#OK! რატომ ვერ იკლებ წონას – ჭარბი წონის ფსიქოსომატიკა

3 hours ago 4

„სანამ ბოლომდე არ შეჭამ, მაგიდიდან ვერ ადგები“, „თეფში უნდა მოაპრიალო, თორემ შეუხედავი მეუღლე გეყოლება“, „დროზე თუ არ შეჭამ, თავზე დაგასხამ“ – კიდევ უამრავი ფრაზაა, რომელიც ბავშვობიდან დაილექა და შემდგომში ჩვენი კვებასთან დამოკიდებულება განსაზღვრა. რა კავშირია ფსიქოლოგიურ კონფლიქტსა და ჭარბ წონას შორის, სწორედ ესაა ჩემი ბლოგის თემა.

ჭარბი წონა თანამედროვე სამყაროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია, რომ წონის მატების მიზეზი მხოლოდ გადაჭარბებული კვება არაა. თუ კალორიული დეფიციტი და ფიზიკური აქტივობა საჭირო შედეგს არ გაძლევთ, დროა თქვენი ჭარბი წონის ფსიქოლოგიური მიზეზები გაარკვიოთ.

რა არის ფსიქოსომატიკა? ეს არის მიმართულება ფსიქოლოგიაში, რომელიც ფსიქიკურ მდგომარეობასა და დაავადებებს შორის კავშირს შეისწავლის. როცა ადამიანი განიცდის სტრესს და ემოციებს არ გამოხატავს, ნერვული სისტემა იწყებს სხეულში იმპულსების გადაცემას. თუ სტრესი განგრძობითია, იწყება რეალური დაავადება. სხეული მიგანიშნებთ მოსაგვარებელ ფსიქოლოგიურ კონფლიქტზე. ფსიქოსომატური დაავადება არაა ფანტომური, ესაა რეალური დაავადება, რომლის საწყისიც ფსიქოლოგიური კონფლიქტია.

ჭარბი წონის ფსიქოსომატიკა

ჭარბი წონა გამოუხატავ ემოციებზე სხეულის რეაქციაა. მოუგვარებელ ფსიქოლოგიურ პრობლემებს ადამიანები, როგორც წესი, თრგუნავენ. პრობლემა არსად არ მიდის, ილექება ქვეცნობიერში და სხეული გამოხატავს სხვადასხვა დაავადების სახით. მათ შორისაა ჭარბი წონაც.

ცხიმი როგორც დამცავი ბარიერი – სხეულმა შესაძლოა ცხიმის დაგროვება გარემოსგან დაცვის მიზნით დაიწყოს. ეს შესაძლოა იყოს არასასურველი ყურადღების, კრიტიკის, წყენის ან ფსიქოლოგიური ტრავმის თავიდან აცილების მცდელობა. რაც უფრო დიდია საფრთხის შეგრძნება, მით უფრო დიდი ბარიერია საჭირო და წონაც შესაბამისად იმატებს.

საჭმელი სიყვარულისა და ემოციების სანაცვლოდ – როცა სითბო, სიახლოვე, ბედნიერება არაა საკმარისი, საჭმელი ხდება დადებითი ემოციების საუკეთესო შემცვლელი. ის ყოველთვის იოლად ხელმისაწვდომია, ძალისხმევას არ მოითხოვს და მყისიერი შედეგი აქვს. ეს ყველაზე მოკლე გზაა წონის მატებისთვის.

დაბალი თვითშეფასება და თვითგვემა – არასაკმარისობის განცდა ბლოკავს წონის კლების პროცესს. თუ ქალმა გადაწყვიტა, რომ არ იმსახურებს ბედნიერებას და სილამაზეს, დაბლოკავს ყველა მცდელობას და არანაირი დიეტა არ მოიტანს შედეგს. სიმსუქნე ხდება საკუთარი თავის დასჯა.

ქრონიკული სტრესი და კორტიზოლი – მუდმივი სტრესი სხეულს თვითგადარჩენის რეჟიმში ამყოფებს. მაღალი კორტიზოლი არა მარტო მადას ამძაფრებს, არამედ სხეულს აძლევს სიგნალს, ენერგია დააგროვოს ცხიმის სახით – განსაკუთრებით მუცლის არეში. ეს ბიოლოგიური მექანიზმია, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, როცა წონის დაკლება გვინდა.

გამოუხატავი წყენა და ბრაზი – დათრგუნვილი ბრაზი საწვავია ფსიქოსომატური ჭარბი წონისთვის, განსაკუთრებით იმ ქალებისთვის, რომლებსაც ბავშვობიდან შთააგონეს, რომ ბრაზი არ უნდა გამოხატონ. დაგროვილი ბრაზის პროპორციულად გროვდება წონაც.

