#OK! მზადება გიორგი ცაბაძის 100 წლის იუბილესთვის – ინტერვიუ დავით მაზანაშვილთან

1 week ago 12

OK! წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და საინტერესო მუსიკოსსა და პიანისტს – დავით მაზანაშვილს. ის 36 წელია სცენაზეა და არაერთი გამორჩეული პროექტის თუ მუსიკალური ინტერპრეტაციის ავტორია. დღესაც ერთ-ერთ ძალიან საინტერესო და განსაკუთრებულ პროექტზე მუშაობს, რომელიც გიორგი (გოგი) ცაბაძის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება და ექნება ფესტივალის სახე. თუ რას უნდა ველოდოთ ამ პროექტისგან და როგორია სამზადისი, თავად მუსიკოსი გვესაუბრება.

ბატონო დავით, საუბარი დავიწყოთ ბავშვობით… თქვენ 3 წლის ასაკში დაიწყეთ ფორტოპიანოზე დაკვრა…

რაც თავი მახსოვს, სულ ვუკრავ, როგორც დედა ამბობს – სამი წლიდან დავიწყე ფორტეპიანოზე დაკვრა. დედა – ლამარა ნარინდაშვილი, მუსიკოსია, სახლში სულ ჰყავდა მოსწავლეები. ჩემი პირველი შეხება მუსიკასთან სწორედ მათი მოსმენა იყო. ჩემი დაც მუსიკოსია და გამოვიდა ისე, რომ მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე, ამ ყველაფერმა კი განაპირობა ჩემი მუსიკით დაინტერესება.

ის გარდამტეხი მომენტი, რამაც შემდგომ თქვენი მუსიკალური გემოვნება განსაზღვრა…

9 წლის ვიყავი, როდესაც პირველად რადიოში მოვისმინე ოსკარ პიტერსონი. დღესაც მახსოვს ის ემოცია, აღფრთოვანებული მივედი დედასთან და ვუთხარი – აი, ეს მუსიკა მინდა-მეთქი.

კლასიკაზე გავიზარდე, მივიღე მუსიკალური განათლება, თუმცა ვგრძნობდი, რომ რაღაც სხვა მინდოდა. როდესაც პიტერსონი მოვისმინე, მივხვდი, თუ რა მაკლდა და რა მინდოდა.

დავამთავრე მუსიკალური სასწავლებელი, როგორც კლასიკური და ჯაზური ფორტეპიანოს განხრით, ასევე საკომპოზიციო კლასი. 1999 წელს კი წავედი ნიუ-იორკში, სადაც 7თვე ვიცხოვრე და ვითანამშრომლე ძალიან ბევრ საინტერესო მუსიკოსთან. ამერიკა ჯაზის სამშობლოა, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა მუსიკოსმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მიიღოს ეს გამოცდილება.

როგორ ფიქრობთ, უყვართ საქართველოში ჯაზი?

საქართველოში უყვართ ჯაზი. ქართველი მსმენელი ძალიან კარგი და გემოვნებიანია. კრიტიკული მსმენელი არ არსებობს, რა ემოციითაც გახვალთ სცენაზე, ზუსტად იმავე ემოციას დაგახვედრებს.

გვესაუბრეთ საქართველოს ქალთა კამერულ ორკესტრზე.

ჩემი ორკესტრი, ფაქტობრივად, უკვე 15 წელია არსებობს, რაც შეეხება ქალთა კამერულ ორკესტრად ჩამოყალიბებას, თავდაპირველად არ იყვნენ მხოლოდ ქალბატონები. მოგეხსენებათ, ორკესტრში ხშირად ხდება კადრების ჩანაცვლება, ეს ბუნებრივი პროცესია და ყველაფერი თავისთავად მოხდა, საბოლოოდ ხუთი წლის წინ ერთ-ერთი კონცერტის სამზადისის დროს მომღერლებმა გაამახვილეს ყურადღება, რომ მუსიკოსები მხოლოდ ქალბატონები იყვნენ და ასე თავისთავად ჩამოყალიბდა და გუნდს „საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრი“ დაერქვა.

თქვენ არაერთი ცნობილი მუსიკალური პროექტის და კონცერტის ავტორი ხართ, როგორია მუშაობის პროცესი?

ძალიან საინტერესოა მოსამზადებელი ეტაპი. როდესაც ვმუშაობ ამა თუ იმ პროექტზე, უპირველესად, ვეცნობი იმ კომპოზიტორის ბიოგრაფიას, მის გემოვნებას და პატარ-პატარა დეტალებს. შეიძლება ითქვას, რომ იმ მუსიკოსის ცხოვრებით ვცხოვრობ. უნდა ეცადო შენი თავი იპოვო იმ მუსიკაში, რომელსაც ხელს მოჰკიდებ. ყოველთვის ვუსმენ იმ კომპოზიტორის მუსიკას – ორიგინალურ ვერსიას. ჩემს ყველა კონცერტს, პროექტს ვუყურებ ისე, როგორც ჩემს შვილს და შემოქმედებას.

ახლაც ძალიან საინტერესო პროექტზე ვმუშაობ, რომელიც დიდი ქართველი კომპოზიტორის – გოგი ცაბაძის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

გაიხსენეთ პირველი შეხვედრა გიორგი ცაბაძესთან.

