#OK! მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!

17 hours ago 1

„მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“ – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ, თავისი ცნობილი სიტყვა 1999 წლის 27 იანვარს, ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრების ისტორიულ მომენტში წარმოთქვა. 26 წლის შემდეგ ეს სიტყვები კვლავ აქტუალურია, რადგან დღეს გვიწევს ბრძოლა ჩვენი ევროპული არჩევანისთვის. რუსთაველის გამზირზე 30 დღეზე მეტია საპროტესტო აქციები უწყვეტად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები ითხოვენ აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას. დღეს ისე, როგორც არასდროს, თითოეულმა ქართველმა ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო თავისი ღირებულებებითა და კულტურით ყოველთვის იყო ევროპული ოჯახის ნაწილი. ევროპა ჩვენი წინაპრების არჩევანია, რადგან ევროპა არის არჩევანის თავისუფლება, აზროვნება და მშვიდობიანი თანაარსებობის სივრცე, სადაც უმთავრესი ადამიანი, მისი უფლებები და თავისუფლებაა. და მაინც, რატომ ევროპა? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენი დღევანდელი რესპონდენტები გვიზიარებენ.

თეა დარჩია: უპირველესად, ევროპა არის ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის. მშვიდი, უზრუნველყოფილი სიბერე; განათლების მაღალი დონე; ყველა დარგში წინსვლა და განვითარება; დაფასება შრომისა და ნიჭის; ნამდვილი მშვიდობა და არა ომს; კანონის უზენაესობა და თითოეული ადამიანის ღირსეული ცხოვრება. სწორედ ამ ღირებულებებზე დგას ევროპელობა. ევროკავშირი პატივს სცემს ყველა ერის სარწმუნოებას, ტრადიციებს, ისტორიასა და იდენტობას.

იმისთვის, რომ საქართველო გადარჩეს, უნდა გახდეს ევროპის სრულფასოვანი წევრი. ამისთვის კი გვჭირდება სამართლიანი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, ახალი არჩევნები და იმ დათქმების შესრულება, რომელიც მათ ჩვენ შემოგვთავაზეს, რათა მათი ოჯახის წევრი გავხდეთ.

ნოდიკო ტატიშვილი: ევროპა წარმოადგენს მრავალფეროვანი კულტურების მდიდარ და ერთიან ორგანიზმს, სადაც ფასეულობები – დემოკრატია, თანასწორობა, ადამიანის უფლებები, ჯანდაცვა და ეკონომიკური კეთილდღეობა – ყოველთვის პირველ ადგილასაა!

ევროპა ხშირ შემთხვევაში – რადიკალურად სხვადასხვა იდენტობის მქონე საზოგადოების პირობებში – მოსმენის, აზრთა გაზიარებისა და კონსენსუსამდე მისვლის დიდი ხელოვნების მაგალითია.

ევროპაში ყოველი ინდივიდი ფასეულია. როცა ერთი ადამიანიც კი გამოდის და გამოხატავს პროტესტს, მას უსმენენ! თავისუფლებასთან ერთად – ხალხი ფიქრობს ბევრ ინოვაციაზე, ასე გაიზარდა კაცობრიობა, ნაბიჯებით წინ და არა უკან, რისი მცდელობაც იყო ეს 12 წელია, ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ბოლო 4-5 წელი!.. დიდ ეკონიმიკურ-სოციალურ გაჭირვებასა და პრობლემებში მყოფი ქართველები, უსაზღვროდ გენიალური გონებითა და წარსულით, უხერხულია თვითგადარჩენაზე ფიქრს ვახმარდეთ ამ უდიდეს რესურსს. ქართველი, რომელიც დიდხანს რამეს ითმენს, ყველაზე კატეგორიულია, რაც გაზაფხულიდან მოყოლებულმა მოვლენებმა გვაჩვენა.

ევროპა არასდროს იყურება უკან! ცალსახად მიიწევს წინ! ევროპაში განათლებაა მნიშვნელოვანი! უსწავლელობა და სიბნელე ყველაზე ნათლად ახლა დავინახეთ ჩვენს ქვეყანაში. უსწავლელ, შესაბამისად, ამბიციურ ადამიანს რამხელა სიბნელე, სიბოროტე შეუძლია შემოიტანოს სამყაროში, მით უფრო, თუ ის ქვეყნის სათავეშია!

დაბოლოს, მიუხედავად ჩვენი, როგორც ქვეყნის ბედისწერისა, მსოფლიო რუკაზე რაკი აღმოვჩნდით ყველაზე ზნეობაჩამორთმეული ქვეყნის მეზობლად, ჩვენი არჩევანი ევროპაა, სხვა არც კი უნდა განიხილებოდეს!!!

კოტე ჩახუნაშვილი: თუ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, დავინახავთ, რომ აქ უამრავი ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფი ცხოვრობდა, თუმცა ჩვენ შევძელით და ჩამოვყალიბდით ქართველ ერად, არა ეთნიკური და რელიგიური ნიშნით, არამედ იმით, რომ შევძელით ამ უამრავი ჯგუფის კონსოლიდაცია ინდივიდის პატივისცემის ხარჯზე და გავერთიანდით ერთი იდეის – თავისუფლების ირგვლივ. შესაბამისად, ყველაზე ახლოს განსხვავებული ინდივიდის მიმღებლობა და ინტეგრაცია არის ის, რაც ყველაზე ახლოსაა ევროპასთან, რასაც რუსული იმპერია საბჭოთა კავშირამდე, საბჭოთა კავშირის დროს და საბჭოთა კავშირის მერეც ცდილობს დაანგრიოს და ქართველობა კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფთან ან რელიგიურ მრწამსთან გააიგივოს. ეს, ჩემი ღრმა რწმენით, ჯერჯერობით არ გამოუვიდათ.

თუმცა გამოუვიდათ ის, რომ პასუხისმგებლიანობა, ანგარიშვალდებულება და შედეგად ძლიერი ინსტიტუტები სრულიად მოიშალა ამ ქვეყანაში, რასაც მოჰყვა ხალხის მაქსიმალური დისტანცირება პოლიტიკური პროცესისგან. ბოლო 30 წელი ძალაუფლება ყოველთვის კონცენტრირდებოდა 1 პოლიტიკურ ჯგუფთან ან ინდივიდთან, რამაც მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე, როდესაც მაქსიმალური კონცენტრაციაა ერთ ადამიანთან. ინსტიტუტები არ ფუნქციონირებენ და მოქალაქეებს სხვა გზა არ დაგვრჩა, გარდა პროტესტისა და არაძალადობრივი წინააღმდეგობისა.

ამ ეტაპზე ჩვენი, ყველას, მიზანი უნდა იყოს ამ ყველაფრის შეცვლა და ძალაუფლების მაქსიმალური გადანაწილება, რაც არჩევნების გზით მოხდებოდა, რომ არა მანიპულირება და გაყალბება (თითქმის თანაბრად გადანაწილდებოდა ძალაუფლება 4 პოლიტიკურ სუბიექტს შორის), თუმცა ახლა ყველაფერი ჩვენს გამძლეობასა და სიჯიუტეზეა დამოკიდებული.

ქართველი ხალხის არჩევანი ევროპა არის იმიტომ, რომ, როგორც მე, ალბათ სხვებსაც, უნდათ, განსხვავებული აზრის გამო არ იდევნებოდნენ; გვქონდეს სამართლიანი და სანდო სასამართლო; ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლიანი მთავრობა და პოლიცია. ასევე, ხელისუფლების ცვლილება ხდებოდეს არჩევნებით და არა ქუჩაში დგომით; იყოს უკეთესი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ვერასდროს შეიქმნება, თუ არსებული სტატუს კვო „ტვინების გადინებას“ შეუწყობს ხელს; იყოს მეტი კეთილდღეობა, მეტი დაცულობა და რეალური მშვიდობა, რომელიც გარანტირებულად ვიცით, რომ არც რუსეთისგან, არც ჩინეთისა და არც ირანისგან არ წამოვა. მეც და სხვა ჩვენს თანამოქალაქეებსაც გვინდა, რომ ჩვენ კი არ ვიყოთ დევნილები ევროპაში, არამედ ჩვენი წილი ევროპა ავაშენოთ აქ და შევიტანოთ ჩვენი წვლილი სამშობლოს წინსვლაში.

