#OK! ,,ოთხი შვილი მინდოდა, ზუსტად ოთხჯერ ვიყავი ორსულად” – ნანიკო ხაზარაძე მძიმე პერიოდზე საუბრობს

3 hours ago 5

ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ ქეთო ანთიძის პოდკასტში ,,ჩვენ” ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდზე, დაკარგულ ორსულობებზე, სიყვარულსა და იმ მოვლენებზე ისაუბრა, რომლებმაც, როგორც თავად ამბობს, მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

„ოთხი შვილი მინდოდა. ზუსტად ოთხჯერ ვიყავი ორსულად — სამი აბორტი მაქვს გაკეთებული და ერთი შვილი მყავს. იმდენჯერ ვიყავი ორსულად, რამდენი შვილიც მინდოდა მყოლოდა. მგონია, ჩემს ბედში ასე ეწერა, რადგან ყოველ ჯერზე, როცა მეგონა, რომ ბავშვს გავაჩენდი, რაღაც აუცილებლად ხდებოდა.“

ყველაზე მტკივნეულ მოგონებად იმ კლინიკაში გატარებულ დღეებს ასახელებს, სადაც გარეორსულობის დიაგნოზით სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

„შეიძლება ჩემი ცხოვრება იმ საავადმყოფოში მისვლამდე და მის შემდეგ ორად გაიყოს. იქამდე სულ სხვა ადამიანი ვიყავი. მყავდა საყვარელი მამაკაცი, რომლისგანაც ორსულად ვიყავი, დიდი გეგმები გვქონდა, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ ისეთი ტყუილის თქმა მომიწია, რომ მერე დიდხანს იმ ტყუილში ვიცხოვრე.“

როგორც ნანიკომ გადაცემაში გაიხსენა საავადმყოფოში მისვლისას ექიმებმა დაუყოვნებლივ მოითხოვეს მისთვის ოპერაციის გაკეთება, თუმცა მას თანხა არ ჰქონდა, პარტნიორს დაურეკა და ფინანსური დახმარება სთხოვა:

„ვუთხარი, რომ საოპერაციო ვიყავი და 1650 დოლარი მჭირდებოდა. ის მეუბნებოდა, არ დაწვე, არ გაიკეთო ოპერაციაო. როცა ავუხსენი, რომ სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა მოვმკვდარიყავი, მითხრა, ფულს გამოგიგზავნიო. როგორც კი ექიმებმა დაადასტურეს, რომ თანხა ორშაბათს ჩაირიცხებოდა, იმ წუთასვე გამიკეთეს ოპერაცია.“

ყველაზე შოკისმომგვრელ მომენტად ნანიკო ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ ექიმებთან გამართულ საუბარს იხსენებს:

„მახსოვს, ნარკოზიდან გამოვდიოდი და ექიმებს ბუნდოვნად, ორად ვხედავდი. ქალი და კაცი იყვნენ. პირველი, რაც გავიგონე, იყო: ‘არაფერი აღმოგაჩნდა.’ ეს რომ მითხრეს, მართლა ძალიან გამიხარდა, რადგან ვიფიქრე, თუ არაფერი მაქვს, ესე იგი, ჩემს შვილს გავაჩენ-მეთქი.

მაგრამ მერე მეუბნებიან: ’40 წუთის განმავლობაში საოპერაციოში იყავი. მილებში ნაყოფი არ არის, საკვერცხეებში არ არის, ნაწლავებზე არ არის… ანუ ორსულად ხარ, მაგრამ არ ვიცით, სად ხარ ორსულად.

გაჭრილი ვიყავი, ყველა ორგანო ჰქონდათ დათვალიერებული და ვეკითხებოდი: ‘ამიხსენით, თუ აქ არსად არის ნაყოფი, მაშინ სად ვარ ორსულად? ფილტვებში? ყურებში? თვალებში? ცხვირში? პირში?’ პასუხი არ ჰქონდათ. მეუბნებოდნენ მხოლოდ, ნაყოფი იმდენად დიდია, რომ სადღაც აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ ვერ ვპოულობთო.