გოგი ცაბაძესთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს ბავშვობიდან. გავიხსენებ ერთ ამბავს – 1982 წელს გოგი ცაბაძე მოვიდა სტუმრად მე-4 მუსიკალურ სკოლაში – კონცერტზე. უპირველესად, გამოგვიყვანეს ის მოსწავლეები, რომლებსაც ჩვენი საკუთარი ნაწარმოებები გვქონდა, მაშინ 10 წლის ვიყავი. ბატონმა გოგიმ მოგვისმინა ყველას, კონცერტის შემდეგ დარჩა და სათითაოდ მოგვილოცა ეს გამოსვლა. დედაც ამ სკოლაში ასწავლიდა, კონცერტის შემდეგ გაბედა, მივიდა გოგი ცაბაძესთან და უთხრა – „ჩემს შვილს ოცნებად აქვს თქვენთან შეხვედრა და თუ შესაძლებელია, რომ თქვენგან რამდენიმე გაკვეთილი მიიღოს“.

ძალიან მორიდებული კაცი იყო, მახსოვს, როგორ გაწითლდა, შერცხვა, რადგან უარის თქმას აპირებდა – „არასოდეს მყოლია მოსწავლეები, მე ვერ დაგეხმარებით, რადგან ეს პრაქტიკა არ მაქვს“, თუმცა შევიდა ოთახში და დაურეკა კომპოზიტორს – ქალბატონ მერი დავითაშვილს და უთხრა – ხვალ შენთან მოვა ჩემი ძალიან ახლობლის შვილი და მიხედეო. გაოცებული დავრჩი, უცებ მისთვის ახლობლის შვილი გავხდი. აქედან დაიწყო ჩემი პროფესიული მუსიკის წერა, მე მანამდე ნოტები არ ვიცოდი, ქალბატონმა მერიმ მასწავლა ნოტებზე ჩაწერა და ჩემი პირველი ნაწარმოებიც მან ჩამაწერინა. ერთი წელი ვიარე მასთან, შემდეგ მანვე გამიწია რეკომენდაცია ნუგზარ ვაწაძესთან და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდა ჩემი კარიერაც, რაშიც გოგი ცაბაძის წვლილიც დიდია. სრულიად უცხო ბავშვს ძალიან დიდი სიკეთე გამიკეთა.

როგორია მზადების პროცესი? რას უნდა ელოდოს მსმენელი ამ პროექტისგან?

უპირველესად, მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტზე მუშაობა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან ის ეძღვნება გენიალური გოგი ცაბაძის ასი წლის იუბილეს, ძალიან ვნერვიულობ, მინდა გამომივიდეს ისეთი კარგი და განსხვავებული, როგორიც ჯერ არ გამიკეთებია.

პროექტს ფესტივალის სახე აქვს, ქვეყნის მასშტაბით ოთხ დიდ ქალაქში გალა კონცერტები და სტუდენტებისთვის მასტერკლასები გაიმართება. ფესტივალის ოფიციალური გახსნა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 31 მაისს მოხდება, ხოლო დახურვა სწორედ გიორგი ცაბაძის დაბადების დღეს, 24 აგვისტოს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში. მოგეხსენებათ, რომ ამ დიდ კომპოზიტორს ძალიან დიდი დამსახურება და ღვაწლი აქვს ქართულ მუსიკაში და ეს ყველაფერი უნდა იცოდნენ ახალგაზრდებმა.

ამ პროექტის თანაავტორია ანა სალუქვაძე, სცენარის ავტორი – ნიკოლოზ წულუკიძე, რეჟისორი – თინათინ კორძაძე, მხატვარ-დეკორატორი კი სოფო ბასიშვილი. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო კახა ცაბაძეს, გოგი ცაბაძის ოჯახს, ნდობისთვის. ასევე, დიდი მადლობა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიას, აჭარის ა/რ-ის კულტურის სამინისტროს, ბათუმის მერიას და ყველა იმ უწყებას, რომელიც გვერდში გვიდგას, ეს ისეთი თარიღია, რომ აუცილებელია გაკეთდეს ხარისხიანი და განსაკუთრებული პროექტი, სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე კი ეს ვერ გამოვიდოდა.

გალა კონცერტებს საქართველოს ქალთა კამერულ ორკესტრთან ერთად გავმართავთ. რაც შეეხება კონცერტის სხვა მონაწილეებს, არ მინდა ჯერ მათი ვინაობის თქმა, ზოგადად მაყურებელს და მსმენელს ბევრი სიურპრიზი ელოდება. გაგიმხელთ იმას, რომ თბილისის პროექტი მიეძღვნება გოგი ცაბაძეს თეატრსა და კინოში.

სამომავლო გეგმები.

ამ ფესტივალის პარალელურად, გუნდთან ერთად, რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ. პირადად მომმართა კონსტანტინე პევზნერის ოჯახმა თხოვნით, შემოდგომაზე აუცილებლად იხილავს მაყურებელი კონსტანტინე პევზნერის ასი წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს; ამასთანავე, ვემზადებით აჩიკო ბერიძის სოლო კონცერტისთვის, რომელიც ბათუმში 10-11 აგვისტოს გაიმართება. ასევე, მომმართა ოთარ რამიშვილის ოჯახმა და წინ გველის ოთარ რამიშვილის საიუბილეო საღამოც. ამის გარდა, კიდევ რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტს იხილავს მაყურებელი, რომლის შესახებაც ინფორმაციას ეტაპობრივად გავასაჯაროებთ.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა