ვანილი, შოკოლადი, მარწყვი, პისტა, კარამელი — დღეს ნაყინი თითქმის ყველა ქვეყანაში მზადდება და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტკბილეულად ითვლება.
თუმცა, ის, რასაც დღეს ნაყინს ვუწოდებთ, ერთ დღეში არ შექმნილა. მისი ისტორია 2 000 წელზე მეტს ითვლის და ერთმანეთთან აკავშირებს ძველ ჩინეთს, სპარსეთს, რომის იმპერიას, იტალიასა და საფრანგეთს. საუკუნეების განმავლობაში ნაყინი მხოლოდ მეფეების, არისტოკრატებისა და მდიდარი ოჯახების პრივილეგია იყო, სანამ ტექნოლოგიურმა პროგრესმა ის ყველასთვის ხელმისაწვდომ დესერტად არ აქცია.

ისტორიკოსების ცნობით, ნაყინის ყველაზე ძველი ვერსია ძველ ჩინეთში, ჯერ კიდევ ძვ. წ. II საუკუნიდან არსებობდა. ჩინელი დიდებულები თოვლსა და ყინულს ურევდნენ რძეს, ბრინჯს ან ხილს და ასე ამზადებდნენ გაყინულ დესერტებს. მოგვიანებით, ტანის დინასტიის პერიოდში (VII-IX საუკუნეები), სამეფო კარზე უკვე არსებობდა რძეზე დაფუძნებული გაყინული დესერტების რეცეპტები.
მსგავსი ტრადიცია არსებობდა სპარსეთშიც, სადაც ყინულს ხილის სიროფთან, ვარდის წყალთან და სხვადასხვა არომატთან აერთიანებდნენ. სწორედ ამ კულტურიდან მოდის შერბეთის (სორბეს) იდეაც, რომელიც თანამედროვე ნაყინის ერთ-ერთ წინამორბედად მიიჩნევა.

ძველ რომშიც მდიდარი მოქალაქეები მთებიდან ჩამოტანილ თოვლს თაფლთან, ხილთან და წვენებთან ერთად მიირთმევდნენ. გადმოცემით, იმპერატორი ნერონი სპეციალურად აგზავნიდა მსახურებს მთებში თოვლის მოსატანად.
წლების განმავლობაში მიიჩნევდნენ, რომ XIII საუკუნეში იტალიელმა მოგზაურმა მარკო პოლომ ჩინეთიდან გაყინული დესერტების რეცეპტი ევროპაში ჩამოიტანა. თუმცა მისი მოგზაურობის ჩანაწერებში ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. თანამედროვე მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ეს უფრო ლამაზი ლეგენდაა, ვიდრე რეალური ისტორია.

მართალია, ნაყინის ზუსტი გამომგონებელი უცნობია, მაგრამ თანამედროვე რძიანი ნაყინის განვითარებაში უდიდესი როლი იტალიამ ითამაშა.
XVI-XVII საუკუნეებში იტალიელმა მზარეულებმა აღმოაჩინეს, რომ თუ ყინულს მარილს შეურევდნენ, გაცილებით დაბალ ტემპერატურას მიიღებდნენ. სწორედ ამ მეთოდმა შესაძლებელი გახადა რძის, ნაღებისა და შაქრის გაყინვა ისე, რომ მას კრემისებრი ტექსტურა შეენარჩუნებინა.
1694 წელს იტალიელმა მზარეულმა ანტონიო ლატინიმ ერთ-ერთი პირველი ცნობილი რძიანი ნაყინის რეცეპტი შეიმუშავა.

