#OK! ,,მე არ ვიცოდი, რომ ამ ნომინაციებზე წარდგენილები ვიყავით” – ფილმმა ,,მოპარული ბავშვები” ლოს-ანჯელესში სამი მთავარი ჯილდო მოიპოვა

4 weeks ago 83

თამუნა მუსერიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ლოს-ანჯელესში დაფუძნებულ საერთაშორისო კონკურსზე US International Awards 2026 დოკუმენტურმა ფილმმა „მოპარული ბავშვები“ (Stolen Children / Skradzione dzieci) ერთდროულად სამი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, მათ შორის – დოკუმენტური კატეგორიის უმაღლესი აღიარება.

ფილმი, რომელიც კონკურსზე პოლონურმა ტელეკომპანიამ TVN Warner Bros. Discovery წარადგინა, ჟიურიმ რამდენიმე მნიშვნელოვან ნომინაციაში გამოარჩია:

  • Grand Award (უმაღლესი ჯილდო) – დოკუმენტური კატეგორიის მთავარი პრიზი.
  • Gold Award – Social Issues – სოციალური საკითხების კატეგორიაში.
  • Best Use of Emotion – Production Art & Craft კატეგორიაში, ემოციური თხრობისა და აუდიოვიზუალური შესრულებისთვის.

მიღებულ ჯილდოებთან დაკავშირებით თამუნამ OK!-თან საუბარში განაცხადა, რომ არც კი იცოდა, ფილმი აღნიშნულ ნომინაციებში თუ იყო წარდგენილი:

,,მე არ ვიცოდი, რომ ამ ნომინაციებზე წარდგენილები ვიყავით. სიურპრიზი გამიკეთეს რეჟისორებმა და პროდიუსერებმა. მხოლოდ შემდეგ გამაგებინეს, როცა უკვე ეს პრიზები მოვიგეთ.

პირადად ჩემთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ფილმმა, რომელიც ჩემზეა გადაღებული, ოთხი ჯილდო მოიგო, აქედან ერთ-ერთი კი მთავარი ჯილდოა. ეს მართლაც წარმოუდგენელი და დაუჯერებელი იყო ჩემთვის, სიტყვებითაც კი ვერ გამოვხატავ.

ეს არ არის უბრალო ჯილდო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის, რადგან ისტორია, რომელიც ჩვენ გავაშუქეთ და რომელზეც ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ვგულისხმობ იმას, რაც საქართველოში ბავშვების მოპარვისა და გაყიდვის მხრივ ხდებოდა, საქართველოს ფარგლებს გასცდა.

მართალია, ვიღაცები ამბობენ, რომ ჩვენ შემარცხვენლები ვართ, რადგან, ასე ვთქვათ, საქართველოს „შავი ლაქა“ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიტანეთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პირიქით, ეს ძალიან კარგია. ის ბავშვები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ არიან გაშვილებულები და, ზუსტად, ამერიკაში არიან გაყიდულები, ნახავენ და გაიგებენ, რა ხდებოდა, და დაიწყებენ იმ ოჯახების ძებნას, საიდანაც ისინი არიან მოპარულნი.

ამიტომაც ეს ჯილდო არამარტო როგორც ჯილდო ისეა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, არამედ როგორც სამომავლოდ ოჯახების დაკავშირების პერსპექტივის და ამბის გავრცელებისთვის არის ძალიან კარგი.

მართალია ბევრი ბავშვი გვიკავშირდება ამერიკიდან და კანადიდან და ბევრ ბავშვს ვაკავშირებთ ოჯახთან მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი იმასთან შედარებით რა რაოდენობაც არის გაყვანილი ამიტომაც ეს ჯილდო და ამ ამბის გავრცელება და საერთაშორისო, უკვე ამერიკაში აღიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი ოჯახების გაერთიანებისთვის”- განაცხადა თამუნამ ჩვენთან საუბრისას

US International Awards მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე საერთაშორისო პროფესიულ კონკურსად ითვლება, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოებს საუკეთესო დოკუმენტურ ფილმებს, ვიდეოპროექტებს, კორპორატიულ ვიდეოებსა და ბრენდირებულ აუდიოვიზუალურ ნამუშევრებს. კონკურსი აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტელევიზიებს, პროდაქშენ კომპანიებს, კრეატიულ სააგენტოებს, რეჟისორებს, დამოუკიდებელ ავტორებსა და საერთაშორისო ბრენდებს.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! თამუნა მუსერიძე Nagroda Korczaka-ს ჯილდოს მფლობელი გახდა

სრულად წაკითხვა