ახალი კვლევის თანახმად, პაპილომა ვირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინა საშვილოსნოს ყელის კიბოთი 30 წლამდე გარდაცვალების რისკს თითქმის ნულამდე ამცირებს.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ HPV ვაქცინა მნიშვნელოვნად ამცირებს იმ ინფექციების გავრცელებას, რომლებიც ამ კონკრეტული დაავადების თითქმის ყველა შემთხვევის მიზეზია. ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ სასიენი აცხადებს, რომ ერთი ვაქცინით ასეთი შედეგის მიღება „უპრეცედენტო მიღწევაა“.
მიუხედავად დადებითი შედეგებისა, კვლევა მიუთითებს, რომ ვაქცინაციის დონე კვლავ არასაკმარისია. ინგლისში 2024–25 წლებში 15 წლის გოგონების დაახლოებით 76% იყო აცრილი, რასაც როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არასაკმარის რაოდენობად მიიჩნევს.
Cancer Research UK ხელისუფლებას მოუწოდებს, ვაქცინაციის პროგრამები გააძლიეროს. მათივე თქმით, აუცილებელია რეგულარული სკრინინგის გაგრძელება, რადგან ის კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენას უზრუნველყოფს.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყება აცხადებს, რომ მუშაობს ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე და დამატებითი კამპანიების გაფართოებაზე, მათ შორის თვითტესტირების პროგრამების დანერგვაზე იმ ქალებისთვის, რომლებიც სკრინინგში არ მონაწილეობენ.
ამ თემასთან დაკავშირებით OK! Magazine-ის კითხვებს კლინიკური ონკოლოგი თამარ ესაკია პასუხობს:
• შეიძლება თუ არა ითქვას, რომ HPV ვაქცინა კიბოს პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა?
HPV-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამების ეფექტიანობა ადასტურებს, რომ ფართომასშტაბიანი იმუნიზაცია წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოს კონტროლისა და მისი, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემის, ეტაპობრივი ელიმინაციის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სტრატეგიას.
• ხშირად მშობლებს აშინებთ ვაქცინის შესაძლო გვერდითი მოვლენები. რამდენად უსაფრთხოა HPV ვაქცინა და რა უნდა იცოდნენ მათ?
HPV ვაქცინის უსაფრთხოება დადასტურებულია მრავალწლიანი საერთაშორისო დაკვირვებებით. მსოფლიოში ასობით მილიონი დოზაა გამოყენებული. ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია ინექციის ადგილზე ტკივილი, სიწითლე, მცირე შეშუპება ან ხანმოკლე თავბრუსხვევა. სერიოზული გართულებები ძალიან იშვიათია.
• რა ასაკშია საუკეთესო ვაქცინაციის ჩატარება და რატომ?
ვაქცინაციის ოპტიმალური ასაკია 9–14 წელი. ამ პერიოდში იმუნური პასუხი განსაკუთრებით ძლიერია და ვაქცინა ყველაზე ეფექტურად იცავს მომავალში HPV ინფექციისგან.
• თუ გოგონა ან ქალი რეკომენდებულ ასაკში არ აიცრა, აქვს თუ არა ვაქცინაციას აზრი მოგვიანებით?
დიახ, მიუხედავად იმისა, რომ HPV-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაქსიმალური ეფექტიანობა მიიღწევა ვირუსთან შესაძლო კონტაქტამდე, განსაკუთრებით ადრეულ მოზარდობაში, ვაქცინაცია რეკომენდებულია უფრო გვიან ასაკშიც. ამ შემთხვევაში იგი ვერ აღმოფხვრის უკვე არსებულ ინფექციას, თუმცა უზრუნველყოფს დაცვას HPV-ის სხვა ტიპების მიმართ.
• არსებობს მოსაზრება, რომ HPV მხოლოდ ქალების პრობლემაა. რატომ არის მნიშვნელოვანი ბიჭების ვაქცინაციაც?
HPV მხოლოდ ქალების პრობლემა არ არის. ის დაკავშირებულია პირ-ხახის, ანალური არხისა და ასოს სიმსივნეებთანაც. ბიჭების ვაქცინაცია ამცირებს როგორც მათ ინდივიდუალურ რისკს, ისე ვირუსის გავრცელებას მოსახლეობაში.
• ვაქცინაციის შემდეგ რამდენად აუცილებელია საშვილოსნოს ყელის რეგულარული სკრინინგი?
აუცილებელია. ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს რისკს, მაგრამ ვერ ცვლის სკრინინგს. რეგულარული პაპ-ტესტი და HPV ტესტირება კვლავ რჩება პრევენციის აუცილებელ კომპონენტად.
• საქართველოში რამდენად მაღალია HPV-ის გავრცელება და რამდენად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბო?
საშვილოსნოს ყელის კიბო საქართველოში კვლავ მნიშვნელოვან ონკოლოგიურ პრობლემად რჩება. შემთხვევათა დიდი ნაწილის დიაგნოსტირება ხდება შედარებით გვიან სტადიაზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელია პრევენციისა და სკრინინგის პროგრამების შესახებ ცნობადობის ამაღლება და საზოგადოების ინფორმირება.
• თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, რა არის ყველაზე გავრცელებული მითები HPV ვაქცინაციის შესახებ?
ყველაზე გავრცელებული მითებია, რომ ვაქცინა უნაყოფობას იწვევს, ან რომ ის მხოლოდ გოგონებისთვისაა საჭირო. არც ერთი ეს მოსაზრება სამეცნიერო მტკიცებულებებით არ დასტურდება.
• რა ნიშნებს უნდა მიაქციონ ქალებმა ყურადღება და რატომ არის მნიშვნელოვანი დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა?
არარეგულარული სისხლდენა, სისხლიანი გამონადენი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ, ტკივილი მენჯისა და წელის არეში, ასევე მენოპაუზის შემდგომი სისხლდენა საჭიროებს სპეციალისტთან კონსულტაციას. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადრეულ სტადიაზე დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ადრეული დიაგნოსტიკა განაპირობებს მკურნალობის უკეთეს შედეგებს.
• რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში HPV ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდოს?
ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება, ექიმების აქტიური ჩართულობა, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და დეზინფორმაციასთან ბრძოლა. მოსახლეობამ გადაწყვეტილება მეცნიერებაზე დაფუძნებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მიიღოს.

13 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·