#OK! პარტნიორობა, ინოვაცია, ხელმისაწვდომობა – ჩვენ ვქმნით გლობალური განათლების ახალ სტანდარტს

1 day ago 5

რა სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ საერთაშორისო განათლების სივრცეში იყოს კონკურენტუნარიანი? პირველ რიგში, ეს არის ენა და კავშირები, რასაც ემატება ცოდნა და გამოცდილება. როგორც სასწავლო ცენტრ „მერიდიანის“ დამფუძნებელი, ტატა ვეფხვაძე, გვეუბნება, უცხო ენის სწავლება საკმაოდ მრავალფეროვანი ლინგვისტური პროცესია, რომლის დროსაც მოსწავლე იძენს მრავალმხრივ ცოდნას და ეუფლება ცხოვრებისთვის საჭირო უნარებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორი დაგეგმვის, პრიორიტეტების განსაზღვრის, ძლიერი მხარეების ანალიზისა და ინდივიდუალური პროფილის შედგენის გარეშე საერთაშორისო ასპარეზზე ვერაფერს გახდები, სწორედ ამ პროცესების სრულყოფილი მართვისთვის დააფუძნა ეკატერინე ბაკარაძემ კომპანია Skyline Education.

ტატა, მოგვიყევი, როდის და რატომ გაჩნდა სასწავლო ცენტრ „მერიდიანის“ დაფუძნების იდეა? რით გამოირჩევა თქვენი ენათა ცენტრი?

მე გახლავართ „მერიდიანის“ დამფუძნებელი, მრავალი წელი ვსაქმიანობდი სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში, განათლების სამინისტროს მასწავლებლის განვითარების ცენტრსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამასთან, ვარ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ტრენერი და აქტიურად ვთანამშრომლობ საჯარო და კერძო სექტორთან. ენის სწავლების სრულიად განსხვავებული ხედვა უცხოეთში მიღებული გამოცდილების შემდეგ ჩამომიყალიბდა. ინდიანას უნივერსიტეტში ყოფნისას გავიაზრე, რომ ენის სწავლება გლობალური პროცესია და ის არ შემოიფარგლება მხოლოდ ლექსიკური მარაგის გამდიდრებით ან კონკრეტული უნარ-ჩვევის დაუფლებით. თუ ჩვენ ენის ცოდნას გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ, ეს გულისხმობს ლოგიკურ და თანმიმდევრულ აზროვნებას, გამართულ აკადემიურ მეტყველებასა და შემოქმედებითობას. საბოლოოდ, ეს ხომ ის უნარებია, რომლებიც გეხმარება დაეუფლო არა მხოლოდ ენას, არამედ ცხოვრებისთვის საჭირო უნარებს. გრონინგენისა და ლონდონის უნივერსიტეტებში ნარატოლოგიისა და ფსიქოლინგვისტიკის კვლევებში მონაწილეობამ ცხადად დამანახა, თუ რაოდენ დიდი გავლენა აქვს ენისა და მეტყველების სტრატეგიების ფლობას არა მხოლოდ საგანმანათლებლო სივრცეში, არამედ ნებისმიერ გარემოში. სწორად ფორმულირებული აზრები ადამიანის წარმატების საწინდარია ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. ენის სწავლება ძალიან მრავალფეროვანი, ლინგვისტური პროცესია, რომელიც შეიძლება მარტივ, საბაზისო დონეზე დაიყვანო ან, პირიქით, მოსწავლე აზიარო მრავალმხრივ ცოდნას, აღჭურვო საჭირო უნარებით და ეს პროცესი ერთ დიდ თავგადასავლად აქციო. რაც შეეხება თქვენ მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რატომ და როდის წარმოიშვა „მერიდიანის“ შექმნის იდეა, პირველ რიგში, გაჩნდა სურვილი, შემექმნა სივრცე, სადაც ჩემს გამოცდილებას გავუზიარებდი მეტ მოსწავლესა თუ მასწავლებელს; გაიზარდა მოთხოვნა, გადაგვემზადებინა კომპანიის თანამშრომლები; 2022 წელს გავხსენით „მერიდიანის“ ოფისი, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი კურსი და ადგილზე დაესწროს გაკვეთილებს.

ვისთვის არის „მერიდიანის“ ინგლისური ენის პროგრამები და რა სპეციფიკით ხასიათდება?