ნინო ცქიტიშვილი: 12 წელი ვიცხოვრე ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში. ევროპა ჩემთვის მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი არ არის – ეს არის იდეა, რომელიც გულისხმობს უკეთეს ცხოვრებას, მაღალ სტანდარტებს, ეკონომიკურ პერსპექტივებს, ახალ შესაძლებლობებს, ინოვაციებს, თანასწორობას, სამართლიანობას, განვითარებასა და თავისუფლებას. სწორედ ამ ღირებულებებზე შენდება ევროპა და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის გზა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი შვილების ბედნიერ მომავალს და საზოგადოების წინსვლას.

ზუსტად ამიტომ ქართველი ხალხი მოკავშირედ ვირჩევთ ევროპას!

თეონა ბაღდავაძე: შესაძლოა, ევროპელობა ყველა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს, თუმცა ერთ მნიშვნელოვან ღირებულებაზე, რაზეც ყველა ვთანხმდებით, არის ურთიერთპატივისცემა. ამასთანავე, ევროპა ჩემთვის ნიშნავს საკუთარი ქვეყნის სიყვარულს, საკუთარი ისტორიის ცოდნას და გაფრთხილებას. ძალიან მიხარია, რომ ამ 30-მა დღემ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, თუ როგორ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და როგორ ვზრუნავთ, რომ ამ ქვეყანაში იყოს უფრო უსაფრთხო გარემო ჩვენთვის და ჩვენი ახლობლებისთვის.

ქართველი ხალხის არჩევანი ბუნებრივად ყოველთვის იყო ევროპა, თუმცა ჩვენმა რთულმა ისტორიულმა და გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ არ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ეს არჩევანი ბოლომდე მიგვეყვანა. ვფიქრობ, ახლა არის უნიკალური დრო იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული არჩევანი კიდევ უფრო მეტად განვიმტკიცოთ და იმ დიდი ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ, რომლის ძირითადი ღირებულება დგას პატივისცემაზე, ურთიერთგაფრთხილებასა და ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაზე.

დავით ხარაბაძე: ჩემი მოკრძალებული აზრით, ევროპელობა და ევროპა გულისხმობს სხვადასხვა ერებისა და ქვეყნების, განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების, განსხვავებული ადამიანების მშვიდობიან თანაცხოვრებას. მთავარი ღირებულება, რაზეც დგას ევროპა, არის თავისუფლება, სამართლიანობა და თანასწორობა. რა თქმა უნდა, რაც ყველაზე მთავარია, ყველა ეს ღირებულება ნამდვილად მუშაობს.

როგორც საქართველოს ეროვნულმა გმირმა, გიორგი კვინიტაძემ თქვა, საქართველო და ქართველი ხალხი თავისი ჩვეულებებით, ადათით და სახელმწიფო მოწყობით არის ევროპული და არა აზიური. შემთხვევით არ არის ნახსენები სიტყვა წყობა, რადგან სახელმწიფო მოწყობის სტურქტურა ყოველთვის გვქონდა ევროპული. მაგალითად, ფედერალური წყობა არასოდეს ჰქონია აზიურ ქვეყნებს. ქართველები მთელი ისტორიის განმავლობაში იმ ღირებულებების მატარებელი ვიყავით, რაზეც ევროპა დგას. ეს არის თავისუფლება, თანასწორობა, რელიგიური შემწყნარებლობა… თუნდაც რად ღირს ის ფაქტორი, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც საუკუნეების განმავლობაში მინიმუმ ოთხი რელიგიის წარმომადგენლები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ რომ ავიღოთ, თავიდან ბოლომდე ყველა ის ღირებულებაა თავმოყრილი, რაზეც დღეს ევროპა დგას.

კიდევ განვმეორდები: ქართველი ხალხი თავისი ისტორიით და კულტურით ყოველთვის იყო ევროპელი, არავინ არაფერს გვართმევს, პირიქით, ჩვენი იდენტობით, კულტურითა და ტრადიციებით შეგვიძლია ევროპული ოჯახის ნაწილი გავხდეთ. ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა და ნათელი მომავალი ევროპასთანაა დაკავშირებული. ჩვენი ხალხი იმსახურებს, რომ ევროპის სრულფასოვანი წევრი გახდეს, იმსახურებს კეთილდღეობას, ძლიერ ეკონომიკას, დამოუკიდებელ სასამართლოს, თანასწორობასა და მშვიდობას.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა