#OK! „მიდის სანახავად“ – გიგა გვენცაძის 30-წლიანი გზა ქართული სპორტის კვალდაკვალ

3 hours ago 5

რამდენიმე ათეული წელია, რაც გიგა გვენცაძე სპორტულ ჟურნალისტიკასა და კომენტატორობას ემსახურება. მისი ხმით ქართველ მაყურებელს არაერთი მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩი და ემოციური მომენტი ახსოვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე – მოვლენა, რომელმაც ქართული ფეხბურთისთვის ახალი ეპოქა შექმნა. ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას, პორტუგალიასთან მატჩში, პენალტის დანიშვნამდე გიგა გვენცაძის ემოციური ფრაზა – „მიდის სანახავად“ – მაშინვე იქცა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ გამონათქვამად და დღემდე 2024 წლის ტურნირის ისტორიულ მომენტებს გვახსენებს. ქართული ფეხბურთის ამ ემოციური გზის ნაწილი გიგა გვენცაძემ საკუთარ წიგნშიც აღწერა სახელწოდებით – „მიდის სანახავად“. გიგა ასევე საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტია – ორგანიზაციის, რომელიც 2000 წლიდან აერთიანებს სპორტულ ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს.

გიგა, 35 წელია საქართველოში სპორტულ ჟურნალისტიკას ემსახურებით. რა არის ყველაზე დიდი ცვლილება, რაც ამ სფეროში ამ ხნის განმავლობაში დაგინახავთ?

ჩვენი თაობა სპორტულ ჟურნალისტიკაში 1990-იან წლებში მოვიდა. ქვეყანაში ყველა სფეროში რთული პერიოდი იდგა, მაგრამ ჩვენი საქმე გვიყვარდა და ძალიან მონდომებულები ვიყავით. იმ დროს, ცხადია, არანაირი ინტერნეტი და მსგავსი ფუფუნება არ არსებობდა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება რთული იყო. ზოგჯერ გამოგვდიოდა, ზოგჯერ არა. ქართული სპორტული ჟურნალისტიკა ვითარდება და ჩვენს საქმეში ძალიან ბევრი ნიჭიერი და შრიმისმოყვარე ადამიანია. ვფიქრობ, მთავარი არ შეცვლილა, ჩვენ, სპორტული ჟურნალისტები, ვემსახურებით ქართულ სპორტს და ამ გზით –  საქართველოს.

სპორტულ ჟურნალისტთან ერთად, სპორტული კომენტატორი ხართ, რაც განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და ემოციური საქმიანობაა. რა არის ყველაზე რთული პირდაპირ ეთერში?

კომენტატორის პროფესია ოცნების ახდენასავითაა. ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ მთელი სიცოცხლეა, ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს. ამავდროულად, დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის საგულდაგულოდ უნდა მოემზადო. მაქსიმალურად უნდა სცადო მსმენელი არ გააღიზიანო და რაღაც დოზით მაინც მისაღები იყო ყველასთვის. შენი გუნდის თამაშის დროს განსაკუთრებული ემოციის გარეშე წარმოუდგენელია. ამავდროულად უაღრესად კონცენტირებული უნდა იყო, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვა.

არაერთხელ გითქვამთ, რომ თქვენი დიდი ოცნება საქართველოს ნაკრების დიდ ტურნირზე ხილვა იყო. რა იგრძენით, როცა ეს ოცნება რეალობად იქცა?

უდიდესი ბედნიერება. დიდი ხნის განმავლობაში –  30 წელზე მეტხანს ველოდით საქართველოს ნაკრების წარმატებას. საბერძნეთის დამარცხებით ოცნება ავიხდინეთ. ჩვენ მხოლოდ საფეხბურთო მატჩი არ მოგვიგია. ფეხბურთით მოიგო საქართველომ. მეც და, ალბათ, ბევრმა ჩვენგანმა, ვინც ამ წუთს წლები ველოდით, ვიგრძენით, რომ ფეხბურთის მოგებაზე უფრო ის გვიხაროდა, ჩვენს ქვეყანას, ხალხს, ახალგაზრდებს, ასეთ ბედნიერს რომ ვხედავდით.