ნანიკოს თქმით, მომდევნო დღეებში მისი შემთხვევა სხვადასხვა კლინიკის ექიმების განხილვის საგნად იქცა:

„მარტო ვიწექი საავადმყოფოში. ყოველ დილით კონსილიუმები იმართებოდა, სხვადასხვა კლინიკიდან მოწვეული ექიმები მოდიოდნენ. ახლა რომ მახსენდება, მეცინება კიდეც – ჩემს კვლევებს უყურებდნენ და მსჯელობდნენ: ‘აბა, პაციენტი ხაზარაძე სად შეიძლება იყოს ორსულად?’ მაშინ ეს ჩემთვის ტრაგედია იყო, დღეს კი ეს ფრაზა ყველაზე უცნაურ მოგონებად დამრჩა.

მეოთხე დღეს იქიდან უბრალოდ გამოვიქეცი.“

No photo description available.

ნანიკოს თქმით, ყველაზე რთული სწორედ ოპერაციის შემდგომი პერიოდი იყო. ექიმების ნაწილი ორსულობის გაგრძელებას ურჩევდა, ნაწილი კი აბორტს, საბოლოოდ კი მაინც მიხვდა, რომ ექიმებმა ის სულ ტყუილად აწვალეს:

„ჩემი ბოლო შვილი, რომელიც ვერ გაჩნდა, რეალურად ამ ოპერაციამ დააზიანა. მერე აღმოჩნდა, რომ ამ ბავშვს ვეღარ გავაჩენდი, რადგან ნარკოზი, ანტიბიოტიკები და მთელი ეს ნერვიულობა თავის გავლენას ახდენდა. მთელი საავადმყოფო ორად გაიყო. ექიმების ერთი ნაწილი მეუბნებოდა, გააჩინე, მერე ყოველთვე ანალიზები გავიკეთოთ, ვნახოთ, ბავშვები ყრუები, ბრმები ან სხვა პრობლემებით ხომ არ დაიბადებიანო. რაღაც ეტაპზე იმასაც ფიქრობდნენ, რომ შეიძლება ტყუპები ყოფილიყვნენ. მეორე ნაწილი კი ჩურჩულით მეუბნებოდა — აბორტი გაიკეთე, აბორტი გაიკეთე.

მე სრულიად მარტო ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რა უნდა გამეკეთებინა. მხოლოდ ის მახსოვს, რომ მთელი ხმით ვყვიროდი – ამ საოპერაციოში ჩემი ფეხით აღარასოდეს შევალ-მეთქი. ბოლოს ტაბლეტები მომიტანეს და მედიკამენტოზური აბორტი გავიკეთე.

მერე ექიმმა მითხრა, ეხოზე მაინც უნდა იარო, რომ ნახონ, რამე ხომ არ დარჩა, თორემ შეიძლება ისევ გამოსაფხეკი ან საოპერაციო გახდეო. ერთი თვის შემდეგ ეხოზე მივედი. ერთმა ექიმმა მითხრა, რაღაც დაგრჩაო და ალბათ გამოსაფხეკი გახდებიო. არ მომეწონა ეს პასუხი და მეორესთან წავედი. მეორემაც იგივე მითხრა. მერე მესამესთან, მეოთხესთან დავრბოდი, იქნებ ვინმეს ეთქვა, რომ საოპერაციო მაგიდაზე აღარ მოვხვდებოდი.

ბოლოს ერთმა ეხოსკოპისტმა აპარატი დამადო, თავის ასისტენტს გახედა და უთხრა – მგონი ორსულად არის, ტესტი შემოიტანეთო. იმ წუთას მართლა გული წამივიდა. რომ მომასულიერეს, ვუთხარი, შანსი არ არის, რომ ისევ ორსულად ვიყო-მეთქი. მედიკამენტოზური აბორტი უკვე გაკეთებული მქონდა და საკუთარი თვალითაც ყველაფერი ნანახი მქონდა. ბოლოს ტესტიც გამიკეთეს და აღმოჩნდა, რომ ორსულად არ ვიყავი.

მერე ექიმებმა მითხრეს, ალბათ როგორც ქალი დასრულებული ხარ, გადაგვარებული უჯრედები გაქვს და დიდი მკურნალობა დაგჭირდებაო. უამრავი წამალი გამომიწერეს და სახლში გამომიშვეს. ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ სრულიად ჯანმრთელი ვიყავი, არაფერი მჭირდა. მოკლედ, სულ ტყუილად მაწამეს ექიმებმა. პირველად ვყვები ამ ამბავს.

მერე ურთიერთობაც დავალაგეთ (მან და ლევანმა). რა თქმა უნდა, მან არ იცოდა, რომ ტყუილად ოპერაცია გამიკეთეს, თორემ ალბათ მეც მკვდარი ვიქნებოდი და ის კაციც, ის ქალიც. მერე ისევ დავორსულდი, მაგრამ ეტყობა, იმდენად გამოფიტული და ნანერვიულები ვიყავი, რომ ნაყოფმა განვითარება თვითონ შეწყვიტა. მე-13 კვირაზე აღმოაჩინეს, რომ ნაყოფი უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. ისევ სოსო ღოღობერიძემ გადამარჩინა. ამის შემდეგ აღარასოდეს დავორსულებულვარ. ანუ, მგონია, რომ ყველაფერი სწორედ იმ პირველი ოპერაციიდან დაიწყო.“

ინტერვიუში ნანიკომ სიყვარულზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოველთვის დიდ ოჯახზე ოცნებობდა.

„მინდოდა სახლში რომ დარბიან, დაქრიან ლეწავენ აჭუჭყიანებენ ბავშვები- რაღაცა ეს რუტინა.

თუ რამეს ვნანობ, იმას, რომ საკუთარი თავი ისე არ მიყვარდა, როგორც საჭირო იყო. ვფიქრობ, რომ ამის გამო დაზიანდა ურთიერთობები.

დღეს უკვე მივხვდი, რომ დამოუკიდებლობა სულაც არ არის კარგი რამე და მაგრად ასწორებს ვიღაცა რომ გეხმარება რაღაცეებში”

აღსანიშნავია, რომ პირად ცხოვრებაზე ნანიკო ხაზარაძემ სხვა ინტერვიუებშიც არაერთხელ ისაუბრა. რამდენიმე წლის წინ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ მან გაიხსენა, როგორ გაბედა 30 წლის წინ იმ დროს ძალიან სარისკო ნაბიჯის გადადგმა და პირველ მეუღლესთან მხოლოდ სატელეფონო ურთიერთობის შემდეგ გაემგზავრა:

„30 წლის წინ, ჩემს ქმართან, რომელთანაც მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია მქონდა, გავრისკე, ქალმა ავდექი 8 წლით პატარა ბიჭთან წავედი, ჩავალაგე ჩემოდნები და გავფრინდი. ძალიან დიდი რისკია, როდესაც უცხო ადამიანთან გადადიხარ”

შეგახსენებთ, ნანიკო ხაზარაძეს პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი, ლილუ ნუცუბიძე ჰყავს.

მოგვიანებით მან ოჯახი ლევან მათითაშვილთან შექმნა. მათი ურთიერთობა დაახლოებით 10 წელი გაგრძელდა, რომლის დასრულების შესახებაც ტელეწამყვანმა თავად დაწერა სოციალურ ქსელში:

„მეც შევაჯამებ წელს, წელს კი არა 10 წელს. ძალიან უცნაური ურთიერთობა დასრულდა, თან ზუსტად ისე დასრულდა, როგორც დაიწყო. მხოლოდ ერთი რამ ვიცი ზუსტად – ჩვენი შეხვედრა აუცილებელი იყო. ბევრი ვიბრძოლეთ ამ ურთიერთობისთვის… იყო და არა იყო რა… ლევან, წარმატებას გისურვებ ახალ საქმეში.“

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! ნანის სინდრომი

სრულად წაკითხვა