შეიძლება ითქვას, რომ „მერიდიანმა“ დაიკავა გამორჩეული ნიშა ბაზარზე. დღეს, გლობალიზაციისა და მზარდი კონკურენციის პირობებში, შეუძლებელია მოსწავლეს მხოლოდ ერთი კონკრეტული პროგრამა ან სახელმძღვანელო შესთავაზო. პირველ რიგში, ჩვენ მათ ვთავაზობთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ინგლისური ენის პროგრამებს. „მერიდიანის“ კურსები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებსა და მათ საჭიროებებზეა მორგებული, შესაბამისად, ჩვენი პროგრამებიც მრავალფეროვანია, ზოგადი + პროფესიული ინგლისური. საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის შევქმენით პროფესიული ინგლისურის სატრენინგო პროგრამები, რაზეც დიდია მოთხოვნა კომპანიების მხრიდან. ცენტრი ამზადებს სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს საერთაშორისო და ეროვნული გამოცდებისთვის. განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ „მერიდიანის“ მოსწავლეების სიას არაერთი ემიგრანტი შეემატა. ჩვენ მათ საერთაშორისო სერტიფიკატის მოპოვებასა და ინსტიტუტების შერჩევაში ვეხმარებით. ცენტრი გამოირჩევა სწავლების პროცესისადმი შემოქმედებითი მიდგომით, შესაბამისად, მუდმივად ხდება პროგრამების გამრავალფეროვნება და სწავლების მეთოდების გადახედვა. „მერიდიანში“ დაინერგა უახლესი „PICK UP“ მეთოდი – ეს არის მოსწავლეზე ორიენტირებული ინტერაქციული სწავლება, რომელიც ეფუძნება ენის ბუნებრივი გზით დაუფლების სტრატეგიას. ამ შემთხვევაში აქცენტი კეთდება არა დაზეპირებაზე, არამედ კრიტიკულ აზროვნებასა და გამოცდილების მიღებაზე. ჩვენ არ ვასწავლით ენას მხოლოდ შერჩეული სახელმძღვანელოებით, არამედ ვქმნით გარემოს, სადაც ენის შესწავლა სახალისო და ბუნებრივი პროცესია. მოსწავლეები ჩართული არიან უამრავ აქტივობასა თუ საერთაშორისო პროექტში, კითხულობენ და განიხილავენ ლიტერატურასა და ფილმებს. მოკლედ, ბევრი საინტერესო რამ ხდება ჩვენთან.

„მერიდიანი“ გვთავაზობს პროფესიული ინგლისური ენის სპეციალიზებულ კურსებს. გვითხარით უფრო მეტი ამ მიმართულებაზე. რა შემთხვევაში უნდა ავირჩიოთ?

დაგროვილმა მრავალწლიანმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ ზოგადი ინგლისური ენის სწავლება სრულად ვერ აკმაყოფილებს მოსწავლეთა მოთხოვნებს, განსაკუთრებით კი საქმიანი ადამიანების მოთხოვნებს. პროფესიული საქმიანობისას მათ ხშირად უწევთ მოლაპარაკებების წარმართვა, ანგარიშებისა და კორესპონდენციის წარმოება, კონფერენციებში მონაწილობა – ეს ყოველივე მოითხოვს სასწავლო პროცესის შესაბამისად წარმართვას, რათა მოსწავლემ რაც შეიძლება მოკლე დროში მიაღწიოს მაქსიმალურ შედეგს. გაჩნდა საჭიროება, შეგვექმნა პროფესიული ენის კურსები საჯარო მოხელეებისთვის, იურისტებისთვის, დიპლომატებისა და ბიზნესმენებისთვის. აღსანიშნავია, რომ პროგრამების შექმნას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამ შემთხვევაში შეუძლებელია ასწავლო ტერმინოლოგია უკონტექსტოდ. არ გვაქვს სახელმძღვანელოები, რომლებიც, მაგალითად, საჯარო მოხელეს დაეხმარება დაეუფლოს მისთვის სასურველ აკადემიურ ლექსიკას. ჩვენ მიერ შექმნილი პროგრამების დახმარებით მოსწავლე ეუფლება არა მხოლოდ პროფესიულ ტერმინოლოგიას, არამედ ეცნობა მის სფეროში არსებულ სიახლეებს და ადაპტირებულ თეორიულ მასალას, რაც უცხო ენის შემსწავლელთათვის არის განკუთვნილი. მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი პროფესიული ინგლისური ენის პროგრამები საჭირო და სარგებლის მომტანი აღმოჩნდა როგორც საქმიანი ადამიანებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის, რომლებმაც სწავლა ამ მიმართულებით საზღვარგარეთ გააგრძელეს. 2022 წლიდან დღემდე გადავამზადეთ ასობით თანამშრომელი კერძო და საჯარო სექტორში. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ სასწავლო ცენტრი „მერიდიანი“ ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების პარტნიორია.