ერთი ფრაზა მხვდება ხოლმე ყოველთვის ცუდად ყურში. ბედნიერი საქართველოს შემყურე რომ ამბობენ, „მე ასეთი საქართველო მიყვარს!“ საქართველო ყოველთვის გვიყვარს, ასეთიც და ისეთიც და რომ გვიყვარს, სწორედ იმიტომ გვინდა, რომ ბედნიერი იყოს. კიდევ ერთხელ დავინახეთ ფეხბურთის ძალა. საქართველო ბედნიერებით იყო ერთიანი და ერთიანობით ბედნიერი.

მატჩი, რომლის გახსენებაც დღესაც იმავე ემოციას იწვევს, როგორც მისი კომენტირების დროს?

2024 წლის 18 ივნისი. საქრთველოს ნაკრების სადებიუტო მატჩი ევროზე თურქეთთან. იმ დღეს ხომ ყველაფერი პირველად ხდებოდა ჩვენთვის და პირველი ყველაფერი განსაკუთრებულია.

დორტმუნდში თურქების დიდი დიასპორაა და მათ გარემოცვაში მოგვიწია ყოფნამ, მაგრამ ჩვენც ბევრნი ვიყავით. იმდენად ბევრნი, ალბათ, ჩვენს ისტორიაში მანამდე არ ყოფილა ევროპაში ერთად შეკრებილი ამდენი ქართველი. არსად და არასდროს. ზუსტად  ვერავინ იტყვის, რამდენი. ჩემი აზრით, 10 ათასზე მეტი. როდესაც მინდორზე საქართველოს დროშა გამოიტანეს, ჩვენი ბიჭები, ვინც ასეთი დღესასწაული მოგვიწყვეს,  ჩამწკრივდნენ მოედანზე და ჩვენი ჰიმნი ახმიანდა… ასეთ დროს რთულია რეპორტაჟის დაწყება. ასე, 30 წამი ვლაპარაკობ და მერე ვხედავ, რომ მიკროფონი გამორთულია…

თურმე წითელ წერტილზე ხელის დაჭერა დამავიწყდა. ძალიან ვღელავდი. ალბათ ყველა და ყველგან.

გინდა საუბარი და ვერ ლაპარაკობ…

იმ დღეს ევროპამ გაგვიცნო და მიგვიღო, როგორც საკუთარ ქვეყანასა და ფეხბურთზე სიგიჟემდე შეყვარებული ხალხი.

რას ნიშნავს თქვენთვის ფრაზა „მიდის სანახავად“ და ელოდით თუ არა, რომ ის ქართული სპორტული კომენტირების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამონათქვამად იქცეოდა?

ჩემთვის რთულია საუბარი… პორტუგალიასთან გადამწყვეტ შეხვედრაში. 1:0-ზე პენალტის დარტყმისა და 2:0-ით დაწინაურების შანსი ჩნდება. დიდი ალბათობით, გამარჯვების და ჯგუფიდან გასვლის ისტორიული, რეალური შესაძლებლობა გვეძლევა. ყველა ქართველს ოცნების ახდენის შანსი გვაქვს. გული, სული, სისხლი, ძარღვი, ემოცია, სიხარული, ბედნიერება. ყველაზე დიდი განცდა, ყველაზე დიდი გრძნობა…

რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ფიქრობენ სპორტული ჟურნალისტიკის არჩევაზე და სურთ თავიანთი კარიერა ამ სფეროს დაუკავშირონ?

ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი პროფესიის – სპორტული ჟურნალისტიკის, განსაკუთრებით კომენტატორობის დაეუფლების მსურველთა რიცხვი მუდმივად იზრდება. მთავარი, ალბათ, საყვარელი საქმის უსაზღვრო სიყვარულია, დიდი პასუხისმგებლობის გაცნობიერება და თვითგანვითარებაზე მუდმივი ზრუნვა.

ტექსტი: თეონა ხუბულავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა