თანამედროვე ხედვით, საბავშვო ბაღი აღარ არის უბრალოდ ადგილი, სადაც ბავშვი დროებით იმყოფება – ეს არის პირველი საგანმანათლებლო და სოციალური სივრცე, სადაც ყალიბდება მისი პიროვნება, ემოციური სტაბილურობა და სამყაროსადმი დამოკიდებულება. სწორედ ასეთი მიდგომით შეიქმნა საბავშვო ბაღი „ლარდი“, რომელიც ბავშვის განვითარებას მთლიან პროცესად განიხილავს და არამხოლოდ სწავლების ეტაპად. მისი დამფუძნებელი, ნინო მაისაშვილი ინტერვიუში უფრო ვრცლად გვესაუბრება, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის ადრეული ასაკიდანვე მსგავსი გამოცდილების მიღება.
როგორ და რა იდეით შეიქმნა საბავშვო ბაღი „ლარდი“?
იდეა, შემექმნა სკოლამდელი სასწავლო-სააღმზრდელო ცენტრი, ბრიტანეთში ცხოვრების დროს დამებადა, რადგან აღზრდის იქაური მეთოდი ძალიან მომწონდა არა მხოლოდ როგორც პროფესიონალს (ამ მიმართულებით ვმუშაობდი), არამედ როგორც მშობელს. ფიქრმა, რომ საქართველოში გადმომეტანა ევროპული სტანდარტების სასწავლო-სააღმზრდელო მეთოდი, თანდათანობით ხორცი შეისხა და ოჯახის დახმარებით შევძელი დამეარსებინა „ლარდი“.
„ლარდი“ სვანური სიტყვაა და „აღზრდის ადგილს“ ნიშნავს. 2024 წლიდან ეს ადგილი უკვე ძალიან ბევრი ბავშვის საყვარელი სივრცე გახდა… სივრცე, სადაც მშობლები მათი შვილების აღზრდას მშვიდად და უყოყმანოდ გვანდობენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვისთვის 5 წლამდე ასაკში ბაღში ყოფნა და რა გავლენას ახდენს ეს მის შემდგომ განვითარებაზე?
ალბათ ახალს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ 5 წლამდე ასაკი ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება მისი ძირითადი სოციალური და ემოციური უნარები. სწორედ 5 წლამდე ასაკში ყალიბდება ადამიანის ფსიქოსოციალური, მენტალური მდგომარეობა. ამ ასაკში ვსწავლობთ კომუნიკაციას, ურთიერთობას, გაზიარებას, წესების დაცვას, საკუთარი ემოციების ამოცნობასა და მათ მართვას. სწორედ ამ პერიოდში ვითარდება დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობის განცდა და გარემოსადმი ინტერესიც.
მოკლედ რომ ვთქვა, 5 წლამდე ასაკის გამოცდილება პირდაპირ აისახება ადამიანის შემდგომ განვითარებაზე.
რა არის სკოლამდელი განათლების მთავარი პრიორიტეტი – აკადემიური უნარები, ემოციური განვითარება თუ სოციალური ადაპტაცია?
სკოლამდელი განათლების მთავარი პრიორიტეტი მხოლოდ აკადემიური უნარების განვითარება არ არის – პირველ რიგში, ეს არის ემოციური განვითარება და სოციალური ადაპტაცია. თუ ბავშვი თავს უსაფრთხოდ, თავდაჯერებულად და თავისუფლად გრძნობს, აკადემიური უნარებიც ბევრად ბუნებრივად ვითარდება. მნიშვნელოვანია, რომ მან ისწავლოს თანატოლებთან ურთიერთობა, საკუთარი სურვილების სწორად გამოხატვა, ემოციების მართვა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ეს ქმნის მყარ საფუძველს მომავალში როგორც კარიერული, ისე პიროვნული წარმატებისთვის.
ყველაზე გავრცელებული რა მცდარი წარმოდგენები არსებობს მშობლებს შორის სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებით?
მშობლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენა არის ის, რომ საბავშვო ბაღი მხოლოდ ბავშვის „დატოვების ადგილია“, სანამ მშობლები სამსახურში არიან. რეალურად, ბაღი არის განვითარების უმნიშვნელოვანესი სივრცე. ასევე, ბევრ მშობელს ჰგონია, რომ სკოლამდელი განათლება აუცილებლად უნდა ნიშნავდეს წერას, კითხვასა და მათემატიკის სწავლას, მაშინ როცა ამ ეტაპზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციური სიმწიფე, კომუნიკაცია და სოციალური უნარები. კიდევ ერთი მცდარი შეხედულებაა, რომ თუ ბავშვი სახლში მშვიდად და დაცულად არის, ბაღი აუცილებელი აღარ არის – თუმცა თანატოლებთან ყოველდღიურ ურთიერთობასა და დამოუკიდებლობის გამოცდილებას სახლში ვერ მიიღებს.
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ბაღი ბავშვს სკოლაში შესვლამდე აძლევს?
ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ბაღი ბავშვს სკოლაში შესვლამდე აძლევს, არის მზადყოფნა ცხოვრების ახალი ეტაპისთვის – არა მხოლოდ ცოდნის, არამედ პიროვნული სიმწიფის თვალსაზრისით. ბავშვი სწავლობს დამოუკიდებლობას, წესრიგს, დროის აღქმას, ჯგუფურ მუშაობას, პასუხისმგებლობასა და საკუთარი თავის მართვას. ის ეჩვევა რუტინას, უფროსებსა და თანატოლებთან ურთიერთობას. ეს ყველაფერი ბევრად ამარტივებს სკოლაში გადასვლის პროცესს და ბავშვს უფრო მშვიდად, თავდაჯერებულად და სტაბილურად აგრძნობინებს თავს.
რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვი, რომელსაც საბავშვო ბაღში სიარულის გამოცდილება არ ჰქონია და პირდაპირ სკოლაში მიდის?
ბავშვი, რომელსაც საბავშვო ბაღში სიარულის გამოცდილება არ ჰქონია და პირდაპირ სკოლაში მიდის, ხშირად უფრო რთულად გადის ადაპტაციის პროცესს. შეიძლება გაუჭირდეს ჯგუფში ყოფნა, წესების დაცვა, მასწავლებლის ინსტრუქციების მიღება, ყურადღების კონცენტრაცია და თანატოლებთან ურთიერთობა. ხშირად ასეთ ბავშვებს უფრო მაღალი შფოთვა აქვთ, უჭირთ მშობლისგან განცალკევება და ახალ გარემოში საკუთარი ადგილის პოვნა. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ვერ ადაპტირდებიან, მაგრამ პროცესი ხშირად უფრო ხანგრძლივი და ემოციურად რთულია როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის.

როგორია ბავშვის ერთი დღის რუტინა „ლარდიში“?
„ლარდიში“ ბავშვის დღე იწყება მშვიდი, თბილი და სიყვარულით სავსე შეხვედრით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების განცდისთვის. შემდეგ მოდის თავისუფალი თამაში, სადაც ბავშვები ირჩევენ მათთვის საინტერესო აქტივობებს. დღის განმავლობაში აქვთ შემეცნებითი და შემოქმედებითი გაკვეთილები – მუსიკისა და ცეკვის თერაპია, ხელოვნება, ლოგიკური თამაშები, მეტყველების განვითარება, მოძრაობითი აქტივობები და ჯგუფური ინტერაქცია. დიდი ყურადღება ეთმობა გარე აქტივობებს, სუფთა ჰაერზე ყოფნის ფუფუნება „ლარდის“ პრიორიტეტია, რადგან გარდა იმისა, რომ გვაქვს დიდი და ლამაზი გარე სივრცე, ასევე ვიმყოფებით ქალაქში ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, ლისზე. უდიდესი დრო ეთმობა ფიზიკურ აქტივობასა და დამოუკიდებელი უნარების განვითარებას. კვება ჩვენთან განსაკუთრებულია და სრულად ჰასპის სტანდარტებს ითვალისწინებს – საგულდაგულოდ შერჩეული, ნატურულური პროდუქტებით მომზადებული მრავალფეროვანი მენიუთი ბავშვებს კვების უნარებსაც ვუვითარებთ და ბევრ ისეთ კერძს ვაყვარებთ, რომელსაც მანამდე არც სინჯავდნენ. დასვენება და დღის რეჟიმი დაბალანსებულია ისე, რომ ბავშვმა თავი კომფორტულად და ოჯახურ გარემოში იგრძნოს.