„მერიდიანი“ აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდების საერთაშორისო დონეზე ინტეგრაციის პროცესში. რა მომსახურებას სთავაზობთ ამ კუთხით სტუდენტებსა და მოსწავლეებს?

„მერიდიანის“ მოსწავლეები წარმატებით აბარებენ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო გამოცდებს (FC, IELTS, TOEFL,CAE) და სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში განაგრძობენ. საერთაშორისო გამოცდის სერტიფიკატი არის ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი, საერთაშორისოდ აღიარებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აპლიკანტის ენის ცოდნის დონეს, რათა მან განაგრძოს სწავლა მისთვის სასურველ უნივერსიტეტში. ჩვენი მიზანია, სრულად გამოვავლინოთ თითოეული მოსწავლის პოტენციალი და დავეხმაროთ მათ სამომავლო გეგმების განხორციელებაში.

2025 წელს „მერიდიანი“ გახდა აშშ-ისა და ბრიტანეთის სკოლების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. რას ნიშნავს თქვენთვის ეს მიღწევა? რა ახალი შესაძლებლობები გააჩინა ამან?

2025 წელს საგანმანათლებლო ცენტრმა „მერიდიანმა“ მნიშვნელოვნად გააფართოვა მოღვაწეობის არეალი და საერთაშორისო განათლების ასოციაციის ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი მოიპოვა, რითაც გლობალურ საგანმანათლებლო ქსელს შეუერთდა. ასოციაციის წევრობა გვაძლევს შესაძლებლობას, გვქონდეს წვდომა და შეღავათები ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და სკოლებში, შესაბამისად, მოსწავლეებს ვთავაზობთ მომსახურების სრულ პაკეტს, რაც გულისხმობს დახმარებას სასწავლებლის მოძიებასა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში, აპლიკანტს ასევე ვეხმარებით დაფინანსების მოპოვებაში და მასთან ერთად გავდივართ ინსტიტუტში ჩარიცხვის მთელ რიგ პროცედურებს.

ტატა, რა შეგიძლია გვითხრა „მერიდიანისა“ და Skyline Education-ის თანამშრომლობაზე? რამდენად ემთხვევა თქვენი ხედვები?

ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან, Skyline Education-თან, ერთად „მერიდიანი“ არაერთ საინტერესო პროექტშია ჩართული. სულ ცოტა ხნის წინ დავბრუნდით ლონდონიდან, სადაც შევხვდით საგანმანათლებლო ინსტიტუციებს მთელი მსოფლიოდან, გავაფორმეთ მემორანდუმები და ვგეგმავთ თანამშრომლობას ევროპის რამდენიმე სკოლასთან. წელს საზაფხულო ბანაკები გვექნება როგორც ინგლისში, ისე ევროპის სხვადასხვა ქალაქში. გასათვალისწინებელია, რომ საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის მსგავსი აქტივობები პორტფოლიოს შესაქმნელად ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. 20 ივლისს მივემგზავრებით ქვინსვუდში, ინგლისის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში, ლონდონთან ახლოს, სადაც სკოლის მოსწავლეებს ორკვირიანი დაუვიწყარი თავგადასავალი ელოდებათ. „მერიდიანისა“ და Skyline Education-ის ურთიერთობა შეგვიძლია ასე დავასათაუროთ – მეგობრობიდან პარტნიორობამდე.

Skyline Education-ის მთავარ ღირებულებებზე, მიზნებსა და მიღწევებზე გვესაუბრება კომპანიის დამფუძნებელი, პროფესორი და განათლების ექსპერტი, ეკატერინე ბაკარაძე.