ნაყინის ევროპაში გავრცელების შესახებაც მრავალი ლეგენდა არსებობს.
ყველაზე ცნობილი ვერსიის მიხედვით, ეკატერინე მედიჩი 1533 წელს საფრანგეთის მომავალ მეფეზე, ანრი II-ზე დაქორწინდა და იტალიელი მზარეულებიც თან წაიყვანა. თუმცა ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არსებობს. უფრო სარწმუნო ვერსიით, იტალიაში შექმნილი ტექნოლოგიები თანდათან თავად გავრცელდა საფრანგეთში, ესპანეთსა და ინგლისში.
საფრანგეთში ნაყინის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იტალიელმა შეფმა ფრანჩესკო პროკოპიო დეი კოლტელიმ, რომელმაც 1686 წელს პარიზში Café Procope გახსნა. ეს პირველი ადგილი გახდა, სადაც ნაყინის დაგემოვნება ჩვეულებრივ ადამიანებსაც შეეძლოთ.
XVIII საუკუნემდე ნაყინი მდიდრების ფუფუნებად ითვლებოდა. ყველაფერი XIX საუკუნეში შეიცვალა – 1843 წელს ამერიკელმა ნენსი ჯონსონმა ნაყინის ხელით სამართავი აპარატი დააპატენტა, რამაც მისი მომზადება ბევრად გაამარტივა.
1851 წელს ჯეიკობ ფუსელმა ბალტიმორში მსოფლიოში პირველი ნაყინის ქარხანა გახსნა.
მე-20 საუკუნეში მაცივრებისა და საყინულეების გავრცელების შემდეგ ნაყინი თითქმის ყველა ოჯახში აღმოჩნდა და საბოლოოდ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დესერტად იქცა.
როგორ გაჩნდა ნაყინის კონუსი?
მისი პოპულარობა 1904 წლის სენტ-ლუისის მსოფლიო გამოფენას უკავშირდება. ყველაზე ცნობილი ისტორიის მიხედვით, ერთ-ერთ გამყიდველს ჭიქები გამოელია, რის შემდეგაც მეზობელმა ვაფლის გამყიდველმა ვაფლი კონუსის ფორმაში მოახვია და ნაყინის ჩადება შესთავაზა.
საინტერესო ფაქტები
- მსოფლიოში ყოველწლიურად მილიარდობით ლიტრი ნაყინი იწარმოება.
- ყველაზე პოპულარულ გემოდ დღემდე ვანილი ითვლება.
- შოკოლადი, მარწყვი და პისტა ასევე ყველაზე მოთხოვნად გემოებს შორისაა.
- ივლისის მესამე კვირა ბევრ ქვეყანაში ნაყინის ეროვნულ კვირეულად მიიჩნევა.
- შოკოლადის ნაყინი ვანილზე ადრე შეიქმნა.
- პირველი ნაყინის მანქანა ქალმა შექმნა.
როგორ მოვამზადოთ ნაყინი სახლში
თუ გსურთ ნატურალური ნაყინი ხელოვნური დანამატების გარეშე, მისი მომზადება სახლშიც ძალიან მარტივია.
ინგრედიენტები
- 500 მლ გასაცივიებელი ნაღები (33-35%)
- 400 მლ შესქელებული რძე
- 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
- სურვილისამებრ: მარწყვი, შოკოლადი, კარამელი, ორეო, პისტა ან სხვა დანამატები.
მომზადება
ნაღები მიქსერით ათქვიფეთ, სანამ ფაფუკ მასად არ გადაიქცევა.
ნელ-ნელა დაუმატეთ შესქელებული რძე და ვანილი. ფრთხილად მოურიეთ, რათა ჰაეროვანი ტექსტურა შეინარჩუნოს.
თუ ხილის ნაყინის მომზადება გსურთ, ამ ეტაპზე დაუმატეთ 150-200 გრამი დაბლენდერებული მარწყვი, ატამი, მანგო ან სხვა ხილი.
თუ შოკოლადის ნაყინი გსურთ, შეურიეთ 100 გრამი გამდნარი შავი შოკოლადი ან კაკაოს ფხვნილი.
მიღებული მასა გადაიტანეთ ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში და მინიმუმ 6-8 საათით შედგით საყინულეში.

5 hours ago
4








English (US) ·
Georgian (GE) ·