#OK! მატჩა — ჯანსაღი არჩევანი თუ ტრენდი?

5 hours ago 3

თუ ბოლო წლებში TikTok-ზე ან Instagram-ზე ერთხელ მაინც შეგხვედრიათ მწვანე, ქაფიანი სასმელი,  დიდი შანსია ეს მატჩა იყოს. ის, რაც ოდესღაც მხოლოდ იაპონური ჩაის ცერემონიის ნაწილად ითვლებოდა, დღეს სოციალური ქსელების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტრენდად იქცა.

მატჩა სპეციალურად დამუშავებული და ფხვნილად დაფქული მწვანე ჩაია. ჩვეულებრივი ჩაისგან განსხვავებით, აქ მხოლოდ ნაყენს არ სვამ — მთლიანად დაფქულ ფოთოლს იღებ.

მისი წარმოება საკმაოდ სპეციფიკურ პროცესს მოითხოვს: მოსავლის აღებამდე ჩაის ბუჩქებს რამდენიმე კვირით ჩრდილავენ. ეს ზრდის ქლოროფილის დონეს და აძლევს ფოთლებს უფრო ინტენსიურ მწვანე ფერს და განსაკუთრებულ გემოს. შემდეგ ფოთლებს აშრობენ და ძალიან წვრილ ფხვნილად ფქვავენ.

არის თუ არა მატჩას პოპულარობა უფრო მარკეტინგული ტრენდი, თუ მას მართლაც განსაკუთრებული სასარგებლო თვისებები აქვს?

მატჩა არის იაპონური მწვანე ჩაის განსაკუთრებული ფორმა, რომლის შემთხვევაში უბრალოდ ჩაის ნაყენს კი არ ვსვამთ, არამედ მთლიანად დაფქულ ჩაის ფოთოლს ვიღებთ. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივ მწვანე ჩაისთან შედარებით, აქტიური ნივთიერებების კონცენტრაცია მატჩაში გაცილებით მაღალია. ტერმინი „მატჩა“ დედნისეულ ენაზე „დაფქულს“ ნიშნავს.

რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს მატჩას ორგანიზმისთვის?

ბოლო წლებში მატჩას პოპულარობა ნამდვილად გააძლიერა სოციალურმა მედიამ და მარკეტინგმა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი სარგებელი გამოგონილია. მატჩა რეალურად შეიცავს ბიოაქტიურ ნივთიერებებს,  რომელთა მოქმედება მეცნიერულად საკმაოდ კარგად არის შესწავლილი. მატჩას დამზადება სპეციალურ პირობებში მიმდინარეობს. სხვა სახის ჩაისგან განსხვავებით, იგი  მზადდება მთლიანი ფოთლებისგან, რაც უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების მაღალ კონცენტრაციას. ამის გარდა, ასევე აქვს ძლიერი, განსხვავებული არომატი. მატჩას ჩაის საიდუმლო მის პოლიფენოლურ ნაერთებშია, რომელსაც კატექინები ( ანტიოქსიდანტის სახეობა) ეწოდება.

როგორ მოქმედებს ენერგიის დონესა და კონცენტრაციაზე?

  •  ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება.

მატჩა განსაკუთრებით მდიდარია კატექინებით. ეს ნივთიერებები იცავს უჯრედებს დაზიანებისგან, ხელს უწყობს ანთებითი პროცესების შემცირებას

  • კონცენტრაციის გაუმჯობესება

მატჩა შეიცავს კოფეინს და L-თიანინს – ამინომჟავას, რომელიც ამშვიდებს ნერვულ სისტემას და აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს.

მატჩას მკაფიო მწვანე ფერი ხაზს უსვამს მასში ქლოროფილის მაღალ დონეს, რომელსაც გააჩნია ძლიერი დეტოქსიკაციური თვისებები.

იგი ასევე ამცირებს ე.წ “ცუდი” ქოლესტერინის დონეს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

ხშირად მატჩას ყავას ადარებენ. რომელია უფრო სასარგებლო არჩევანი და

რატომ?

როგორც წინა შეკითხვაში ავღნიშნეთ მატჩა შეიცავს ძალიან ბევრ აქტიურ სასარგებლო ნივთიერებებს , მაშინ როდესაც ყავაში არის მხოლოდ კოფეინის დიდი კონცენტრაცია.

1 გრამი მატჩა საშუალოდ შეიცავს 20–40 მგ კოფეინს.

ერთი სტანდარტული პორცია (2–4 გრამი) შეიცავს დაახლოებით 40–80 მგ კოფეინს.

შედარებისთვის: ესპრესო ≈ 60–80 მგ, ფილტრის ყავა ≈ 90–150 მგ.

ანუ მატჩა ნაკლებად “მსუბუქი” არ არის, როგორც ზოგს ჰგონია.

ვინ უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე მატჩას მიღებისას?

  • ორსულები და მეძუძურები;
  • არტერიული ჰიპერტენზიის (მაღალი წნევის) მქონე პირებმა;
  • არითმიების მქონე პაციენტებმა;
  • რკინადეფიციტის მქონე პაციენტებმა. მატჩა არ არის სასურველი რკინის პრეპარატთან
  • ერთად.

რა რაოდენობით არის უსაფრთხო მისი ყოველდღიურად მიღება?

ჯანმრთელი მოზრდილებისთვის 1–2 ჭიქა დღეში სრულიად უსაფრთხოდ ითვლება. ეს შეესაბამება დაახლოებით 2–4 გრამ მატჩას დღეში. მისი მიღება უკეთესია კვებიდან 1–2 საათის ინტერვალით.

შეიძლება თუ არა ზედმეტმა მოხმარებამ გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები?

დიახ. ჭარბი მიღებისას შეიძლება განვითარდეს: უძილობა, შფოთვა, გულის ფრიალი, კუჭის გაღიზიანება, გულისრევა, თავის ტკივილი – ძირითადად ეს დაკავშირებულია კოფეინის ჭარბ მიღებასთან.

ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენები:

  1. „მატჩა კოფეინს არ შეიცავს“

რეალურად შეიცავს და ზოგჯერ საკმაოდ მნიშვნელოვან რაოდენობასაც.

  1. „მატჩა წვავს ცხიმს“

მატჩა დამოუკიდებლად არ წვავს ცხიმს.

  1. „რაც მეტი მატჩა, მით უკეთესი“

ანტიოქსიდანტების შემთხვევაშიც კი არსებობს ოპტიმალური დოზა. ზედმეტი რაოდენობა დამატებით სარგებელს პრაქტიკულად არ იძლევა.

სრულად წაკითხვა