ფრანგი-ირანელი მწერალი, ილუსტრატორი, რეჟისორი და აქტივისტი მარჯან სატრაპი, რომლის სახელსაც მსოფლიოში ცნობილი გრაფიკული მემუარი „პერსეპოლისი“ (Persepolis) უკავშირდება, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოჯახის წევრების განცხადებით, ხელოვანი „სევდისგან გარდაიცვალა“ – მისი მეუღლის, შვედი პროდიუსერის მატიას რიპას გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ. რიპა 2025 წლის 8 აპრილს გარდაიცვალა, რის შემდეგაც რამდენიმე კვირაში სატრაპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „დავკარგე ჩემი ცხოვრების სიყვარული.“

მარჯან სატრაპის გარდაცვალებას უკვე გამოეხმაურნენ საფრანგეთის პოლიტიკური და კულტურული წრეების წარმომადგენლები. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მას „დიდი ხელოვანი“ უწოდა, რომელმაც „ირანში გატარებული ბავშვობა უნივერსალურ ისტორიად აქცია“.
1969 წელს ირანის ქალაქ რაშთში დაბადებული სატრაპი თეირანში გაიზარდა. მოზარდობის ასაკში მშობლებმა იგი ევროპაში სასწავლებლად გაგზავნეს, რათა ისლამური რესპუბლიკის მიერ დაწესებული შეზღუდვებისგან დაეცვათ. მოგვიანებით მან საფრანგეთში დაიდო ბინა და 2006 წელს ქვეყნის მოქალაქეობაც მიიღო.

სატრაპი მთელი ცხოვრების განმავლობაში ირანის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსი იყო. მსოფლიო აღიარება კი 2000 წელს გამოსულმა გრაფიკულმა მემუარმა „პერსეპოლისმა“ მოუტანა. წიგნი ახალგაზრდა გოგონას ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ შეცვლილ ირანში იზრდება და ცდილობს გაუმკლავდეს პოლიტიკურ და სოციალურ რეალობას.
მოგვიანებით „პერსეპოლისი“ ანიმაციურ ფილმადაც გადაიქცა, რომლის თანარეჟისორიც თავად სატრაპი იყო. ფილმმა საერთაშორისო წარმატება მოიპოვა და „ოსკარზე“ საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაც მიიღო. ამით მარჯან სატრაპი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქალი, რომელიც ამ კატეგორიაში იყო ნომინირებული.
2024 წელს The Guardian-თან ინტერვიუში სატრაპმა აღნიშნა, რომ „პერსეპოლისის“ მთავარი მიზანი დასავლელი მკითხველისთვის ირანელების რეალური სახის ჩვენება იყო.
„მინდოდა ადამიანებს დაენახათ, რომ ირანელებიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ყველა სხვა,“ – ამბობდა ავტორი.
მარჯან სატრაპის შემოქმედებამ მილიონობით მკითხველს გააცნო ირანის თანამედროვე ისტორია, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა და თავისუფლების მნიშვნელობა. მისი ნამუშევრები დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კულტურულ ხიდად რჩება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.


1 week ago
21







English (US) ·
Georgian (GE) ·