სტრესის დროს გადამეტებული კვება – თუ ბავშვობაში გამშვიდებდნენ ტკბილეულით, ეს ზრდასრულობაში გადავა ჩვევაში – თუ ბევრს შევჭამ, ეს დამამაშვიდებს. რაც უფრო მეტი სტრესი გაქვთ, უფრო მაღალია წონის დაგროვების რისკი. ტკბილეული და გემრიელი საკვები სიამოვნების ცენტრს ასტიმულირებს, რის შემდეგაც ადამიანი მართალია ცოტა ხნით, მაგრამ თავს კარგად გრძნობს.

სიმპტომები:

ზედმეტი წონის ფსიქოსომატიკას თავისი ქცევის მარკერები აქვს.

ემოციური ჭარბი წონა – ჭამის სურვილი ჩნდება არა შიმშილის გამო, არამედ ემოციის გამო. ეს ემოცია ყველას შემთხვევაში ინდივიდუალურია. შეგიძლიათ დააკვირდეთ, როცა არ გშიათ და ჭამა გინდებათ, რომელ ემოციას „ჭამთ“.

დაუოკებელი შიმშილის შემოტევა – ეს განსაკუთრებით საღამოს და გვიან ღამით ხდება, როცა თვითკონტროლი აღარ მუშაობს.

კვება როგორც რიტუალი – ბავშვობიდან ჩამოგვიყალიბდა საკვების მიმართ ემოციური დამოკიდებულება. ოჯახური ვახშამი, მეგობრების შეკრება, ქორწილი, წვეულება – სადაც ჭამა დროის სასიამოვნოდ გატარებასთან პირდაპირ კავშირშია.

დანაშაულის შეგრძენება – ან არ ჭამთ და სტრესი გაქვთ შიმშილის გამო, ან როცა ჭამთ, საკმარისი არასოდეს არაა და ისევ სტრესი გაქვთ იმის გამო, რომ ბევრს ჭამთ.

სწრაფი კლება-მატება – თუ კალორიულ დეფიციტს კარგი შედეგი აქვს და დიეტის შეწყვეტისთანავე მალე იმატებთ, ეს ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური კონფლიქტი მოსაგვარებელია.

გაუცნობიერებელი ჭამა – სერიალის ყურებისას დიდი ოდენობით ტკბილეულის ჭამა ნიშანია, რომ ემოციებს და ფიქრებს ეთიშებით.

თუ სიმპტომებიდან ერთი მაინც გეცნოთ, იცოდეთ, სანამ ჭარბი წონის ფსიქოლოგიურ პრობლემას არ მოაგვარებთ, არანაირ დიეტას არ ექნება გრძელვადიანი შედეგი.

ფსიქოლოგიურ პრობლემებსა და ცხიმის დაგროვების ადგილებს შორის მჭიდრო კავშირია.

კისერი – ღრმა დანაშაულის შეგრძნება.

ღაბაბი – საკუთარი აზრის გამოხატვის შიში.

ზურგის ზედა ნაწილი და მხრები – ყველაფრის გაკონტროლების სურვილი.

ზურგი – შეცდომების გამო სირცხვილი.

საჯდომი – სექსუალური დაუკმაყოფილებლობა, ეგოცენტრიზმი, ზედმეტი სიჯიუტე.

ბარძაყები – „არასაჭირო“ დაგროვება: არასასურველი სამსახური, არასაჭირო ურთიერთობები, არასასიამოვნო ემოციები.

მუცელი – არარეალიზებულობა, გაზრდილი შფოთვა, სასიამოვნო შთაბეჭდილებების ნაკლებობა.

ფეხები და ხელები – ინფანტილიზმი, ბავშვობის შიშები და წყენები, შეკუმშული ემოციები და კონფლიქტის თავიდან აცილება.

თუ ახლაც დიეტაზე ხართ და უკვე დაიღალეთ ამდენი აკრძალვით, გირჩევთ დააკვირდეთ და შეცვალოთ კვებითი ჩვევები. მიირთვით ნელა, ჭამის დროს ნუ გამოიყენებთ გაჯეტებს, კონცენტრირდით გემოზე, მიირთვით გაცნობიერებულად. სანამ ჭამას დაიწყებთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: მართლა მშია თუ ემოციური მდგომარების გამო მინდა ჭამა? ყველაფრის აკრძალვას შედეგი არ მოაქვს, მთავარი ზომიერების დაცვაა. მარტო თუ ვერ უმკლავდებით, მიმართეთ სპეციალისტს. გახსოვდეთ, შეუძლებელი არაფერია.

ტექსტი: ქეთო ლომსაძე

ფოტო: ნია ტაგანაშვილი

სრულად წაკითხვა