ტექნოლოგიებმა უკვე დიდი ხანია შეცვალა ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა ბოლო წლებში ამ ცვლილებამ სრულიად ახალი მასშტაბი მიიღო, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის განვითარების შემდეგ. თუ ადრე ტექნოლოგიები ძირითადად პროცესების გამარტივებას ემსახურებოდა, დღეს ისინი თავად ქმნიან და აანალიზებენ. ამის შედეგად, მნიშვნელოვნად შეიცვალა შრომის ბაზარი, გაჩნდა ახალი პროფესიები და მოთხოვნადი გახდა თანამედროვე უნარები. სწორედ ამ საჭიროებებზე პასუხია „რე:სქული“ – ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისა და მოზარდების ტექნოლოგიური უნარებით გაძლიერებას. ინტერვიუში „რე:სქულის“ თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, სალომე მგელაძე გვიყვება, თუ როგორ იქცა „რე:სქული“ იდეიდან ძლიერ პლატფორმად და როგორ აგრძელებს ახალი თაობის მხარდაჭერას როგორც ტექნოლოგიური, ისე სოციალური მიმართულებით.
რა იყო „რე:სქულის“ შექმნის მთავარი მიზანი?
სალომე მგელაძე: „რე:სქულის“ შექმნის მიზანი იყო ტექნოლოგიების მომხმარებლები მათ შემქმნელებლად გვექცია, მთავარი მისია – შეგვემცირებინა ქვეყნიდან ტვინების გადინება და უმუშევრობა. ტექნოლოგიური პროფესიები იძლევა იმის საშუალებას, რომ არ დატოვო შენი ქვეყანა და ისე ემსახურო ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს, გქონდეს მაღალი ანაზღაურება და თან არ გადაიხადო მათი გადასახადი. 2022 წლიდან ჩვენთან რამდენიმე ათასი ახალგაზრდისა და მოზარდის გადამზადება მოხდა ტექნოლოგიურ პროფესიებში; ბევრი მათგანი დასაქმდა ჩვენს ორგანიზაციაში, ბევრიც პარტნიორ კომპანიებში. როგორც მოგეხსენებათ, „რე:სქული“ ფუნქციონირებს re:invent-ის ვენჩურული სტუდიის ქოლგის ქვეშ, რომელიც 60-მდე სტარტაპს აერთიანებს, ამიტომ ჩვენ გვჭირდებოდა ასეთი კადრები. თავდაპირველად დავიწყეთ თბილისში, შემდეგ გავხსენით ფილიალები ქუთაისში, ბათუმსა და კასპში.

რა გამოარჩევს „რე:სქულს“ სხვა ტექნოლოგიური სკოლებისგან?
„რე:სქულს“ გამოარჩევს რამდენიმე ფაქტორი: პირველი: ჩვენ გვაქვს re:invent-ის ინფრასტრუქტურა, რომელიც 60 სტარტაპსა და სამუშაო ადგილს მოიცავს; მეორე: ჩვენი მენტორები ჩვენი გუნდის წევრები არიან, წარმატებული პროფესიონალები და ტექგენიოსები. მესამე და მთავარი: „რე:სქული“ იყო პირველი სკოლა ჰოლისტური მიდგომით: ტექნოლოგიურ პროფესიებთან ერთად დავნერგეთ 20 ბიზნესმოდული. ყველა ტექნოლოგიური პროფესიის არჩევას ეს ბიზნესმოდულები თან მოჰყვებოდა, რომელიც აერთიანებდა ინვესტიციების მოზიდვიდან დაწყებული, ფიჩინგით დამთავრებული. ეს მოდულები აერთიანებს ყველა იმ უნარსა და ტექნოლოგიურ ცოდნას, რაც საჭიროა ბიზნესის დაწყებისა და სწორი გუნდის შექმნისთვის.
ჩვენ ისეთი კონცეფცია შევქმენით, რომ სკოლის ასაკშივე შეიძლება გქონდეს საკუთარი სტარტაპი, მართავდე მას და გქონდეს შემოსავალი. როდესაც 15 წლის ასაკში იწყებ სტარტაპის კეთებას, 30 წლამდე ძალიან დიდი გამოცდილება გიგროვდება, ისეთი ბექგრაუნდი გაქვს, რომ ამ ასაკში წარმატებული იქნები.
ასზე მეტი ტუტორი გვყავს – „რე:სქულის“ ყოფილი კურსდამთავრებულები ასწავლიან ახალ რე:სქულელებს.
გარდა ამისა, დავნერგეთ მიდგომა, სადაც განათლების ფსიქოლოგები მენტორებთან ერთად წარმართავენ სასწავლო პროცესს, მუშაობენ მოტივაციაზე და ეხმარებიან მოზარდებს სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვაში. ასევე, გვაქვს ზაფხულისა და ზამთრის ბანაკები – ერთად კარგად ერთობიან და პარალელურად იღებენ ტექნოლოგიურ ცოდნას.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მუდამ გვიდევს პულსზე ხელი, მუდმივად ვაკვირდებით ტექნოლოგიურ ცვლილებებს და სწრაფად ვნერგავთ. AI-მ შეცვალა და თავდაყირა დააყენა სამყარო. რაც თავის დროზე ბორბალი იყო, ახლა ხელოვნური ინტელექტია. ადრე თუ 50 თანამშრომელი გჭირდებოდა რაღაცის გასაკეთებლად, ახლა ერთი ადამიანი და ხელოვნური ინტელექტია საკმარისი. ის, ვინც მართავს AI-ის ეფექტურად, დღეს ყველაზე წარმატებულია. „რე:სქულში“ ვასწავლით მოზარდებს, როგორ შექმნან AI აგენტები, როგორ გამოიყენონ მაქსიმალურად სწორად ხელოვნური ინტელექტი, რათა არ ჩამორჩნენ დროს.
რას თვლით „რე:სქულის“ მთავარ მიღწევად?
გარდა იმისა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გადავამზადეთ, „რე:სქულმა“ თავისი როლი ითამაშა ცნობიერების ამაღლების კუთხით. განსაკუთრებით, ჩვენი თანადამფუძნებლის, პავლე მგელაძის დახმარებით, რომელიც ამერიკიდან დაბრუნდა მისიით, რომ ამ ქვეყანაში ტექნოლოგიური ცოდნა და მოთხოვნა აემაღლებინა. მის ვიდეოებს წარმოუდგენლად ბევრი ნახვა აქვს, ბევრი მოზარდი და ახალგაზრდა დაინტერესდა ტექნოლოგიებით. ჩვენი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ჩვენ ახალგაზრდებს დავანახეთ, თუ რამდენი შესაძლებლობაა დღეს ტექნოლოგიებში. ჯერ უნდა დაინახო, აღმოაჩინო და მერე უნდა დაინტერესდე.
„რე:სქული“ მოზარდებსა და ახალგაზრდებს აძლევს ზუსტად იმ უნარებს, რაც დღეს არის დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი, დაწყებული კომუნიკაციის, პრეზენტაციის უნარებით და დასრულებული ინვესტორთან შენი სტარტაპის იდეის წარდგენითა და ფიჩინგით.
ჩვენთვის ცნობილია, რომ დიდ ყურადღებას აქცევთ კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას.
„რე:სქულის“ მიზანი თავიდანვე იყო ახალგაზრდების თანამედროვე ტექნოლოგიური ცოდნით აღჭურვა და მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება. სწორედ ამ მიმართულებით ბევრი პროექტი განვახორციელეთ – ჩვენ ვიყავით პირველი კომპანია, რომელმაც გალში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალგაზრდები გადაამზადა.
ასევე, უნიკალური და უპრეცედენტო პროექტი იყო, როდესაც შევედით პენიტენციურ დაწესებულებაში, რუსთავის მე-5 ქალთა საპყრობილეში და მსჯავრდებულებს ვასწავლეთ UI/UX დიზაინი. შემდგომ კი მათ, ვინც დატოვა საპატიმრო დაწესებულება, დავეხმარეთ დასაქმებაში. ეს ყველაფერი ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესთან“ თანამშრომლობით განვახორციელეთ. ამის შემდეგ შევედით არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებაში და „კავკასუს ონლაინის“ დახმარებით არასრულწოლოვან მსჯავრდებულებს ვასწავლეთ ვებდეველოპმენტი. მახსოვს, როცა მე და პავლემ დავიწყეთ ტექნოლოგიებზე საუბარი, თავიდან არ გვისმენდნენ, მაგრამ ჩვენ მაინც გავაგრძელეთ, შეხვედრის დასასრულს კი უკვე ყველამ გამოხატა სწავლების სურვილი.
ამას გარდა, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის განვახორციელეთ არაერთი საინტერესო პროექტი. ახლა „გალფთან“ პარტნიორობით 25 სოციალურად დაუცველს ვასწავლით ხელოვნურ ინტელექტს, ასევე 25 გურულ მოზარდს უფასოდ ვასწავლით ვებ დეველოპმენტს, ვგეგმავთ სხვა რეგიონებში ამ პროექტის გაგრძელებას.
ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი მოზარდის ცხოვრება შევცვალოთ სასიკეთოდ.
გარდა ტექნოლოგიური კურსებისა, თქვენ ასევე გაქვთ კრეატიული კურსიც…
„Idea 101“ ჩვენი საპილოტე და საექსპერიმენტო კურსია. ძალიან საინტერესო გუნდი შევკრიბეთ და პირველად დავამატეთ კრეატიული ინდუსტრიის კომპონენტი მათთვის, ვინც მუშაობს ბრენდინგისა და მარკეტინგის მიმართულებით ან აღნიშნული და მომიჯნავე სფეროები აინტერესებს და ვისაც სურს საკუთარ თავში აღმოაჩინოს შემოქმედებითობა – უნარი, რომელიც ყველა ადამიანს აქვს, საჭიროა მისი აღმოჩენა, გაღვივება და შემდგომი განვითარება.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი

1 week ago
18







English (US) ·
Georgian (GE) ·