#OK! მაია კნიაზევა – მოდის, თეატრისა და კულტურის სინთეზი

2 hours ago 2

დღევანდელი ჩემი რესპონდენტისთვის მოდა მხოლოდ ვიზუალური ეფექტი არ არის, მისთვის მნიშვნელოვანია ის იდეა, ისტორია და ემოცია, რასაც სამოსი ატარებს. სწორედ ამიტომ, მის მიერ შექმნილი კოსტიუმები სცილდება ტრადიციული მოდის ჩარჩოებს და თეატრალურ ენად, კულტურულ ნარატივად და ცოცხალ მხატვრულ ფორმად გარდაიქმნება. ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, მოდის ექსპერტს, მენეჯერ-კულტუროლოგს, დიზაინერს, თეატრალური კოსტიუმების შემქმნელს, მხატვრულ ხელმძღვანელს და პედაგოგს, მაია კნიაზევას. ის თანამშრომლობს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, არის „მოდის დიზაინის, მოდელირების, ტექნოლოგიისა და ტექსტილის“ მიმართულების პროფესორი. მისი შემოქმედებითი ხედვა და ტექნიკური ოსტატობა უკვე საერთაშორისოდაა აღიარებული.

მაია კნიაზევას პროფესიული გამოცდილება 25 წელს ითვლის. ის არის საერთაშორისო დიზაინერთა კონკურსების პრემიის მფლობელი, საერთაშორისო დიზაინერთა ასოციაციის წევრი და კულტუროლოგიის დოქტორი. წლებია აქტიურად მუშაობს ქართული მოდისა და დიზაინის განვითარებაზე, არის არაერთი პროექტის ინიციატორი. მას ევალება Fashion week-ის კონცეფციის შემუშავება, მოდელების შერჩევა და დეფილეს ორგანიზება. მისი მუშაობის მნიშვნელოვანი ასპექტია შემოქმედებითი და ორგანიზაციული ნიჭის კოლაბორაცია, რაც მის პროფესიონალიზმს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ის არ არის მხოლოდ დიზაინერი, ის აცოცხლებს სამოსს თანამედროვე დრამატურგიით, დინამიკურ თეატრალურ სიუჟეტში და უქმნის მაყურებელს დაუვიწყარ ემოციებს.

კნიაზევას ხედვის ერთ-ერთი მნშვნელოვანი გაგრძელებაა ბრენდი Uniforma.MAIASI, რომელიც თანამედროვე კორპორაციული უნიფორმის სრულიად ახალ კონცეფციას ქმნის.

„Uniforma.MAIASI-ს კონცეფცია აერთიანებს ფუნქციურობას, კომფორტს, სტილსა და ქართულ კულტურულ იდენტობას – არასტანდარტული სილუეტები, ფერთა კრეატიული შეხამება, ბრენდირებული დეტალები, ავტორისეული ნაქარგები და ქართული ვიზუალური ელემენტები ბრენდის ხელწერის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – ამბობს მაია.

მის მიერ შექმნილი პროდუქცია მოთხოვნადია არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და ამერიკაში. მისი ნამუშევრები შეგხვდებათ ქართველი ემიგრანტების მიერ დაფუძნებულ სასტუმროებსა და რესტორნებში.

„ბრენდის მთავარი მიზანი ეკოლოგიურად უსაფრთხო, თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ქსოვილების გამოყენებით კომფორტული, ფუნქციური და ვიზუალურად გამორჩეული უნიფორმების შექმნაა, რომლებიც არა მხოლოდ პრაქტიკულ დანიშნულებას ატარებს, არამედ კომპანიის იდენტობასა და კორპორაციულ კულტურასაც უსვამს ხაზს“, – აღნიშნავს კნიაზევა.

