების, არჩევანისა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების საკითხად აღქმისკენ. ამისათვის აუცილებელია „ზრუნვის ეკონომიკის“ აღიარება. საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ოჯახზე ზრუნვა და ბავშვის აღზრდა არის უხილავი, თუმცა ფუნდამენტური ეკონომიკური დოვლათი, რომელიც სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის მხრიდან შესაბამის ინვესტიციასა და სოციალურ გარანტიებს მოითხოვს და არა ქალების ინდივიდუალურ დადანაშაულებას. ამასთანავე, ფუნდამენტურ გარდაქმნას საჭიროებს მამობის აღქმაც. მამაკაცის როლი ბავშვის მოვლაში უნდა მიიჩნეოდეს არა ქალის „დახმარებად“, არამედ თანაბარ, სრულფასოვან მშობლობად. მედიამ, პოლიტიკოსებმა და საზოგადოებრივმა ლიდერებმა ხელი უნდა შეუწყონ პოზიტიური მამობისა და პარტნიორული თანასწორობის პოპულარიზაციას, უარი თქვან მომუშავე დედების სტიგმატიზაციაზე და აჩვენონ როლური მოდელები, სადაც საოჯახო პასუხისმგებლობების გადანაწილება ოჯახის გაძლიერებისა და საერთო კეთილდღეობის საფუძველია.

ტექსტი: თაკო დარახველიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი