საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი მერაბ შარიქაძე მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით 11 წლით დისკვალიფიცირდა. სანქცია უკავშირდება დოპინგ-სინჯების გაყალბების სქემას, რომელიც საერთაშორისო გამოძიების შედეგად გამოვლინდა.
გადაწყვეტილება „ოპერაცია ობსიდიანის“ ფარგლებში ჩატარებულმა ერთობლივმა გამოძიებამ – მსოფლიო რაგბისა და მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) მონაწილეობით – მიიღო. გამოძიება 2023 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნაკრების ნიმუშებში ანომალიები დაფიქსირდა.
გამოძიების თანახმად, გამოვლინდა ორგანიზებული სქემა, რომელიც დოპინგ-ტესტების წინ მოთამაშეების გაფრთხილებასა და შარდის სინჯების შეცვლას უკავშირდებოდა. სულ მცირე ხუთი შემთხვევა დადასტურდა, როდესაც მორაგბეები ნიმუშებს ცვლიდნენ, რათა დადებითი პასუხისთვის თავი აერიდებინათ. მსოფლიო რაგბის შეფასებით, სქემა ძირითადად რეკრეაციული ნარკოტიკების მოხმარების დაფარვას ემსახურებოდა.

ყველაზე მკაცრი სასჯელი სწორედ ბორჯღალოსნების ყოფილ კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს შეეხო. მასთან ერთად დისკვალიფიცირდნენ სხვა ქართველი მორაგბეებიც:
- გიორგი ჭყოიძე – 6 წელი;
- ლაშა ხმალაძე, ოთარ ლაშხი და მირიან მოდებაძე – 3-3 წელი;
- ლაშა ლომიძე – 9 თვე.
საქმეში ფიგურირების გამო საქართველოს ნაკრების ყოფილი ექიმი ნუცა შამათავაც 9 წლით ჩამოაშორეს საქმიანობას.
BBC-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს ეროვნული ტესტირების სააგენტოს წარმომადგენლები მოსალოდნელი შემოწმებების შესახებ წინასწარ ატყობინებდნენ გუნდის ექიმს, რომელიც ინფორმაციას მოთამაშეებს უზიარებდა.
მერაბ შარიქაძე, რომელსაც საქართველოს ნაკრების მაისურით 105 მატჩი აქვს ჩატარებული და სამ მსოფლიო თასზე ითამაშა, ფაქტობრივად რაგბში კარიერას ასრულებს – 11-წლიანი დისკვალიფიკაცია პროფესიონალურ სპორტში დაბრუნების შანსს პრაქტიკულად გამორიცხავს.

აღსანიშნავია, რომ შარიქაძემ დოპინგ-სკანდალზე რამდენიმე თვის წინ, Setanta Sports Georgia-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მაშინ ყოფილი კაპიტანი აცხადებდა, რომ თანაგუნდელის თხოვნით საკუთარი შარდის ნიმუშის გამოყენებას დათანხმდა და იმ მომენტში ვერ აცნობიერებდა, რამდენად მძიმე დარღვევად ჩაითვლებოდა ეს ქმედება. მისივე თქმით, რაგბის კავშირსა და სამწვრთნელო შტაბს აღნიშნულ საქმესთან კავშირი არ ჰქონია.
“ცხოვრებაში დოპინგი არ მიმიღია, ჩილიმიც არ მომიწევია და დოპინგი რანაირად იქნებოდა. როცა მითხრეს, შარდის გაცვლას გედავებიანო, გამაჟრიალა. ჩემი ნიმუში გამოიყენეს სხვა მორაგბეების ნიმუშების მაგივრად… ჩემთვის სანდო ადამიანმა მთხოვა, რომ ჩემი ძმებისთვის ნიმუში ჩამებარებინა და რას ვეტყოდი, შარდს არ ჩავაბარებდი?!” – აღნიშნა მერაბმა.
შარიქაძისთვის სარაგბო კარიერის იძულებითი დასრულება მხოლოდ პროფესიული კრიზისი არ აღმოჩნდა – ეს მისთვის მძიმე პირად ტრაგედიადაც იქცა. როგორც სპორტსმენმა ინტერვიუში გაიხსენა, ოჯახს დისკვალიფიკაციის შესახებ მხოლოდ მაშინ უამბო, როდესაც ფიჯისთან მატჩის წინ ეროვნული ნაკრების შემადგენლობა გამოქვეყნდა.
“ეს ამბავი ყველაზე მტკივნეულად დედაჩემმა მიიღო. დედაჩემის ცუდად გახდომას ჩემს ამბავს ვუკავშირებ… ვამბობდი, რომ უარესებიც ხდება და მთავარია, რომ ყველაფერი კარგად მყავდა. სამწუხაროდ, უარესიც მოხდა. დედაჩემი აღარ არის”.
მისი თქმით ყველაზე მძიმე დედის მიერ დაწერილი წერილი აღმოჩნდა, რომელიც საფულეში იპოვა:
“ღმერთო, გთხოვა, ბუკა დააბრუნე მოედანზე, კაპიტნად”. თვითონ ტკივილს ვერ გაუძლო და მაინც ჩემს კარიერაზე ფიქრობდა ბოლო მომენტამდე”.

შარიქაძე, დისკვალიფიკაციის მიუხედავად, პროფესიონალურ სპორტში ახალი გზით დაბრუნდა – მორაგბემ კარიერა შერეულ ორთაბრძოლებში (MMA) გააგრძელა და სადებიუტო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.
ცოტა ხნის წინ საქართველოში ახალი MMA ორგანიზაცია „რკენა“ დაფუძნდა, რომლის მიზანი ქართველი მებრძოლების აღმოჩენა, მათი განვითარება და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანაა. ორგანიზაციის პირველი ღონისძიება Fight Night 29 ნოემბერს გაიმართა და საღამოს ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სწორედ მერაბ შარიქაძე იყო. ყოფილი ბორჯღალოსანი ოქტაგონზე პირველად წარდგა, თუმცა დებიუტანტის სტატუსმა ხელი არ შეუშალა – შარიქაძემ ბრძოლა დამაჯერებლად მოიგო და MMA-ში წარმატებული სტარტი აიღო.
რაგბიდან ორთაბრძოლებში გადასვლა სპორტსმენისთვის ახალი ეტაპი გახდა. წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების ლიდერი და კაპიტანი ფიზიკური ძალით, გამძლეობითა და საბრძოლო ხასიათით გამოირჩეოდა – თვისებები, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, MMA-საც კარგად მოერგო.
შარიქაძის წარმატებულმა დებიუტმა ქართული სპორტის გულშემატკივრებში დიდი ინტერესი გამოიწვია და არ გამოირიცხება, რომ ყოფილი მორაგბე მომავალში ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ სახედაც იქცეს.


16 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·