#OK! მითები სახის მოვლასთან დაკავშირებით: რა აზიანებს რეალურად კანს

1 month ago 84

სახის მოვლა დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა — სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ვაწყდებით „სწრაფ“, „ბუნებრივ“ და თითქოს უნივერსალურ რჩევებს, რომლებიც იდეალური კანის მიღებას გვპირდებიან. თუმცა დერმატოლოგები სულ უფრო ხშირად აღნიშნავენ, რომ ამ მითების ნაწილი კანის ჯანმრთელობისთვის რეალურად საზიანოც შეიძლება აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გავარჩიოთ, რა მუშაობს რეალურად და რა არის მხოლოდ პოპულარული, მაგრამ მცდარი წარმოდგენა.

  • რაც უფრო ხშირად დაიბან სახეს, მით უფრო სუფთა იქნება კანი

ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. ბევრი ფიქრობს, რომ ხშირი დაბანა აკნესა და ცხიმიანობას შეამცირებს, მაგრამ სინამდვილეში ზედმეტი წმენდა კანს აშრობს და მის ბუნებრივ დამცავ ბარიერს არღვევს.

შედეგად კანი იწყებს მეტი ცხიმის გამომუშავებას და პრობლემა კიდევ უფრო მძიმდება.

  • ცხიმიანი კანი არ საჭიროებს დამატენიანებელს

ეს მითი განსაკუთრებით საშიშია. ცხიმიანი კანისთვისაც აუცილებელია დატენიანება — უბრალოდ სწორად შერჩეული, მსუბუქი ტექსტურის პროდუქტი.


თუ კანი წყალს ვერ იღებს, ის  „დაცვის“ მიზნით კიდევ უფრო მეტ ცხიმს გამოიმუშავებს.

  • კბილის პასტა აკნეს მკურნალობაში გვეხმარება

კბილის პასტა არ არის კანის მოვლის საშუალება. მისი შემადგენლობა გათვლილია კბილებისთვის და ხშირად შეიცავს მენთოლს, ფტორს, სოდას და სხვა აგრესიულ კომპონენტებს, რომლებიც კანზე გამოყენებისას  გაღიზიანებას, სიწითლეს და ზოგჯერ ანთებითი პროცესის გამწვავებასაც კი იწვევს.

  • მზისგან დამცავი მხოლოდ ზაფხულშია საჭირო

ეს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მითია. UV სხივები ზამთარშიც აქტიურია და ღრუბლიან ამინდშიც აღწევს კანში.

მზისგან დაცვა აუცილებელია ყოველდღე, თუნდაც სახლში ყოფნის დროსაც.

  • ბუნებრივი საშუალებები უსაფრთხოა

გავრცელებული წარმოდგენაა, რომ ყველაფერი, რაც „ბუნებრივია“, ავტომატურად უსაფრთხო და კანისთვის სასარგებლოა – ლიმონი, სოდა, ნიორი ან სხვა სახლის პირობებში ხშირად გამოყენებული ინგრედიენტი შესაძლოა საკმაოდ აგრესიული აღმოჩნდეს — დაარღვიოს კანის pH ბალანსი, გამოიწვიოს გაღიზიანება, სიწითლე ან თუნდაც ქიმიური დამწვრობის მსგავსი დაზიანება.

განსაკუთრებით პრობლემურია მათი უშუალოდ, გაუხსნელად და კონტროლის გარეშე გამოყენება, რაც კანის ბუნებრივ დამცავ ბარიერს ასუსტებს და გრძელვადიან პერსპექტივაში მგრძნობელობისა და პიგმენტაციის გაუარესებას იწვევს.

  • სკრაბის ყოველდღიური გამოყენება აუცილებელია 

გავრცელებულია აზრი, რომ სკრაბის ყოველდღიურად გამოყენება კანს უფრო ღრმად წმენდს და უფრო გლუვს ხდის, თუმცა რეალურად ეს ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი ჩვევაა. სკრაბის ხშირი გამოყენება აზიანებს კანის ზედა დამცავ ფენას და იწვევს გაღიზიანებას, სიწითლესა და მგრძნობელობის მომატებას.

დროთა განმავლობაში კანი ხდება უფრო მშრალი, დაუცველი და ადვილად რეაგირებს გარემო ფაქტორებზე. დერმატოლოგების რეკომენდაციით, მსგავსი პროდუქტები უნდა გამოვიყენოთ ზომიერად  — უმეტეს შემთხვევაში კვირაში 1-2-ჯერ სრულიად საკმარისია.

  • თუ კოსმეტიკა წვის შეგრძნებას იწვევს – ეფექტურია

გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა, თითქოს კანის მოვლის პროდუქტის გამოყენებისას წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება მისი „მუშაობის“ ნიშანია.

რეალურად, ასეთი რეაქცია უმეტეს შემთხვევაში კანის გაღიზიანებაზე ან მისთვის ზედმეტად აგრესიულ შემადგენლობაზე მიუთითებს. სწორი კოსმეტიკა არ უნდა იწვევდეს ტკივილს, ძლიერ დისკომფორტს ან წვას — პირიქით, მისი მიზანი კანის დამშვიდება, ბალანსის აღდგენა და დაცვაა.

  • ძვირი პროდუქტი ყოველთვის უკეთესია

კოსმეტიკის ეფექტურობას განსაზღვრავს არა ფასი, არამედ მისი შემადგენლობა, აქტიური ინგრედიენტების ხარისხი და ის, რამდენად შეესაბამება კონკრეტული ადამიანის კანის ტიპსა და საჭიროებებს. ხშირად უფრო ხელმისაწვდომი პროდუქტებიც ისეთივე შედეგს იძლევა, როგორც პრემიუმ ბრენდები, მაშინ როცა არასწორად შერჩეულმა ძვირადღირებულმა საშუალებამაც კი შეიძლება კანის გაღიზიანება ან პრობლემების გამწვავება გამოიწვიოს.

ასევე დაგაინტერესებთ:

#OK! სილამაზის საიდუმლო ოთხი ქვეყნიდან – როგორ უვლიან თავს ქალები იაპონიაში, კორეაში, საფრანგეთსა და იტალიაში

#OK! ფილერის რისკები — რა უნდა ვიცოდეთ პროცედურის ჩატარებამდე

სრულად წაკითხვა