#OK! რატომ არის ბუნებრივი გარემო ბავშვისთვის საუკეთესო სენსორული სივრცე?

1 week ago 15

ბავშვის განვითარება სამყაროს შეგრძნებით, გარემოსთან ურთიერთობით და იმ გამოცდილებებით იწყება, რომლებიც მის ნერვულ სისტემას ყოველდღიურად აყალიბებს. ამ დროს ბავშვი თამაშით, მოძრაობით, შეხებითა და გარემოს კვლევით სწავლობს საკუთარი სხეულის, ემოციებისა და გარშემო სამყაროს აღქმას. თანამედროვე რეალობაში კი, სადაც ბავშვების ყოველდღიურობაში დიდი დოზით გაჯეტები და ხმაურია, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბუნებრივი გარემო – მიღებული გამოცდილებები ემოციური რეგულაციის განვითარებაში მუშაობს როგორც „ნერვული სისტემის ბუნებრივი ვარჯიში“. ის ხელს უწყობს ბავშვის ემოციური რეგულაციის განვითარებას მრავალმხრივი სენსორული სტიმულაციისა და მოძრაობაზე დაფუძნებული აქტივობების საშუალებით.

ამ საკითხზე გვესაუბრა მარიამ ლაფერაშვილი, „არგეას“ დამფუძნებელი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი და ქეთევან ჭონიაშვილი – ოკუპაციური თერაპევტი, სენსორული ინტეგრაციის სპეციალიზებული თერაპევტი.

რას ნიშნავს სენსორული ინტეგრაცია და რატომ არის ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბავშვობის ადრეულ ეტაპზე?

სენსორული ინტეგრაცია წარმოადგენს ნეირობიოლოგიურ პროცესს, რომლის დროსაც ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემა იღებს, ამუშავებს და აერთიანებს გარემოდან და სხეულიდან მიღებულ ინფორმაციას, რათა შესაძლებელი გახდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში ეფექტური ფუნქციონირება და საჭირო, მიზანმიმართულ საქმიანობებში ჩართულობა. ეს რთული პროცესია და მოიცავს არა მხოლოდ იმას, რას ვხედავთ, გვესმის, ვეხებით, არამედ სენსორული სისტემების ეფექტური ინტეგრაცია განსაზღვრავს, რამდენად ორგანიზებულად აღვიქვამთ სხეულს და გარემოს, ვრეაგირებთ სხვადასხვა სტიმულზე და რამდენად ადეკვატურად შეგვიძლია საკუთარი ქცევის რეგულაცია სხვადასხვა სიტუაციაში.

ადამიანს 8 სენსორული სისტემა გააჩნია:

  • ტაქტილური სისტემა (იგივე შეხების, შეგრძნების სისტემა), რომელიც თავის ტვინს აძლევს ინფორმაციას კანის რეცეპტორებიდან და უზრუნველყოფს შეხების, სხეულის საზღვრების, ტკივილის და ტემპერატურის აღქმას, და უსაფრთხოებას.
  • ვესტიბულური სისტემა – პასუხისმგებელია მოძრაობაზე, ბალანსზე.
  • პროპრიოცეპტული სისტემა – კუნთებიდან, სახსრებიდან და მყესებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უზრუნველყოფს სხეულის პოზის აღქმას, მოძრაობის ძალის და ინტენსივობის განსაზღვრას, მოტორულ დაგეგმვას.
  • ვიზუალური სისტემა, რომლის მეშვეობით შევიმეცნებთ ფერებს, ფორმებს, სივრცეს.
  • აუდიალური, სმენის სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია ბგერების აღქმაზე, ხმის ინტენსივობის და მიმართულების გარჩევაზე, მონაწილეობს მეტყველების პროცესში.
  • გუსტატორული (გემოს) სისტემა, რომელიც ეხმარება ადამიანს სხვადასხვა გემოს აღქმაში.
  • ოლფაქტორული სისტემა, რომელიც ამუშავებს სუნის შესახებ ინფორმაციას. ეს სისტემა მჭიდროდ უკავშირდება ჩვენს ემოციებსა და მეხსიერებას.
  • ინტეროცეპტული სისტემა – სწორედ ამ სისტემის მეშვეობით მიეწოდება თავის ტვინს ინფორმაცია ისეთი პროცესების შესახებ, როგორიცაა: შიმშილი, დანაყრება, წყურვილი, სხეულის ტემპერატურა, ტკივილი და სხვა.

სენსორული სისტემები განიხილება, როგორც ერთმანეთთან ინტეგრირებულად მოქმედი ერთიანი ძლიერი მექანიზმი.

ბავშვის განვითარების ადრეულ ეტაპზე სენსორული ინტეგრაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება ის ფუნდამენტი, რომელზედაც ვაშენებთ და ვავითარებთ სოციალურ-კომუნიკაციურ უნარებს, ყურადღებას, ემოციურ რეგულაციას, გონებრივ განვითარებას, ახალი უნარების დასწავლას. ადრეულ ასაკში ბავშვი სწორედ სენსორული გამოცდილებებით შეიმეცნებს გარე სამყაროს. სენსორული ინტეგრაცია ეს არის პროცესი, რომელიც ჩვენს ქცევას აძლევს ორგანიზებას და მისი მეშვეობით ვახერხებთ ჩვენი შესაძლებლობების რეალიზებას.

თანამედროვე მიდგომით, სენსორული თერაპია გამოიყენება არა მხოლოდ კონკრეტული დარღვევების, დიაგნოზების ან მდგომარეობების დროს, არამედ ტიპური განვითარების მქონე ბავშვებთანაც. ეს გახლავთ ბავშვის ჰარმონიული განვითარების უნივერსალური მექანიზმი, ფსიქიკური კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ყველა ბავშვი, ტიპური განვითარების შემთხვევაშიც, გადის სენსორული ინტეგრაციის პროცესებს – თამაში, გარემოს კვლევა, სოციალური ურთიერთობები და სხვა. განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, როდესაც ნეიროპლასტიკურობა მაღალია, სენსორული გამოცდილებები პირდაპირ გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციურ ჩამოყალიბებაზე. შესაბამისად, ხარისხიანი, სენსორული გარემო და მიზანმიმართული აქტივობები ხელს უწყობს ბავშვის მოტორულ, კოგნიტურ და ემოციური რეგულაციის უნარების ჩამოყალიბებას.

რატომ ითვლება ბუნებრივი გარემო ბავშვისთვის საუკეთესო სენსორულ სივრცედ?

ბუნებრივ გარემოში ყველა სენსორული სტიმული ბუნებრივად დაბალანსებულია. მაგალითად, როდესაც ბავშვები თამაშობენ ერთად ქვიშაში, ტალახში, დადიან ბუნებაში და აგროვებენ ბუნებრივ მასალებს (ფოთოლი, გირჩი, ხის ტოტები, ქვები…) და ამ პროცესში ხდება უამრავი უნარის განვითარება, თითქმის ყველა სენსორული სისტემის აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, პარალელურად კი კოგნიტური და ემოციური განვითარება – ბავშვი გეგმავს რა „ააშენოს“ – რა მასალები სჭირდება მოსაგროვებლად, ასევე, შესაძლოა უეცრად შეიცვალოს გარემო, მზიანი ამინდი შეცვალოს წვიმიანმა და ბავშვმა შეძლოს ამ ყველაფერთან ემოციური გამკლავება, გეგმების გადაწყობა, თუ როგორ მოახერხოს გარემოს ორგანიზება ისე, რომ ხელი არ შეეშალოს თამაშში. წყვეტს პრობლემას (როგორ გაამაგროს „სახლის კედლები“), ბავშვი ხდება შემოქმედი და თავდაჯერებული, აქვს თვითეფექტურობის განცდა – „ მე ეს შევძელი“, ყალიბდება თავისუფლების და შინაგანი სიმშვიდის შეგრძნება, იყენებს წარმოსახვას – ტოტი შეიძლება იყოს ხიდი, მანქანა, ღობე, ვითარდება სოციალური უნარები – სწავლობს თანამშრომლობას, მოთმენას, დალოდებას, მოლაპარაკებას, კონფლიქტის ეფექტური გზით მოგვარებას და ემპათიურობას. ასევე, აქტიურად ვითარდება მსხვილი და ნატიფი მოტორიკა. რომ შევაჯამოთ, ბუნებრივ გარემოში მიღებული სენსორული გამოცდილება არა მხოლოდ ამშვიდებს ბავშვს, არამედ ასწავლის მას, როგორ მოიყვანოს საკუთარი სხეული და ემოციები ბალანსში.

ეს ყველაფერი კი ზრდასრულობაში ბავშვს დაეხმარება: სტრესის ეფექტურად მართვაში, ემოციურ მდგრადობაში, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, ცვლილებებთან ადაპტაციაში, დასწავლაში, აზროვნების ჩამოყალიბებასა და პრობლემის გადაჭრაში.