რა რჩევას მისცემდით მშობლებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, ღირს თუ არა ბავშვის მსგავს ბაღში მიყვანა?
მშობლებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, ღირს თუ არა ბავშვის ბაღში მიყვანა, ვეტყოდი – სკოლამდელი ასაკი გადამწყვეტია გარკვეული უნარების განვითარებისთვის, რაზეც დამოკიდებულია ბავშვის სამომავლო ადაპტაცია სამყაროსთან/ცხოვრებასთან. ბაღი არის სივრცე, სადაც ბავშვი იწყებს საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობას, ივითარებს დამოუკიდებლობასა და ემოციურ მდგრადობას. ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს არჩევა, სადაც ბავშვს უსმენენ, პატივს სცემენ და სიყვარულით ზრდიან – ეს გამოცდილება მის მომავალ წარმატებას საფუძვლად ედება.
„ლარდიში“ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფრესქულს: სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაგეგმილი სივრცეები და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული ბავშვის საჭიროებებზეა მორგებული. ბავშვებს ეტაპობრივად ვაჩვევთ სკოლის დისციპლინასა და საგაკვეთილო რეჟიმს, სწავლა კი თამაშის, მუსიკისა და მოძრაობის საშუალებით მიმდინარეობს. პროცესი აგებულია თემატურ პროექტებსა და პრაქტიკულ აქტივობებზე, მათ შორის ბუნებასთან აქტიურ ურთიერთობაზე. რადგანაც ბაღში სხვადასხვა ეროვნების ბავშვები არიან, სწავლება ინტეგრირებულ ინგლისურ და რუსულ ენებზე გვაქვს.
პროგრამა მოიცავს გასვლით ღონისძიებებსაც, რაც ბავშვებს გარემოს უკეთ შეცნობაში ეხმარება. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ემოციურ განვითარებას – ვეხმარებით ემოციების ამოცნობასა და მართვაში, ვუვითარებთ კომუნიკაციის, მოსმენისა და აზრის გამოხატვის უნარებს. სწავლის პროცესი დაფუძნებულია „სწავლა კეთებით“ პრინციპზე, არის საინტერესო და არაიძულებითი, რაც ზრდის ბავშვების მოტივაციას. ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მოტორიკის, ყურადღებისა და კონცენტრაციის განვითარებას. თამაშითა და პრაქტიკული ამოცანებით ვუყალიბებთ პრობლემების გადაჭრის უნარებს, ხოლო ყოველდღიური ჩვევებით – დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობას. „ლარდის“ ფრესქული ორიენტირებულია ბავშვის მიერ მიღწეულ შედეგზე, მის გაუმჯობესებაზე და არა კონკურენციაზე. ბავშვები ეუფლებიან წესებსა და დისციპლინას, მათი განვითარება კი მუდმივად ფასდება სპეციალისტების მიერ. მშობლები აქტიურად არიან ჩართული პროცესში. ჩვენი მიზანია, ბავშვებმა თავისუფალ და მრავალფეროვან გარემოში, ნაკლები სტრესით და ჰარმონიულად გადაინაცვლონ სასკოლო ეტაპზე.
ტექსტი: მარიამ შულაია
ფოტო: ალექსეი სეროვი

1 week ago
14







English (US) ·
Georgian (GE) ·