Skyline Education ახალბედა კომპანიაა, თუმცა უკვე არაერთ წარმატებას მიაღწია. ეკა, როგორ აისახა კომპანიის ჩამოყალიბებაზე თქვენი მრავალწლიანი გამოცდილება განათლების სფეროში?

Skyline Education-ის შექმნის იდეა ერთ კონკრეტულ მომენტში არ გაჩენილა, ეს წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების შედეგი იყო. ორ ათეულ წელზე მეტია უმაღლესი განათლების სისტემაში ვმუშაობ, როგორც აკადემიური, ასევე ადმინისტრაციული და საექსპერტო მიმართულებით. ამ გზაზე ხუთი წიგნი და ორმოცდაათამდე სამეცნიერო კვლევა დაიწერა. მაქვს დოქტორის ხარისხი ინგლისურ ფილოლოგიაში და ვმუშაობ მეორე სადოქტოროზე სამართლის მიმართულებით. ვხელმძღვანელობ SAT-ის ცენტრს, რაც ამერიკულ და ბევრ ევროპულ უნივერსიტეტში ჩარიცხვის წინაპირობაა, ასევე სამართლებრივი ინგლისური ენის – TOLES-ის საგამოცდო ცენტრს, რომელიც იურისტებისთვის ბევრ საერთაშორისო პროფესიულ პროგრამებში მონაწილეობის აუცილებელი პირობაა. სალექციო თუ კლასგარეშე აქტივობის ფარგლებში სტუდენტებს ვრთავ საერთაშორისო აქტივობებში, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ექსკლუზიური პარტნიორობა მაძლევს შესაძლებლობას, დაინტერესებული პირები ჩავრთო სტრასბურგში ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ ორგანიზებულ პროექტებში, ვუხელმძღვანელო საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლო პროცესებსა თუ სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივებს. ვარ Youth for Human Rights პროგრამის კოორდინატორი და საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი. მემორანდუმის ფარგლებში თითქმის ყოველ ზაფხულს 10 სტუდენტი მონაწილეობს გაეროს ეგიდით ორგანიზებულ ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულში. ფაქტობრივად, ეს არის უკონკურენტო პროექტი, რომელშიც გაეროს სხვა 192 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოდან მხოლოდ ჩვენი შერჩეული წარმომადგენლები მონაწილეობენ. ყოველწლიურად ეს ორგანიზაცია ეხმიანება იმ უფლებას, რომელიც ყველაზე მეტად დაირღვა და მონაწილეები წარადგენენ თავიანთ სიტყვას ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით. ამ ხნის განმავლობაში უამრავ მონდომებულ ახალგაზრდას დავეხმარე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაში, სწორედ ამ გამოცდილებამ გადამაწყვეტინა, უარი მეთქვა ადმინისტრაციულ პოზიციაზე და მთელი ჩემი დრო საყვარელი საქმისთვის მიმეძღვნა.

რა ფილოსოფიაზეა აგებული Skyline Education და რა მისიით ემსახურებით საზოგადოებას?

Skyline Education ჩვეული გაგებით საკონსულტაციო სააგენტო არ არის, არამედ ეს არის რწმენა, რომ სწორი მიმართულებით არჩეული განათლება ცვლის ადამიანებს, ოჯახებსა და ქვეყნის მომავალს. ამ რწმენას ორი ფუნდამენტური პრინციპი უდევს საფუძვლად. ჩვენი მისიაა საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს წარმატების მიღწევაში აკადემიურ და პროფესიულ სივრცეში. ჩვენი ხედვაა – ჩამოვაყალიბოთ საქართველოში მაღალი ნდობისა და აღიარების მქონე წამყვანი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც აკავშირებს ადგილობრივ საზოგადოებას გლობალურ საგანმანათლებლო სტანდარტებთან და ხელს უწყობს კონკურენტუნარიანი, გლობალური აზროვნების მქონე თაობის ზრდას.

რას ნიშნავს და რა ეტაპებს მოიცავს College Counselling?

