გაგიგიათ ქალთა დაუფასებელი შრომის შესახებ? დიახ, ეს ტერმინია. „სახლშია და რა საქმე აქვს“ – ამაზე უსამართლო ფრაზა ცოტა თუ მსმენია.
დამლაგებელი, მზარეული, ძიძა, მომმარაგებელი, აღმზრდელი – ეს ადამიანები რომ იქირაოთ 24 საათი და კვირაში 7 დღე, წარმოგიდგენიათ, რამხელა ბიუჯეტი დაგიჯდებათ? ამას დაამატეთ მძღოლის საქმე – შვილების ტარება სკოლაში, ბაღში, სხვადასხვა წრეზე. დიახ, ამას ძირითადად დიასახლისები აკეთებენ.
ქალებს უნდათ, საკუთარი თავის იმედი ჰქონდეთ, რომ ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლნი არ იყვნენ. ქალებს არ უნდათ, ნებისმიერ საჭიროებაზე თუნდაც მეუღლეს სთხოვონ თანხა. თან ისიც ხომ გაგიგიათ – რა ამბავია, ამდენ ფულს რაში ხარჯავ, ამდენს ვმუშაობ და ვერ ავუდივარო, კაცი რომ ამბობს. ჰოდა, ქალებმა მუშაობა დაიწყეს. ბევრი ემიგრაციაში წავიდა და ცალკე უზარმაზარი ტკივილი დგას ამ ნაბიჯის უკან.

საქართველოში ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური და დემოგრაფიული კვლევების (მათ შორის UNFPA Georgia-სა და CRRC-ის მონაცემები) მიხედვით ახალგაზრდებს შვილები კი „აღარ უნდათ“, არამედ მათ არ აქვთ შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური საყრდენი.
კვლევების თანახმად, რესპონდენტთა უმრავლესობა ბავშვის გაჩენის შემაკავებელ მთავარ მიზეზად ფინანსურ უსაფრთხოებას, საბინაო პირობებსა და ჯანდაცვის ხარჯებს ასახელებს. კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ სერიოზულ გამოწვევად რჩება დეკრეტული შვებულების ადეკვატური ანაზღაურება და საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა, რაც განსაკუთრებით მომუშავე დედებს აყენებს რთული არჩევანის წინაშე – კარიერა თუ ოჯახი.
ბოლო წლებში დაბადებული ბავშვების რაოდენობა მუდმივად მცირდება, სიკვდილიანობა შობადობას აღემატება, მოსახლეობა ბერდება – ეს ფაქტებია და პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ მდგომარეობასთან.
სიყვარულით,
მაიკო წერეთელი
ჟურნალ OK!-ს მთავარი რედაქტორი
okmagazine ცხოვრების სტილი