მისი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში პროფესიული საქმიანობის ფარგლებში განხორციელდა. იგი მონაწილეობდა პროფესიული და კულტურული განვითარების შეხვედრებში, კონსულტაციებსა და დაგეგმვის განხილვებში. ჩართული იყო მოდის, განათლებისა და ხელოვნების სფეროებში მომუშავე კოლეგებსა და თანამშრომლებთან. ეს აქტივობები შემოიფარგლება კონცეპტუალური დიალოგით და იდეების გაცვლით პოტენციურ მომავალ პროექტებთან დაკავშირებით.

„ამერიკაში ჩემი ვიზიტი და ყოფნის მიზანი არის მომავალი კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების იდეების შესწავლა და პასუხისმგებლობით შემუშავება, რომლებიც განკუთვნილია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პარალელურად საქართველოში განსახორციელებლად. მინდა გზა გავუკვალო ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს საერთაშორისო არენაზე. ჩემი ყოფნის საწყის ეტაპზე შევძელი მნიშვნელოვანი პროფესიული ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობის პოტენციური გზების იდენტიფიცირება.

ყველას თავისი ამერიკული ოცნება აქვს, ჩემი კი სხვა რაკურსით იფარგლება“, – ამბობს დიზაინერი, რომლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იდეა ბროდვეის სცენისთვის შექმნილი კოსტიუმები და ქართული ღვინის უნიკალური დიზაინერული სამოსია.

ელეგანტურ ჩოხებში წარმოდგენილი ქართული ღვინო, პრემიუმ ხარისხის დრესკოდი ქართული პრეზენტაციებისთვის, სვაროვსკის ქვებით გაფორმებული დეტალები და ქართული სტილის თანამედროვე ინტერპრეტაცია – ეს ყველაფერი მაია კნიაზევას შემოქმედებითი სამყაროს ნაწილია, გარდა პერსონალთა უნიფორმისა, დამკვეთთა აღტაცებას ქართული ღვინის ბოთლის დიზაინერული სამოსის უნიკალური კოლექცია იწვევს. ელეგანტური ჩოხებით შემოსილი ქართული ღვინო ქართული გემოსა და სტილის ორიგინალური პრეზენტაციაა.

„ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტის თხოვნით შევქმენი უნიკალური კოლექცია, ქართული ღვინის ბოთლის დიზაინერული სამოსი ამერიკის ერთ-ერთი ღვინის მუზეუმისთვის. ამ იდეამ ძალიან გამიტაცა, რადგან 35 წელი ვცხოვრობდი და ვმოღვაწეობდი საზღვარგარეთ და ყველაფერი „ქართული“ ჩემთვის ძვირფასზე ძვირფასია“, – აღნიშნავს ქალბატონი მაია.

მაია კნიაზევას შემოქმედებით სამყაროში მოდა მხოლოდ სამოსი აღარ არის – ის კულტურის ვიზუალური ენაა.

„ჩემი ხელოვნებით ვემსახურები ქართული კულტურის ვიზუალურ სახეს. ქართული ჩოხა ქართველი ხალხის მატერიალურ კულტურას წარმოადგენს, ჩოხა ჩვენი ქვეყნის კულტურული კოდია, ქართული იდენტობაა, ქართველი ხალხის ისტორია და კულტურული მემკვიდრეობაა.

ჩემი ვალია, როგორც ხელოვანის – საქართველოს ღირსეული პოპულარიზაცია ქვეყნის საზღვრებს გარეთ“.

ქალბატონი მაია სამომავლოდ გეგმავს თავისი წარმოებული პროდუქცია (უნიფორმები, თეატრალური კოსტიუმები) ექსპორტზე გაიტანოს და წარმოება მოხდეს ამერიკაში.

„დიდი სურვილი მაქვს ამ პროექტში ჩავრთო ახალგაზრდა დიზაინერები საქართველოდან. მიხარია, რომ მივედი იმ ეტაპამდე, რომ შემიძლია ვიყო ანთებული სანთელი, რომელიც ახალ თაობას გზას უკვალავს“.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: პირადი არქივი

სრულად წაკითხვა