#OK! ორსულობა სიმსივნესთან ბრძოლის პროცესში – ნუცა შამილაძე საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს

2 hours ago 2

სიმსივნესთან ბრძოლა და დედობის გზა – ორი უმძიმესი და ამავდროულად ყველაზე ძლიერი გამოცდილება ნუცას ცხოვრებაში ერთმანეთს სწორედ იმ პერიოდში გადაეკვეთა, როცა ის ონკოლოგიურ მკურნალობას გადიოდა. შობის ღამეს დაწერილი სურვილის ახდენის შესახებ 19 იანვარს გაიგო – მისი თქმით, იმ დროს, როცა ეს სიახლე შეიტყო ექიმების დიდი ნაწილი ორსულობის გაგრძელებას არ ურჩევდა, რადგან არსებული მდგომარეობა როგორც მის, ისე ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ არაერთ რისკს შეიცავდა.

„ყველა ექიმი მეუბნებოდა, რომ ეს ბავშვი არ უნდა გამეჩინა“, – ამბობს ნუცა და იხსენებს იმ მძიმე ემოციურ მდგომარეობას, როდესაც ფიქრობდა, რომ სიკვდილი ახლოვდებოდა.

სოფო ჯაფარიძის პოდკასტში ,,მედგიდი” ნუცამ აღნიშნა, რომ დიაგნოზისა და მკურნალობის ფონზე ორსულობის შესახებ ინფორმაციის მიღება მისთვის შოკისმომგვრელი იყო. მძიმე ფიზიკურ მდგომარეობას ემატებოდა მუდმივი შიში, გაურკვევლობა და ფიქრი მომავალზე. მიუხედავად რთული პროგნოზებისა და არაერთი გაფრთხილებისა, მან საკუთარი გადაწყვეტილება მიიღო და ორსულობის გაგრძელება არჩია.

როგორც ნუცა პოდკასტში ახსენებს მას სჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება: ,,მე ასე მჯერა და მწამს, რომ ეს ბავშვი მოვიდა იმისთვის, რომ გამოვჯანმრთელდე… მიხვდი რომ ამ ბავშვის დაბადებით ჩემს სულს, გონებას სხეულს უფრო მეტი სარგებელი ექნებოდა ვიდრე ზიანი. მჯერა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, იმისც მჯერა, რომ სიმსივნე აღარ დაბრუნდება და თუ დაბრუნდა ამისთვისაც მზად ვარ, რომ ვიბრძოლო”.

სიმსივნესთან ბრძოლის გზაზე ნუცას არაერთი რთული ეტაპის გავლა მოუწია. OK!-სთან ერთ-ერთ ინტერვიუში მან აღიარა, რომ დიაგნოზის გაგების მომენტმა მისი ცხოვრება ორ ნაწილად გაყო – „მანამდე და შემდეგ“.

„როდესაც სიმსივნე დამიდგინეს, ეს იყო მომენტი, რომელმაც ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად გაყო – მანამდე და შემდეგ. თავიდან შიში, დაბნეულობა და მძიმე ფიქრები იყო, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ დროის დაკარგვა ყველაზე დიდი მტერი იქნებოდა“, – ამბობდა ნუცა.

მისი გზა მოიცავდა ოპერაციას, სხივურ თერაპიას, ხანგრძლივ ჰორმონალურ მკურნალობასა და უამრავ ემოციურ ბრძოლას საკუთარ თავთან. როგორც თავად აღნიშნავდა, სიმსივნესთან ბრძოლა მხოლოდ ფიზიკური პროცესი არ არის – ის ყოველდღიური ბრძოლაა შიშებთან, ფიქრებთან და გაურკვევლობასთან.

„ბრძოლა მრავალფეროვანია – ხან ემოციური, ხან ფიზიკური, ხან კი გონებრივი, როცა საკუთარ შიშებს უნდა გაუმკლავდე; როცა ტირილი გინდა, მაგრამ იმედიც უნდა შეინარჩუნო. ფიზიკური ბრძოლაა, როცა სხეული დაღლილია ოპერაციებითა და თერაპიებით, მაგრამ მაინც უნდა ადგე და დღე გააგრძელო. გონებრივი ბრძოლაა, როცა ფიქრები არ გტოვებს და საკუთარ თავს ებრძვი“, – აცხადებდა ის.

მიუხედავად ყველაფრისა, ნუცამ ყველაზე რთულ პერიოდშიც შეძლო ძალის პოვნა. მისი თქმით, ცხოვრების გაგრძელების მოტივაცია პირველ რიგში ოჯახმა, შვილებმა, მეუღლემ, მშობლებმა და მეგობრებმა მისცეს.

„საბოლოოდ, გამოდის, რომ სიყვარულმა ყველა ამ ადამიანის მიმართ, ასევე საკუთარი თავის მიმართ პატივისცემამ გადამაწყვეტინა, რომ უნდა მებრძოლა“, – ამბობდა ნუცა.

სიმსივნემ მისი ცხოვრების მიმართ დამოკიდებულებაც მნიშვნელოვნად შეცვალა. როგორც თავად აღნიშნავდა, ამ გამოცდილებამ უფრო მეტად შეაყვარა საკუთარი თავი, ასწავლა პატიება, მადლიერება და იმის გაცნობიერება, რომ ცხოვრება ძალიან არაპროგნოზირებადია.

,,ავადმყოფობის შემდეგ პატიება ხშირად ხდება ერთგვარი შინაგანი განკურნების ნაწილიც. ავადმყოფობამ მასწავლა, რომ არ ღირს დროის დაკარგვა ბრაზში, წყენასა ან გაუგებრობაში. სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ გულში მძიმე გრძნობები დავიტოვოთ. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიყოთ მადლიერი, ვიცხოვროთ სიყვარულით და დავაფასოთ ერთმანეთი. მინდა, რომ ჩემი ცხოვრება იყოს სიყვარულის, პატიების და მადლიერების მაგალითი – ჩემთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ჩემ გვერდით არიან.”

სრულად წაკითხვა