თანამედროვე ბავშვებში რამდენად ხშირია სენსორული გადატვირთვა ეკრანებისა და ხმაურიანი გარემოს გამო?

ძალიან ხშირია, განსაკუთრებით იმ გარემოში, სადაც აქტიურად გამოიყენება ეკრანი და არის ხმაურიანი, სწრაფად ცვალებადი სტიმულები. რა ხდება ეკრანის ყურების და ხმაურიან ადგილას – ვიზუალურად სწრაფად იცვლება კადრები, მკვეთრი ფერები, მუდმივად ახალი და ჭარბი ინფორმაციის ნაკადი, ერთდროულად ჭარბი ხმები (ხალხის საუბარი, ტრანსპორტი, რეკლამები, ბავშვების ყვირილი, სახლში ტელევიზორი ჩართული…). ამ ყველაფრის ერთობლიობა ქმნის თავის ტვინისთვის „გადატვირთულ ინფორმაციულ და სენსორულ გარემოს“, ხოლო ნერვულ სისტემას უჭირს სასურველი და არასასურველი სტიმულის გარჩევა. შედეგად, ბავშვებში გვხვდება გაღიზიანება, ემოციური აფეთქება, ყურადღების კონცენტრირების სირთულე და სხვა.

აღნიშნული გამოწვევა დღესდღეობით ძალიან აქტუალურია, რადგან ბავშვებს უწევთ ისეთ გარემოში ყოფნა, სადაც ჭარბად აქვთ ეკრანი, სულ სიჩქარე და ქაოსია და აქვს ნაკლები ბუნებრივი გამოცდილებები.

რა ტიპის ბუნებრივი აქტივობებია განსაკუთრებით სასარგებლო სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის? რას სთავაზობს „არგეა“ ბავშვებს?

ბუნებრივი სენსორული აქტივობები ბავშვებისთვის ასაკის მიხედვით განსხვავდება, რადგან იცვლება მათი ნერვული სისტემის სიმწიფე, მოტორული უნარები და სოციალური ინტერესი. მთავარი პრინციპი არის: მცირე ასაკში მეტი სენსორული გამოცდილება, ასაკის ზრდასთან ერთად – მეტი მიზანმიმართული და ფუნქციური აქტივობები.

  • 0-2 წელი – კვლევის ეტაპია. აქ მთავარი არის სხეულის და გარემოს „შემეცნება“, აქტივობები შეიძლება იყოს: ქვიშასა და წყალში ხელით თამაში, სხვადასხვა ტექსტურის შეხება (ბალახი, რბილი/უხეში მასალა), ხოხვა ბალახზე, რბილ მიწაზე, ბუნებრივი ხმების მოსმენა (ქარი, ფრინველები).
  • 2-5 წელი – (ექსპერიმენტი და წარმოსახვა) – ბავშვი იწყებს თამაშს და სიმბოლურ აზროვნებას. ტალახით, „სამზარეულო“ თამაშით, ქვებით და გირჩებით კონსტრუქციების აშენებას, ხტომას, სირბილს, ბალანსი ხეებზე/ბორცვებზე.
  • 6-9 წელი – აქ შემოდის სტრუქტურა და სოციალური თამაშები. ჯგუფური აქტივობები „ბუნების მშენებლობა“ (ქოხები, ბანაკები), ლაშქრობა, სპორტული აქტივობები ბუნებაში (ბურთი, სირბილი არათანაბარ ზედაპირზე) და ბუნებრივი მასალებით სხვადასხვა ნივთის შექმნა.
  • 10+ წელი – ბავშვი უკვე მზად არის უფრო რთული გამოწვევებისთვის: ლაშქრობა და ბანაკი, მოძრაობა ბუნებრივ გარემოში (ველოსიპედი, სირბილი, ცოცვა).

როგორ შეუძლიათ მშობლებს ყოველდღიურობაში მარტივად ჩართონ სენსორული აქტივობები ბუნებრივ გარემოში?

მშობლებს შეუძლიათ ძალიან მარტივად ჩართონ ბუნებრივი სენსორული აქტივობები ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორც ყოველდღიური რუტინის ნაწილი. პარკებში, სკვერებში გასვლა, სეირნობა, სკვერში არსებული სპორტული ინვენტარის გამოყენება. ფოთლების, გირჩების მოგროვება, ცარცით ხატვა, ტალახით ფიგურების გაკეთება. დაჭერობანა. მიეცით შესაძლებლობა ბავშვებს, თავად იყვნენ პროცესის შემოქმედები, ხოლო მშობლები – მათი აქტიური პარტნიორები თამაშის დროს.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

სრულად წაკითხვა