ეს არის სტრატეგიული პროცესი, რომელიც მოსწავლესა თუ სტუდენტს ეხმარება ინდივიდუალური, წარმატებული აკადემიური გზის აღმოჩენაში. College Counselling რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს მოიცავს. ინდივიდუალური პროფილის შეფასების შემდეგ ვაანალიზებთ სტუდენტის ძლიერ მხარეებს, აკადემიურ მოსწრებას, კარიერულ ხედვასა და ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს, რის შედეგადაც ვქმნით მის პორტფოლიოს. შემდეგ ხდება სპეციალობის, პროგრამისა და ქვეყნის შერჩევა, რა დროსაც ერთად ვიკვლევთ, რომელი სფერო შეესაბამება სტუდენტის ხედვას და სად არის მისთვის სწავლისა და დასაქმების საუკეთესო პერსპექტივა. მესამე ეტაპი მოიცავს სამიზნე უნივერსიტეტების სიის ფორმირებას. აქ ერთმანეთს თავს ვუყრით „საოცნებო“, „რეალურ“ და „სარეზერვო“ ვარიანტებს. შემდეგ ვამზადებთ განაცხადის პაკეტს, რომელშიც კანდიდატი ასაბუთებს, თუ რა გამოარჩევს კონკურენტებს შორის – ეს არის ამ მთლიანი პროცესის ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილი. რაც შეეხება ვიზის, სტიპენდიისა და ადაპტაციის ეტაპს, ეს ბოლო და ყველაზე პრაქტიკული ნაბიჯია. College Counselling-ის მიზანია, რომ სტუდენტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილების წინაშე არ იყოს მარტო – მიიღოს დახმარება გამოცდილი მენტორებისგან პროცესის თითოეულ ეტაპზე. სწორი დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა, ინდივიდუალური პროფილის შექმნა და ადმინისტრაციული პროცესების მართვა წარმატების ერთ-ერთი გარანტია.

თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო კომპანიასთან კონსულტაციის გავლა?

საზღვარგარეთ განათლების მიღება ძვირადღირებული და გრძელვადიანი ინვესტიციაა, რაც სათანადო ანალიზს, გააზრებულ დაგეგმვასა და გამოცდილ კონსულტანტს მოითხოვს. დღეს დამოუკიდებელი ორიენტაცია რამდენიმე არსებით გამოწვევასთანაა დაკავშირებული. ინფორმაციული სივრცე გაჯერებულია მონაცემებით, რომელთა გაფილტვრა და კონკრეტული პროფილისთვის მორგება სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. განაცხადის პროცესი თავისთავად მრავალშრიანია – საბუთების შეგროვება, ენობრივი კომპეტენციებისა თუ სხვა გამოცდების ჩაბარება, ფინანსური მონაცემების სწორად წარდგენა და უნივერსიტეტის განსხვავებული მოთხოვნების დაკმაყოფილება. ერთი გამოტოვებული ვადა ან არასწორად გაფორმებული დოკუმენტი ხშირად მთელი სასწავლო წლის დაკარგვას ნიშნავს. სასტიპენდიო შესაძლებლობების მოპოვება დამატებით სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვს – ვადები, კრიტერიუმები და განაცხადის სპეციფიკა ყველა შემთხვევაში განსხვავებულია. თითოეული უნივერსიტეტი კანდიდატში კონკრეტულ ხედვასა და ისტორიას ეძებს; ამ ისტორიის სწორად ჩამოყალიბება და დამაჯერებლად გადმოცემა კი ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, სწორედ ამიტომ ჩვენ გადაწყვეტილებას სტუდენტის ნაცვლად არ ვიღებთ, არამედ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი საფუძვლითა და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებით იქნეს მიღებული. Skyline Education მსურველებს სთავაზობს აკრედიტებულ და ვერიფიცირებულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლებას ონლაინ და ადგილზე. ჩვენი პრინციპი მარტივი და უკომპრომისოა – რეკომენდაციას ვუწევთ მხოლოდ იმ პროგრამებს, რომლებსაც კარგად ვიცნობთ. ჩვენი პასუხისმგებლობის საზომია – არ გავცეთ ისეთი რეკომენდაცია, რაშიც თავად დარწმუნებული არ ვართ.

ICEF სერტიფიცირება – რას ნიშნავს ეს Skyline Education-ისთვის?

ICEF – საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსულტირების ინდუსტრიის სტანდარტია. ამ ორგანიზაციის სერტიფიცირება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ ხარისხის ნიშნად არის აღიარებული. სააგენტომ უნდა გაიაროს მკაცრი შემოწმება ეთიკის, გამჭვირვალობის, პროფესიული კომპეტენციისა და სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომის კუთხით. საერთაშორისო პარტნიორების შესაბამისი რეკომენდაციები და წარმატებით ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა ასევე შეფასების კრიტერიუმებია. ICEF-ის ეგიდით ორჯერ ვმონაწილეობდი აშშ-ში ამერიკული უნივერსიტეტების გამოფენაზე, შევიძინე სტაბილური და კარგი რეპუტაციის მქონე პარტნიორები. ICEF-ის წევრობამ საშუალება მომცა, გავცნობოდი ონლაინ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც მრავალ ქვეყანაში უკვე წარმატებით დაინერგა. ამ პლატფორმების მეშვეობით, აკრედიტებულ და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროგრამებზე ჩარიცხვა დაახლოებით 70%-იანი ან უფრო მაღალი ფასდაკლებით ხდება შესაძლებელი – ტენდენცია, რომელიც საქართველოშიც სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. გვყავს უკვე ჩარიცხული და სტიპენდიის მქონე მოსწავლეები. ICEF-ის გარდა Skyline Education ევროპული და ამერიკული საგანმანათლებლო დაწესებულებების ექსკლუზიური პარტნიორი და წარმომადგენელია. მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სერტიფიცირება ჩვენს საქმიანობას ორ განზომილებაში განსაზღვრავს: გაზრდილი პასუხისმგებლობა პარტნიორი დაწესებულებების წინაშე და ხარისხის ობიექტური გარანტია სტუდენტებისთვის.

რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ლოს-ანჯელესის კინოსკოლასთან პარტნიორობა? რა შესაძლებლობებს აჩენს ეს ქართველი სტუდენტებისთვის?

Skyline Education-ისა და Los Angeles Film School-ის ოფიციალური პარტნიორობა ქართველ სტუდენტებს პირდაპირ წვდომას აძლევს კინოინდუსტრიის სფეროსთან, როგორც ონლაინ (სწავლების დასაწყისში), ასევე ადგილზე, ჰოლივუდის ინდუსტრიის ეპიცენტრში. სტუდენტებს ვეხმარებით სწორი პორტფოლიოს შექმნასა და მის დამაჯერებლად წარდგენაში. კინოინდუსტრია საკმაოდ სპეციფიკური და პროფესიულ ქსელზე დაფუძნებულია, შესაბამისად, ის, თუ სად და ვისთან ერთად მიიღე განათლება, ხშირად კარიერის მთელ ტრაექტორიას განსაზღვრავს. ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომლებისთვისაც კინოინდუსტრია მოწოდებაა, ეს პარტნიორობა ყველაზე პირდაპირი და საიმედო გზაა წარმატების მისაღწევად.

Skyline Education აქტიურად თანამშრომლობს „მერიდიანთან“, რა არის ამ პარტნიორობის მიზანი?

„მერიდიანის“ დამფუძნებელი, ტატა, ერთ-ერთ კონკურსში მონაწილეობის დროს გავიცანი. მოხდა ისე, რომ ორივე გადავედით ფინალში და დაფინანსდა ჩვენი ვიზიტი ინდიანას უნივერსიტეტში. მას შემდეგ ერთად ვმუშაობდით უნივერსიტეტში სალექციო თუ სხვა საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, გარდა ამისა, ჩვენი შვილები ერთ ბაღში დადიოდნენ და საკმაოდ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ამ კომუნიკაციის დროს გამოიკვეთა ჩვენი საერთო ინტერესები. გვსურდა, საერთო ძალისხმევით დაგვეგეგმა და შეგვეთავაზებინა საზოგადოებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტები. „მერიდიანისა“ და „სქაილაინის“ პირველი ერთობლივი პროექტი დაიწყო უნგრეთში, რასაც მოჰყვა პორტუგალია და ინგლისი. უცხოელი პარტნიორებისთვის კომუნიკაციის პირველ ეტაპზე გაუგებარი იყო ჩვენი პარტნიორობა და აბსოლუტურად ყველა ერთ კითხვას სვამდა, „კონკურენტები არ ხართ?“ ამაზე გვეცინება ხოლმე.

ტექსტი: მარიამ მათიაშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა